თუ თოვლი ნელა დადნა, ჩამონადენი თანაბრად განაწილდა, ზედაპირული ეროზიული მოვლენები და ნაპირების გამორეცხვა არ მოხდა, ღვარცოფული მოვლენები ნაკლებად მოსალოდნელია - ზურაბ გვიშიანი
გარემოს ეროვნული სააგენტოს ჰიდრომეტეოროლოგიის დეპარტამენტი 3 მარტიდან დასავლეთ საქართველოში კვლავ ამინდის გაუარესებას პროგნოზირებს, ეკოლოგები კი ვარაუდობენ, რომ შემდეგ კვირებში თოვლის დნობას შეიძლება წყალმოვარდნები, ღვარცოფები და მეწყრები მოჰყვეს. გავრცელებული ინფორმაციით, მუნიციპალიტეტები მოსალოდნელი ხიფათის შესახებ ინფორმირებულია. რა კანონზომიერებას ექვემდებარება ბუნებრივი კატასტროფების განვითარება, რატომ ამძიმებს მდგომარეობას ის, რომ ასეთი მოვლენები წლების მანძილზე არ გვქონია და რას უნდა ველოდოთ უახლოეს დღეებში?- ამ და სხვა თემებზე TIA.GE-ს საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორი და სამშენებლო ფაკულტეტის დეკანი ზურაბ გვიშიანი ესაუბრა:
- ბუნებრივი კატასტროფული მოვლენების განვითარება გარკვეულ კანონზომიერებას ექვემდებარება. მათი მოსალოდნელი გააქტიურების განსაზღვრისას დარგში მომუშავე მეცნიერები მათემატიკური სტატისტიკისა და ალბათობის თეორიის მეთოდებს იყენებენ, მაგრამ პროგნოზის საიმედოობა დამოკიდებულია გარემოს სტაბილურ მდგომარეობაზე. თუ თოვლის დნობა ტემპერატურის მკვეთრი მატების ფონზე დაიწყება, ზედაპირული პროცესები გააქტიურდება და წყალდიდობასთან ერთად შესაძლებელია, ღვარცოფული მოვლენების განვითარებაც. მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ კატასტროფული ხასიათის პროცესები (რაჭაში განვითარებულ ტრაგედიამდე) დიდი ხანია არ გვქონია.
_ ბრძანეთ, რომ მდგომარეობას ისიც ამძიმებს, რომ ასეთი მძიმე გამოვლინების მქონე პროცესები ათწლეულების მანძილზე არ გვქონია. იქნებ აგვიხსნათ რას გულისხმობთ?
_ რაც უფრო დიდი დრო გადის, მიმდინარე გეოლოგიური და ბუნებრივი პროცესების შედეგად, მით უფრო დიდი რაოდენობის მყარი მასალა გროვდება წყალსადინარებში და ღვარცოფების ზემოქმედება უფრო დამანგრეველი ხდება. დურუჯი და არაგვი ცნობილი ღვარცოფული მდინარეებია. ამ მდინარეებსა და მათ შენაკადებზე უკვე ნახევარ საუკუნეზე მეტია რაც აკუმულირებული ნატანი დიდი რაოდენობით არ გამოტანილა. ვერ ვიტყვით, რომ ეს დამანგრეველი მოვლენების რაღაც ციკლურობით არის განპირობებული, მაგრამ აქტივატორი შეიძლება იყოს ყოველი გაზაფხული, როდესაც ქანების ტემპერატურა მკვეთრად იმატებს და თოვლის ინტენსიური დნობა იწყება.
_ თოვლი იშვიათად მოდის, მაგრამ მეწყრული პროცესებისგან არც დედაქალაქია დაცული.
_ მდინარე ვერეზე წყალდიდობამ 19 ადამიანი იმსხვერპლა, მაგრამ დღეს თუ ვერეს ხეობაში გაივლით, ნახავთ, რომ ტრაგედიის ადგილი ისევ დასახლებულია. კალაპოტში დამცავი ნაგებობაა ჩადგმული, დრო გვიჩვენებს ის რამდენად ეფექტური იქნება. ვფიქრობ, პოტენციური კერების ადგილებში მოსახლეობა არ უნდა იყოს. როცა თბილისში მეწყრული პროცესების განვითარებაზე ვსაუბრობთ, უნდა აღვნიშნოთ, რომ ადრე თბილისის გარშემო ყველა ფერდობზე ტყე და მცენარეული საფარი იყო. ზოგან ფიჭვნარი, ზოგან ნუშის ხეები და სხვა. გასული საუკუნის ბოლო ათწლეულში დედაქალაქის განაშენიანებამ უკონტროლო ხასიათი მიიღო და ნარგავები გაიჩეხა. „ბეტონში შემოსილ“ ქალაქში ეკოლოგიურმა პრობლემებმა იჩინა თავი.
