თეგებით ძიება

შოკოლადის კვერცხები და ბზის ტოტებით ცემა - მსოფლიოს ხალხთა სააღდგომო ტრადიციები

აღდგომა ქრისტიანთა უმთავრესი დღესასწაულია 12 საუფლო დღესასწაულს შორის. ამ დღეს ქრისტე მკვდრეთით აღსდგა და ადამიანები ცოდვებისგან დაიხსნა. აღდგომის წინა დღეს, დიდ შაბათს მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან ჩასული მომლოცველები იერუსალიმის აღდგომის ტაძარში იკრიბებიან და მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლის გადმოსვლას მოუთმენლად ელიან.

გადმოცემის თანახმად წმინდა მარიამ მაგდალინელმა რომის იმპერატორ ტიბერიუსს აღდგომა ახარა და კვერცხი მიართვა, ტიბერიუსმა უპასუხა- მაგ კვერცხის გაწითლებას უფრო დავიჯერებ, ვიდრე მიცვალებულის აღდგომასო. ამ სიტყვებზე კვერცხმა ფერი შეიცალა და გაწითლდა, ამის შემდეგ კვერცხის შეღებვა ტრადიციად იქცა და ქრისტესმიერ დაღვრილი სისხლის განსახიერება გახდა.

აღდგომას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში განსხვავებულად აღნიშნავენ. მაშინ, როცა ქართველები აღდგომას წითლად შეღებილი კვერცხებითა და პასკით აღვნიშნავთ, ევროპაში აღდგომის სიმბოლოდ დიდი ხანია კურდღელი იქცა, რომელსაც სააღდგომო კვერცხები მოაქვს.

საბერძნეთი

საბერძნეთში აღდგომა მართლმადიდებლური კალენდრით აღინიშნება და თითქმის ისეთივე ტრადიციებია, როგორც საქართველოში. დიდი პარასკევი გლოვის დღეა, ხოლო შაბათ ღამეს ტაძრებში მასობრივი ღვთისმსახურება იმართება და მორწმუნეები სახლებში ანთებული სანთლებით ბრუნდებიან. მთავარი ტრადიცია წითლად შეღებილი კვერცხებით ჭიდილი, რომელიც სიმბოლურად სიკეთესა და ბოროტს შორის ბრძოლას განასახიერებს. აღდგომის სუფრა იშლება ბუნებაში, ამზადებენ ტრადიციულ ბერძნულ კერძს და წვავენ ბატკნებს. დილამდე გრძელდება სიმღერა და ცეკვა. აღდგომას საბერძნეთში მთელ კვირას აღინიშნავენ.

იტალია

იტალიაში აღდგომა მნიშვნელოვანი რელიგიური დღესასწაულია. ამ დღისთვის იტალიელები უგემრიელეს კულიჩს, პანეტონეს აცხობენ, რომელსაც ქიშმიშითა და გამხმარი ხილით რთავენ. ეს ნუგბარი სუფრაზე დაჭრილი მიაქვთ და იტალიურ ღვინოებთან ერთად მიირთმევენ. იტალიაში კვირას რომის მთავარ მოედანზე ათასობით ადამიანი იკრიბება  რომის პაპის მილოცვის მოსასმენად.

საფრანგეთში ხუთშაბათიდან შაბათის ჩათვლით  ეკლესიების ზარები გლოვის ნიშნად დუმან, აღდგომას კი ზარების რეკვა იწყება. ადამიანები ერთმანეთს აღდგომას ულოცავენ და ტრადიციულად კვერცხებს ჩუქნიან.ზარები საფრანგეთში წარმოადგენს საყოველთაო სიხარულისა და დღესასწაულის სიმბოლოს, წითელი კვერცხები კი აუცილებელი სააღდგომო საჩუქარია. ასევე ამზადებენ შოკოლადის კვერცხებს, რომლებსაც მშობლები ბავშვებს უმალავენ ბუდეებში, პატარები კი მათ ეძებენ.

ესპანეთი

ესპანეთში აღდგომა განსაკუთრებულად აღინიშნება. ქალაქებში  დიდი რელიგიური პროცესები იმართება, რომელშიც ასობით ადამიანი მონაწილეობს. ქუჩებში გამოაქვთ ქრისტესა და ღვთისმშობლის ქანდაკებები.

გერმანია

გერმანიაში შაბათ საღამოს დიდ კოცონს ანთებენ, რომელიც გარემოს უარყოფითი ენერგიისგან წმენდს. გერმანელები აღდგომას ოჯახურ გარემოში აღნიშნავენ. ტრადიციული სადილის შემდეგ ბავშვები ეძებენ საჩუქრებს, რომლებიც კურდღელმა დაუმალა. ოჯახები ერთად აწყობენ კვერცხების ძებნას. სახლებიბუჩქებზე დაკიდებული მოხატული კვერცხებით ირთვება.

ამერიკა

ამერიკელი ქრისტიანებისთვის აღდგომა ლოცვისა და ოჯახური შეკრებების დროა. რაიმე კონკრეტული ტრადიცია აღდგომასთან დაკავშირებით არ არსებობს, მაგრამ იღებება კვერცხები და ცხვება პასკები. აღდგომის მეორე დღეს კი თეთრი სახლის ეზოში პრეზიდენტი ბავშვებს მასპინძლობს და მონაწილეობას იღებს სააღდგომო კვერცხების გაგორებაში. აშშ-ში აღდგომის კურდღელი დიდად პოპულარული ფიგურაა.

ინგლისი

ამ ქვეყანაში აღდგომა ნამდვილი შოკოლადის დღესასწაულია, საკონდიტროებში უამრავი შოკოლადის კვერცხი მზადდება.გამთენიისას ტაძრებში ხვთისმსახურება მიმდინარეობს, ოჯახებში სააღდგომო პუდინგსა და ღვეზელებს ამზადებენ ცუკატებით.აღდგომას ყველა ცდილობს ახალი ტანსაცმლის ჩაცმას, ინგლისელები ღებავენ კვერცხებს, ამზადებენ ჯვრის ფორმიან ფუნთუშებს და შოკოლადის კვერცხებს. აღდგომის დღეს კი ბავშვები დაუღალავად ეძებენ სააღდგომო კურდღლის მიერ დატოვებულ კვერცხებს. ამ დღეს იმართება შეჯიბრი "Eggstravaganza" რომლის გამარჯვებულიც ის ბავშვი ხდება, რომელმაც ყველაზე მეტი კვერცხი იპოვა.

პოლონეთი

პოლონეთშიაღდგომის დღე წირვით იწყება, შემდეგ კი ყველა ოჯახში სუფრა იშლება, მიირთმევენ ნაკურთხ პასკას, კვერცხს, ძეხვს, მდოგვს და ხორცს, პოლონეთში აღდგომას ორი დღე აღნიშნავენ კვირას და ორშაბათს. ტრადიციულად ამზადებდნენ ხაჭოს პასკებს, ასევე ტორტს, რომელიც 3-4 დღით ადრე მზადდება.აღდგომის მეორე დღე სველი ორშაბათია, პოლონელები ამ დღეს ერთმანეთს წყლით წუწავენ, მათ სჯერათ რომ წყალს ჯანმრთელობა, წარმატება და კეთილდღეობა მოაქვს, ამიტომ სველ დღეს მშრალად დარჩენა ცუდის ნიშანია.

ჩეხეთი

ამ ქვეყანაში სააღდგომოდ ძალზედ უცნაური ტრადიცია აქვთ, ამ დღეს ქუჩაში გასულ გოგონებს ბზის ტოტებს ურტყამენ, ცემას სიმბოლური დატვირთვა აქვს, ტრადიციის თანახმად ჩეხეთში ფიქრობენ რომ ეს გოგონებს უფრო გაალამაზებს.

ბრაზილია

ამ ქვეყანაში  მოსახლეობის უმრავლესობა კათოლიკე ქრისტიანია, სააღდგომო ტრადიციები აქ გერმანელებმა ჩაიტანეს, აღდგომის დღეს ეკლესიებში საზეიმო ხვთისმსახურება მიმდინარეობს. ბრაზილიელები აღდგომას ერთმანეთს შოკოლადის კვერცხებს ჩუქნიან, შიგნით სათამაშოთი. საზეიმო სუფრა კი ტკბილეულითაა სავსე, მათ შორისაა სააღდგომო კურდღელი.

 

აღდგომას საქართველოში განსაკუთრებულად აღნიშნავენ, მიუხედავად იმისა რომ ქვეყნის სხვადასხვა კუთხეში სხვადასხვა ტრადიციები აქვთ, წითელ პარასკევს ყველა ოჯახში წითლად იღებება კვერცხები და ცხვება პასკები. საქართველოს ყველა ეკლესიაში შუაღამიდან საზეიმო წირვა-ლოცვა იწყება, რომელიც დილამდე გრძელდება. ამ დღეს ქრისტიანები ერთმანეთს ულოცავენ სიტყვებით- "ქრისტე აღდგა!- ჭეშმარიტად აღდგა!". 

 


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა