თეგებით ძიება

2024 წელს, უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება 12.4 პროცენტით მეტმა სტუდენტმა დაამთავრა - საქსტატი

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოში 63 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება ფუნქციონირებდა, აქედან 19 სახელმწიფო და 44 კერძო. უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებების 64 პროცენტი ქალაქ თბილისშია.

საქსტატის ცნობით, 2024/2025 სასწავლო წლის დასაწყისისთვის საქართველოს უმაღლესმა საგანმანათლებლო დაწესებულებებმა მიიღეს 54.2 ათასი სტუდენტი, აქედან სახელმწიფო უნივერსიტეტებში – 30.5 ათასი, ხოლო კერძო უნივერსიტეტებში – 23.7 ათასი. სტუდენტთა მიღება წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით შემცირდა 0.2 პროცენტით.

უწყების ანგარიშით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სტუდენტთა რიცხოვნობამ 187.8 ათასი შეადგინა, რაც წინა სასწავლო წელთან შედარებით 5.6 პროცენტით მეტია. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლობს სტუდენტთა საერთო რიცხოვნობის 57.7 პროცენტი, ხოლო კერძოში – 42.3 პროცენტი. სტუდენტთა საერთო რიცხოვნობიდან 52.8 პროცენტი ქალია, ხოლო 47.2 პროცენტი – კაცი.

2024 წელს უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება დაამთავრა 29.6 ათასმა სტუდენტმა, რაც წინა წელთან შედარებით 12.4 პროცენტით მეტია. კურსდამთავრებულებიდან 60.2 პროცენტი არის ქალი, ხოლო 39.8 პროცენტი – კაცი. სახელმწიფო უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში კურსდამთავრებულთა რიცხოვნობა 28.0 პროცენტით აღემატება კერძო უნივერსიტეტების კურსდამთავრებულების რიცხოვნობას.

საქსტატის ინფორმაციით, საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში უცხოელ სტუდენტთა რიცხოვნობამ 37.1 ათასი შეადგინა, რაც 20.9 პროცენტით მეტია წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულია 11.5 ათასი პროფესორ-მასწავლებელი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 2.0 პროცენტით მეტია.

2024 წელს, უნივერსიტეტებში მიიღეს 700 დოქტორანტი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 24.7 პროცენტით ნაკლებია. ამასთან, დოქტორანტების რიცხოვნობა 15.3 პროცენტითაა შემცირებული და 3 023-ს შეადგენს. წინა წელთან შედარებით კურსდამთავრებული დოქტორანტების რიცხოვნობა 15.9 პროცენტით შემცირდა და 438 პირი შეადგინა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა