გვინდა, რომ საერთაშორისო ტენდერები გამოვაცხადოთ - კალაძე მეტროსადგურების რეაბილიტაციაზე
დედაქალაქში არსებული მეტროსადგურების რეაბილიტაციისთვის, გვინდა რომ საერთაშორისო ტენდერები გამოვაცხადოთ - ამის შესახებ თბილისის მერმა, კახი კალაძემ მედიასთან განაცხადა.
მერის განმარტებით, ადგილობრივ კომპანიებს მსგავსი ტიპის სამუშაოების საწარმოებლად, შესაბამისი გამოცდილება არ აქვთ, ამრიგად მერია იძულებულია, რომ საერთაშორისო ტენდერები გამოაცხადოს.
როგორც კალაძემ აღნიშნა, აქტიური თანამშრომლობა მიმდინარეობს საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებთან და რამდენიმე მეტროსადგურის რეაბილიტაციის პროექტი უახლოეს მომავალში იქნება წარმოდგენილი.
„ყოველთვის ვცდილობ, ღიად ვისაუბრო წარმატებულ პროექტებზე და იმ გამოწვევებზე, პრობლემებზე, რომლებიც გვაქვს. მეტროსადგურ „ვარკეთილთან“ დაკავშირებით გუშინ ამომწურავად მქონდა ინფორმაცია, რომელიც საზოგადოებას მივაწოდე. რაც შეეხება „გურამიშვილს“ და სხვა მეტროსადგურებს, რომლებიც ცუდ მდგომარეობაშია და განახლებას საჭიროებენ, იცით, რომ ვმუშაობთ საერთაშორისო ორგანიზაციებთან და უახლოეს მომავალში წარმოვადგენთ კონკრეტულ პროექტებს. უნდა აღინიშნოს, რომ ჩვენ ვხელმძღვანელობთ იმ პროტოკოლით, რომელიც ამ კონკრეტულ საერთაშორისო საფინანსო ორგანიზაციებს გააჩნიათ და გარკვეულ დროს საჭიროებს. ამაზე ბევრჯერ მისაუბრია. მთავარი მიზეზი არის ის, რომ სამწუხაროდ, ჩვენ, ქვეყნის შიგნით არ გვყავს არც შესაბამისი ექსპერტები და არც კომპანიები, რომლებიც მეტროსადგურების რეაბილიტაციის სამუშაოებს ჩაატარებენ.
ამიტომ, გვინდა, რომ საერთაშორისო ტენდერები გამოცხადდეს, რათა უცხოურმა კომპანიებმა მიიღონ პროცესში მონაწილეობა - ისეთებმა, რომელთაც დიდი გამოცდილება აქვთ, ვისაც უწარმოებია მსგავსი ტიპის სამუშაოები“, - განაცხადა კახა კალაძემ.
მისივე თქმით, მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პროექტს ბელორუსული კომპანია დაასრულებს, რომელსაც ამ მიმართულებით, დიდი გამოცდილება გააჩნია.
„მეტროსადგურ „ვარკეთილის“ რეაბილიტაციის პროექტზე მოგვიწია, ბელორუსიიდან ექსპერტების აყვანა და შესაბამისი კომპანიის დაქირავება იმისთვის, რომ ყველაფერი უსაფრთხოდ იყოს. ეს არის კომპანია, რომელსაც პოსტსაბჭოთა პერიოდში, ფაქტობრივად, მეტროსადგურების დაპროექტება, სამუშაოების შესრულება აქვს ნაწარმოები. ბელორუსიის მეტრო ამ კომპანიის გაკეთებულია. იცით, რომ ამავე პერიოდშია გაკეთებული თბილისის მეტროსადგურები და ზოგადად, მეტროს პროექტი. შესაბამისად, ისევ ამ სივრციდან მოგვიწია კომპანიის დაქირავება, ვინც დეტალურად იცის საკითხი. მოვიძიეთ და პოსტსაბჭოთა ქვეყნებში ყველგან მსგავსი იყო მეტროსადგურები“, - აღნიშნა დედაქალაქის მერმა.