ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მოქალაქეს ქონებას იძულებით ჩამოართმევენ
ზესტაფონის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ერთ-ერთ მოქალაქეს ქონებას იძულების წესით ჩამოართმევენ. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბრძანებაშია აღნიშნული.
საუბარია, საზოგადოებრივი საჭიროებისათვის აუცილებელი პროექტის განხორციელებაზე, რომლის ფარგლებშიც, მოქალაქის კუთვნილ მიწას ექსპროპრიაციის (საკუთრების ძალადობრივი ჩამორთმევა სახელმწიფოს მიერ ანაზღაურებით) უფლება სს „საქართველოს სახელმწიფო ელექტროსისტემას“ მიენიჭება.
უფრო კონკრეტულად, დოკუმენტში ვკითხულობთ, რომ გადაწყვეტილება შეეხება ,,წყალტუბო-ახალციხის“ 97 კმ სიგრძის 500 კვ-იანი ელექტროგადამცემი ხაზის მშენებლობის პროექტის ზემოქმედების ქვეშ მოქცეულ კერძო საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას.
როგორც დოკუმენტშია ნათქვამი, უძრავი ქონების მესაკუთრეს წერილობით ეცნობა განსახორციელებელი პროექტის მნიშვნელობის თაობაზე და მიეცა პროექტისათვის საჭირო მიწის ნაკვეთების ნებაყოფლობით გასხვისების წინადადება, განსახლების გეგმით განსაზღვრული საკომპენსაციო თანხის სანაცვლოდ, რაზეც შეთანხმება ვერ შედგა.
კერძოდ, პროექტის არეალში ხვდება ვახტანგ ლურსმანაშვილის საკუთრებაში არსებული, ზესტაფონის მუნიციპალიტეტში, სოფელ არგვეთაში მდებარე არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების 2132 კვ.მ მიწის ნაკვეთის ნაწილი – 368 კვ.მ.
აღნიშნულ პიროვნებასთან, გამოსახლების თაობაზე, შეთანხმება ვერ შედგა შესაბამისად, აღნიშნული ქონება ექსპროპრიაციას დაექვემდებარება.