წლებია ავარიულ კორპუსში ვცხოვრობთ, შედეგი ეს მძიმე ტრაგედიაა - რას ამბობენ ავჭალაში მდებარე ავარიული კორპუსის მაცხოვრებლები?
ავჭალის დასახლებაში, ე.წ ტიტანიკის კორპუსის ლიფტის შახტში ჩავარდნის შედეგად 13 წლის ბიჭის გარდაცვალებასთან დაკავშირებით გარკვეული დეტალები ხდება ცნობილი.
ადგილობრივების ინფორმაციით, 13 წლის ბიჭი შახტში 2 დღის წინ ჩავარდა, სასწრაფომ კლინიკაში ცოცხალი გადაიყვანა, თუმცა მისი მდგომარეობა მძიმე იყო და საავადმყოფოში გარდაიცვალა.
ერთ-ერთი ადგილობრივის, ხათუნა ჩხაიძის ინფორმაციით, კორპუსი, რომელშიც შემთხვევა მოხდა, წლებია ავარიულია.
მისივე თქმით, მოსახლეობამ მერიას რამდენჯერმე მიმართა თხოვნით, რომ მათთვის სხვა საცხოვრებელი გამოეყოთ, თუმცა უშედეგოდ.
“წლებია ავარიულ კორპუსში ვცხოვრობთ. ვითხოვთ, რომ მერიამ, გამგეობამ გაგვიყვანოს. ადვოკატებიც გვყავდა აყვანილი, მაგრამ დღემდე უშედეგოდ ვართ. შედეგი ეს მძიმე ტრაგედიაა. მერიას ძალიან ბევრჯერ მივმართეთ. წერილები, კერძო ადვოკატები, ჯგუფურად აყვანილი ადვოკატები - შედეგი არის ეს. ბოლოს ყველამ მოაწერა ხელი [განცხადებას]. ქერჩის ქუჩაზე მიგვიყვანეს და გვითხრეს, რომ იქ ახალი საცხოვრებელი აშენდებოდა, მაგრამ ესეც ტყუილი იყო. წლებია ამ მდგომარეობაში ვართ”, - განაცხადა ხათუნა ჩხაიძემ.
მისივე ინფორმაციით, დღეს მან პირადად დაურეკა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს და სთხოვა ადგილზე მოსულიყვნენ, თუმცა იქ არავინ მისულა.
“დავრეკე და ვუთხარი, რომ ტელევიზია მოსულია, ხალხი გამოსული ვართ და მობრძანდით და თქვენი სიმართლე თქვით - მეთქი. ამ დრომდე არავინ მოსულა”, - განაცხადა ხათუნა ხაჩიძემ.
გარდა ამისა, სხვა ადგილობრივები აცხადებენ, რომ მომხდარი პირველი შემთხვევა არ არის და მსგავსი ადრეც მომხდარა.
“ინტერპრესნიუსს” შინაგან შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, რომ ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 124-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ჯანმრთელობის ნაკლებად მძიმე ან მძიმე დაზიანებას გულისხმობს.