თეგებით ძიება

ტარიფების ომი ანგრევს თავისუფალი ვაჭრობის გლობალურ წესრიგს - რომან გოცირიძე

“ტარიფების ომი ანგრევს თავისუფალი ვაჭრობის გლობალურ წესრიგს”,_ ამის შესახებ სოციალურ ქსელში ოპოზიციონერი პოლიტიკოსი რომან გოცირიძე წერს.

“შრომის საერთაშორისო დანაწილება არის ეკონომიკური პროგრესის ქვაკუთხედი.

ყველა ქვეყანას აქვს შედარებითი უპირატესობა: სატრანზიტო მდებარეობა, ნაყოფიერი მიწები, ბუნებრივი რესურსები, განათლებული მოსახლეობა და ტექნოლოგიები და ა. შ. უნდა აკეთო ის, რისი წარმოება შეგიძლია იაფად და ხარისხიანად და უნდა იყიდო საზვარგარეთ ის, რისი წარმოებაც უკეთესად შეუძლია სხვას. ეს თავისუფალი ვაჭრობის ანბანია. რაც ამას უშლის ხელს, უნდა გაუქმდეს ან მაქსიმალურად შეიზღუდოს. მრავალი საუკუნე მოანდომა კაცობრიობამ ამის გაცნობიერებას, რაც მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შექმნით დაგვირგვინდა. ტრამპის უკიდურესად არაკომპეტენტური ადმინისტრაცია ამ მონაპოვარს ანგრევს.

რატომ არის ტრამპის სავაჭრო ბარიერები ცუდი:

1. მოხდება საპასუხო ტარიფების დაწესება სხვა ქვეყნების მიერაც, რაც წარმოშობს ტარიფების ომს.

2. ტარიფები გარდაუვლად იწვევენ ფასების ზრდას.

3. ტარიფები ამახინჯებენ საბაზრო ფასწარმოქმნას.

4. ადგილობრივი კომპანიები ექცევიან სასათბურო პირობებში და კონკურენციის გარეშე მათი ფუნქციონირება იწვევს წარმოებული საქონლის ხარისხის გაუარესებას, ზრდიან ფასებს, არ აბანდებენ ფულს ინოვაციებში და განვითარებაში.

5. ტარიფების უკონტროლო შემოღება და გაუქმება ბადებს გაურკვევლობას, კორუფციას, ნეპოტიზმს, შეღავათების დაწესებას ხელისუფლებასთან დაახლოებული ბიზნესისათვის. ვოლუნტარისტული ჩარევა ეკონომიკაში ამახინჯებს მის სტრუქტურას და ბაზარს უგზავნის ცრუ სიგნალებს.

6. თანამედროვე ბიზნესის განვითარების მთავარი კატალიზატორია საქმის კეთება საზღვრების გარეშე. მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაციის შექმნამ და მასში გაწევრიანებამ სწრაფი განვითარების ბიძგი მისცა მსოფლიოს მრავალ ქვეყანას. ტარიფები ანგრევენ წარმოებისა და მიწოდების ჯაჭვებს, რაც ძირს უთხრის თანამედროვე მსოფლიოს ბიზნესმოდელს, ეს კი იწვევს წარმოების შემცირებას და ფასების ზრდა.

7. ერთპიროვნული ძალაუფლების ფლობა ტარიფების შემოღებაში ზრდის ბიზნესზე პოლიტიკური კონტროლის დაწესების რისკებს.

ტარიფებზე დიდ იმედებს ამყარებდნენ ამერიკაში გასული საუკუნის 30-იან წლებში, რასაც მოჰყვა ამ ქვეყნის ისტორიაში ყველაზე დიდი კრიზისი და ეკონომიკის დაცემა.

ტარიფებს გადაჰყვება ტრამპის “მაგა”-პარტია”,_ წერს რომან გოცირიძე.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა