ინფორმაციის მიღება ქართულ ენაზე სავალდებულოა - კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ GLOVO-ს მიერ კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა
საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ GLOVO-ს მიერ "მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის დარღვევის ფაქტი დაადგინა.
აღნიშნული გადაწყვეტილებით GCCA-მ იმსჯელა ქართულ ენაზე მომსახურების მიწოდების სტანდარტზე. მომხმარებელს უფლება აქვს, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, მომსახურების ნებისმიერ ეტაპზე, მოითხოვოს და მიიღოს ინფორმაცია სახელმწიფო ენაზე, ხოლო სახელმწიფო ენის არცოდნა არ შეიძლება მომსახურების გაწევაზე უარის თქმის მოტივი იყოს.
GCCA-ის მომხმარებლის უფლებების დაცვის დეპარტამენტის უფროსის მოადგილის, ამათი ამაროვი „კომერსანტთან“ ამბობს, რომ GCCA-მ საქმის შესწავლა მიმართვის საფუძველზე დაიწყო.
მოქალაქე ჩიოდა, რომ კურიერი ქართულ ენას ვერ ფლობდა, რის გამოც მან შეკვეთა ვერ მიიღო. საკურიერო კომპანიას ხარვეზის აღმოსაფხვრელად 1-თვიანი ვადა მიეცა.
,,2024 წლის ბოლოს, კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტომ ერთ-ერთი მომხმარებლის განცხადება მიიღო, რომელიც ამბობდა, რომ „გლოვოს“ სერვისით შეკვეთა გააკეთა, მაგრამ იმის გამო, რომ კურიერი არაქართულენოვანი იყო, კომუნიკაცია ვერ შედგა.
მომხმარებელმა შეკვეთა ვერ მიიღო და კომპანიის თანხის დაბრუნების მოთხოვნით მიმართა, რომელიც არ დაკმაყოფილდა, სანამ GCCA-ს არ მიმართა და ჩვენ მისი მოთხოვნა არ დავაკმაყოფილეთ.
ნებისმიერ ეტაპზე, იქნება ეს წინარე ეტაპი თუ უშუალოდ, შეკვეთის მიღების დროს, ქართულ ენაზე მომსახურება აუცილებელია.
შესაბამისად, აღნიშნული მიმართვისას ჩვენ დავადგინეთ, უსამართლო კომერციული საქმიანობა, რაც უნდა აღმოიფხვრას.
კომპანია „გლოვოს“ 1-თვიანი ვადა განესაზღვრა, რა ვადაშიც ხარვეზი უნდა აღმოფხვრილიყო. ონლაინფორმატში ჩვენ შევხვდით GLOVO -ს ესპანურ წარმომადგენლობას. საქმე დასრულებული ჯერჯერობით არ არის, თუმცა დღეის მდგომარეობით, აპლიკაციაში ჩაშენებულია სპეციალური ფუნქცია, რომლის მიხედვითაც, როცა კურიერმა ქართული ენა არ იცის, მომხმარებელი უკავშირდება კომპანიის წარმომადგენლობას და ამ პროცესში კომპანიის წარმომადგენელი შუამავალი რგოლი ხდება. ის ხედავს, სად იმყოფება კურიერი, მომხმარებელი, კომუნიკაციაში ეხმარება და საქმე მარტივდება. როგორც კი დავინახავთ, რომ GLOVO-მ ხარვეზები აღმოფხვრა და მომხმარებლებს ქართულ ენაზე მომსახურების სრულფასოვნად მიღება შეუძლიათ, ვალდებულება შესრულებულად ჩაითვლება და ამით აღნიშნული „ქეისი“ დასრულდება.
ეს პრეცედენტული გადაწყვეტილებაა. ჩვენ არაერთი განცხადება მივიღეთ, რომელიც ზოგადად, ქართულ ენაზე მომსახურების არასრულფასოვნად მიღებას ან ვერ მიღებას შეეხებოდა.
„მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მიხედვით სანამ ნივთს ან მომსახურებას შევიძენთ, სრული ინფორმაცია ქართულ ენაზე უნდა მივიღოთ. მომხმარებელს დამაზუსტებელი კითხვების დასმა სტანდარტულ პირობებთან დაკავშირებით არ უნდა სჭირდებოდეს, ინფორმაცია უნდა იყოს სრული და ამომწურავი”,- აღნიშნა ამათი ამაროვმა „კომერსანტის“ ეთერში.