წლების წინ შენობის საძირკველი გრუნტის წყლებით დაზიანდა - რა ხდება ცნობილი კორპუსის შესახებ, სადაც 13 წლის ბიჭი დაიღუპა?
თბილისში, ავჭალის დასახლებაში, ლიფტის შახტში 13 წლის ბიჭი ჩავარდა და დაიღუპა. გავრცელებული ინფორმაციით, მოზარდი იაშვილის კლინიკაში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.
ამასთან, არსებული ინფორმაციით, კორპუსი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ავარიულია.
როგორც „კვირის პალიტრა“ წერს, ცხრასართულიანი კორპუსი, სადაც უბედური შემთხვევა მოხდა, ავარიულია. წლების წინ შენობის საძირკველი გრუნტის წყლებით დაზიანდა, რის შედეგადაც ნაგებობის ერთი ნაწილი შუაზე გადატყდა და სადარბაზო ჩამოინგრა. ამის გამო, ადგილობრივმა მოსახლეობამ შენობას „ტიტანიკი“ შეარქვა. სახლში 5 სადარბაზო იყო, ხალხი 3 სადარბაზოდან გამოასახლეს, 2 სადარბაზოში დარჩა.
კორპუსის მობინადრეები წლების მანძილზე უშედეგოდ ითხოვდნენ ხელისუფლებისგან დახმარებას. ჯერ კიდევ 2015 წელს დაიწერა ამაზე სტატიები. იქ მაცხოვრებლები მაშინ ამბობდნენ, რომ ამ საცხოვრებელი კორპუსის წინ 119-ე საჯარო სკოლაა და გაკვეთილების შემდეგ ბავშვები ავარიულ შენობაში ხშირად შედიან სათამაშოდო. გარდაცვლილი ბავშვი იქვე ახლოს, სხვა კორპუსში ცხოვრობს, იმ საბედისწერო დღეს ბავშვები იქ სათამაშოდ ასულან და უცებ მეცხრე სართულზე 13 წლის ბიჭი ღია, უფუნქციო ლიფტის შახტაში ჩავარდა. ამას მისი მეგობრები შეესწრნენ და განგაში ატეხეს. ბავშვი დაზიანებებით კლინიკაში გადაიყვანეს, მაგრამ ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.
ფაქტზე გამოძიება დაწყებულია.
კვირის პალიტრა