_ რა უნდა გავაკეთოთ, რომ რისკები შევამციროთ და არასასურველი მოვლენები თავიდან ავიცილოთ?
_ როცა კლიმატის გლობალურ ცვლილებაზე ვსაუბრობთ, უნდა ვიცოდეთ, რომ ზემოქმედების შესარბილებლად ერთი ქვეყნის ძალისხმევა საკმარისი არ არის. კოვიდპანდემიამ ნათლად ცხადყო რომ, გლობალური მასშტაბით საწარმოო პროცესების შეჩერებამ და გამონაბოლქვის შემცირებამ ეკოსისტემის გაჯანსაღების პროცესი ჩართო. ატმოსფეროს თვითრეგენირების პროცესი დაიწყო, ადრე მიტოვებულ ადგილებს ცხოველები და ფრინველები დაუბრუნდნენ. რაც იმაზე მეტყვლებს, რომ ადამიანს შეუძლია დადებითი ზემოქმედება ლოკალურ გარემოზე ხელოვნურად შექმნილი სივრცეებით. მაგალითად: ქარსაცავი ზოლების აღდგენით და მდინარეთა რეგულირების ხარჯზე ახალი წყალსატევების შექმნით. ასეთი მწვანე ზონების არსებობა მიკროკლიმატს ცვლის და იწვევს ფლორისა და ფაუნის აღდგენას. ასეთი ღონისძიებების მასიურად გატარება გარემოზე უარყოფით ზემოქმედებას შეამცირებს, მაგრამ მთლიანად აღმოფხვრა რთულია. ძალიან მნიშვნელოვანია წყლის რაციონალურად გამოყენება, სარწყავი, წყალმომარაგებისა და წყლის გამწმენდი სისტემების ინოვაციუირ ტექნოლოგიებზე გადაყვანა. თანამედროვეობაში გარდაბნის გამწმენდი ნაგებობის გარდა, უკვე 12 ნაგებობაა რეგიონების მიხედვით და ახლების მშენებლობა გრძელდება, რომელთა სრული ციკლით ამოქმედება ხელს შეუწყობს გარემოს ეკოლოგიურ გაჯანსაღებას.
_ გურიაში განვითარებულმა მოვლენებმა დაგვანახა, რომ ადამიანებს საგანგებო სიტუაციებში მოქმედება უჭირთ და ამ მიმართულებით საგანგებო მომზადება სჭირდებათ.
_ მართალი ბრძანდებით. აუცილებელია, რომ ეს საკითხები საგანმანათებლო პროცესში იყოს ჩართული და ადამიანები თავიდანვე მომზადებულები იყვნენ. ინფორმაციის მიწოდება ადაპტირებული სახით საბავშვო ბაღიდან უნდა იწყებოდეს. სკოლაში კი უნდა ვასწავლოთ როგორ შეიძლება ადამიანმა დადებითი ზემოქმედება მოახდინოს გარემოზე და თავი დაიცვას საგანგებო სიტუაციების დროს. აღსანიშნავია რომ, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის სამშენებლო ფაკულტეტზე მოქმედებს სადოქტორო პროგრამა სამხედრო ინჟინერია და მის ერთ-ერთ განხრას სამოქალაქო თავდაცვა წარმოადგენს. ასე, რომ ქვეყანაში სპეციალური სამსახურებისა და სათანადო ცოდნით აღჭურვილი ადამიანების რაოდენობა და მათი მომზადების ხარისხი იზრდება. ყოველივე ზემოთქმულს, სტიქიის ზონაში, ჩვენი ქვეყნის საგანგებო სიტუაციათა სამსახურის მოქმედება ადასტურებს.
- გმადლობთ.
დასავლეთ საქართველოში დიდთოვლობის სალიკვიდაციო სამუშაოები გრძელდება. მეორე დღეა, სალიკვიდაციო სამუშაოებში ჩართულია ვერტმფრენი. სოფლების ძირითად ნაწილში ბუნებრივი აირისა და ელექტროენერგიის მიწოდება აღდგა. ამ დროისთვის კომუნალური სერვისების გარეშე 2 000-მდე აბონენტია დარჩენილი. აღდგენითი სამუშაოები გრძელდება.