განათლების სამინისტრო ჩინური ენის სკოლებში შეტანის გეგმებზე განმარტებას აკეთებს
საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო საჯარო სკოლებში ჩინური ენის შეთავაზების შესახებ განმარტებას ავრცელებს.
როგორც უწყების პრესრელიზშია აღნიშნული, ჩინურის დამატება იგეგმება, როგორც მეორე უცხო ენად, როგორც ეს დღეს ფრანგულის, გერმანულის, იტალიურის, თურქულის, რუსულის შემთხვევაშია.
"საზოგადოების ინფორმირების მიზნით, გაცნობებთ, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის თანახმად პირველი უცხოური ენა, რომელიც სავალდებულოა ყველა მოსწავლისთვის და ისწავლება პირველიდან მე-12 კლასის ჩათვლით, არის ინგლისური ენა.
მეორე უცხო ენის სწავლება იწყება მე-5 კლასიდან და ის შეიძლება იყოს ნებისმიერი ენა, რომელსაც მოსწავლე/მშობელი საკუთარი სურვილით აირჩევს.
სკოლა ვალდებულია მოსწავლეს ასარჩევად შესთავაზოს სულ მცირე ორი უცხო ენა.
დღესდღეობით სკოლის მოსწავლეებს შესაძლებლობა აქვთ, აირჩიონ – ფრანგული, გერმანული, იტალიური, თურქული და სხვა ენები. ნებისმიერი ენის დასწავლის შემთხვევაში სამინისტრო ვალდებულია, მოემზადოს შესაბამისად – დაამტკიცოს პროგრამები, შეიმუშაოს სახელმძღვანელოები, გადაამზადოს მასწავლებლები და უზრუნველყოს სასწავლო პროცესის სტანდარტის შესაბამისად წარმართვა", - აცხადებენ განათლების სამინისტროში.
უწყების ცნობით, ამ ეტაპზე ჩინური ენა 15 სკოლაში, დამატებითი მომსახურების სახით, ისწავლება და ვინაიდან მის შესწავლაზე მოთხოვნა მზარდია, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის სინოლოგიის კათედრასთან თანამშრომლობით, დაიწყება მუშაობა შესაბამისი სტანდარტის შექმნაზე.