"სარფის" საბაჟოზე 62 ათას ლარამდე ღირებულების მედიკამენტების უკანონო შემოტანის ფაქტი აღიკვეთა - შემოსავლების სამსახური
"სარფის“ საბაჟო გამშვებ პუნქტში დიდი ოდენობით არადეკლარირებული მედიკამენტების შემოტანის მცდელობის ფაქტი აღიკვეთა.
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის ინფორმაციით, თურქეთის რესპუბლიკის მხრიდან, შემოსული უცხო ქვეყნის მოქალაქის მართვის ქვეშ არსებული სატვირთო ავტომობილის, ეჭვის საფუძველზე დათვალიერების შედეგად, სხვადასხვა დასახელების 1 755 ცალი მედიკამენტი აღმოაჩინეს. სამართალდამრღვევ მოქალაქეს ორ შეკვრად დაფასოებული საქონელი მალულად ჰქონდა განთავსებული ავტომობილის სალონში.
არადეკლარირებული მედიკამენტების საერთო საბაჟო ღირებულებამ 61 890 ლარი შეადგინა.
საქმის მასალები, შემდგომი რეაგირების მიზნით, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურს გადაეცა.