„საშიშია, ნუ გამოიყენებთ“ - ასეთი წარწერა უნდა გაიკრას იმ ლიფტებზე, რომელიც არასოდეს შემოწმებულა და იდენტიფიცირდება როგორც საშიში“
"ქალაქში გვაქვს ასობით ლიფტი, რომლებიც უსაფრთხოებაზე არასდროს შემოწმებულა“, - ამის შესახებ „რადიო პალიტრას“ გადაცემაში „თქვენი დრო“ „სი ეი ინთერნეიშენალის“ გენერალურმა დირექტორმა, სანდრო შელიამ განაცხადა.
„ათასობით მოძველებულ ლიფტს ვიყენებთ, რომლებიც საბჭოთა კავშირის პერიოდისაა. როგორც ვთქვი, მათი უდიდესი ნაწილის ინსპექტირებას არ აკეთებენ და ავარიულ შემთხვევათა უდიდესი ნაწილი ასეთ ლიფტებში ხდება. ლიფტების მესაკუთრე ამხანაგობაა და თითოეული მცხოვრები - თანამესაკუთრე. თუ თქვენ არ მოითხოვეთ და გამოიჩინეთ ინიციატივა, რომ ინსპექტირება გააკეთებინოთ, ამას თავისით არავინ იზამს. ბევრს ჰგონია, რომ ეს პროცედურა მუნიციპალიტეტის ფუნქციაა, თუმცა ეს ასე არაა.
ზოგიერთ ქალაქში, ხორციელდება ლიფტების მოდერნიზაციის პროგრამა, მაგრამ სანამ ეს მოდერნიზაცია განხორციელდება, უბედური შემთხვევები რომ ავიცილოთ თავიდან, უნდა მოხდეს ერთიანი დიაგნოსტიკა, რომლის შედეგადაც მოხდება საშიში ლიფტების იდენტიფიცირება. ასეთ ლიფტებზე პირდაპირ უნდა გაიკრას წარწერა: „არის საშიში, ნუ გამოიყენებთ“.. ამ შემთხვევაში უკვე ადამიანი თავად გადაწყვეტს გარისკოს თუ არა.
ზუსტი მონაცემი, თუ რამდენი ლიფტია საშიში რთული სათქმელია, მაგრამ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ძველი ლიფტების უმრავლესობა, რომელთა ინსპექტირებაც არ განხორციელებულა, სხვადასხვა მიზეზის გამო ვერ გაივლიდა შემოწმებას. რაც შეეხება სიცოცხლისთვის საშიშ ლიფტებს, მოსახლეობას დავამშვიდებ და ვეტყვი, რომ ლიფტის ჩამოწყვეტა იშვიათი მოვლენაა და თუ ეს ხდება, ისიც იშვიათია, რომ ამ დროს სათადარიგო მუხრუჭებმაც არ იმუშაოს,“ - განაცხადა შელიამ.