თეგებით ძიება

წითელი პარასკევი - რა უნდა ვიცოდეთ დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღის შესახებ

დღეს წითელი პარასკევია – დიდი მარხვის ყველაზე მძიმე დღე. ამ დღეს საეკლესიო ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. წითელ პარასკევს კაცობრიობამ ღმერთს სიკვდილი მიუსაჯა.

წითელ პარასკევს ტაძრებში წირვა არ აღესრულება, რადგან ადამიანთა ცოდვებისგან გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი მსხვერპლად შესწირა. მსახურებისას სამეუფო ჟამნი შესრულდება, რომლის დროსაც უფლის ვნების შესახებ სახარება იკითხება.

იესოს მოძულე მღვდელმთავრებმა იუდას შემწეობით შეიპყრეს იგი, წარუდგინეს ურიასტანის მმართველს, პონტოელ პილატეს და მისი ჯვარცმა ითხოვეს. იესო გოლგოთის მთაზე აიყვანეს, სადაც ებრაელები დამნაშავეებს სიკვდილით სჯიდნენ. მაშინ პასექის დღესასწაული იყო და ერთი დასასჯელის განთავისუფლება შეიძლებოდა. პილატემ ავაზაკი ბარაბა გამოიყვანა და იკითხა: რომელი გავათავისუფლოთო. ხალხმა ბარაბას გათავისუფლება ითხოვა. პილატე არ იყო დარწმუნებული ქრისტეს დანაშაულში, მაგრამ ხალხის შფოთს მოერიდა, ტაშტი მოატანინა, ხელები დაიბანა და თქვა: ამ საქმეში უბრალო ვარო. ამის შემდეგ, ხალხის მოთხოვნით, ქრისტე ჯვარს აცვეს.

იუდეველებმა ჯვარს აცვეს უფალი, მაგრამ თითქმის მთელმა მაშინდელმა წარმართულმა სამყარომ თაყვანი სცა ჯვარცმულს, როგორც ღმერთს და ამით ქრისტეს ვნების გზა სამყაროს გადარჩენის, ბოროტებისა და ცოდვის უფსკრულიდან მისი ამოყვანის გზად აღიარა. ნაგვემმა, შეურაცხყოფილმა ტანჯული ძე კაცისამ კი წარმოთქვა: „მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან”.

დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას ეძღვნება. იგი დღის ორ საათზე აღევლინება, რადგან იესო ქრისტე ჯვარზე სწორედ ამ დროს მიიცვალა.

წითელ პარასკევს ქრისტიანები სიმბოლურად კვერცხს წითლად ღებავენ. გადმოცემის მიხედვით,  ამაღლებამდე იესო ქრისტემ თავისი მოწაფეები სხვადასხვა ადგილებში გაგზავნა, რათა ხალხისთვის მისი აღდგომის შესახებ ეხარებინათ. საქადაგებლად გაეშურა მარიამ მაგდალინელიც, რომელმაც ღვთისმშობლის შემდეგ პირველმა იხილა მკვდრეთით აღმდგარი უფალი.

მარიამ მაგდალინელი რომში ჩავიდა და პირდაპირ იმპერატორის სასახლეს მიაშურა. იგი ცნობილი პიროვნება იყო და ამიტომ დაუბრკოლებლად გაატარეს სასახლეში. მან იმპერატორ ტიბერიუსს საჩუქრად კვერცხი გაუწოდა და ახარა: „ქრისტე აღსდგა“. იმპერატორმა ქალს ეჭვით შეხედა და წამოიძახა: „როგორ შეეძლო მკვდარს აღმდგარიყო?!  ეს ისევე დაუჯერებელია, როგორც ის, რომ ახლა ეს კვერცხი გაწითლდესო“. სიტყვები ჯერ არ ჰქონდა დამთავრებული, რომ კვერცხი მართლაც გაწითლდა. ამ დღიდან მოყოლებული ქრისტიანები წითელი კვერცხებით ეგებებიან აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს.

წითელი პარასკევის ღვთისმსახურებაზე სრულდება სამეუფო ჟამნი, რომლის დროსაც იკითხება სახარება ქრისტეს ვნების შესახებ.

ტროპარი

რაჟამს დიდებულნი მოწაფენი საბანელსა მას სერობისასა განათლდებოდეს, მაშინ უსჯულო იუდა ვეცხლისმოყუარებისა სენითა დაბნელდებოდა, და უსჯულოთა მსაჯულთა შენ, მართალსა მსაჯულსა, მიგცემდა. იხილეთ, ჰოჲ, მორწმუნენო, ტრფიალი იგი ვეცხლისაჲ, რომელმან მისთვის შიშთვილ-იბა. და ივლტოდით უძღებისა მისგან სენისა, რომელმან მოძღუარსა თვისსა ზედა ესევითარი იკადრა. არამედ, რომელმან ყოველივე სიბრძნით განაგე, კაცთმოყუარე ქრისტე ღმერთო, დიდებაჲ შენდა!

ტროპარი

მომიყიდენ ჩუენ წყევისა მისგან სჯულისა, პატიოსნითა სისხლითა შენითა, ჯუარსა ზედა რა დაემსჭვალე და ლახურითა განიგმირე, და უკუდავებაჲ აღმოუცენე კაცთა, მაცხოვარო ჩუენო, დიდებაჲ შენდა.

კონდაკი

რომელი ჯუარს-ეცუა ჩუენთვის, მოვედით ერნო, უგალობდეთ მას. იხილა იგი მარიამ ჯუარსა ზედა და სთქუა: დაღაცათუ ჯუარსა ზედა გიხილე, შენ ხარ ძე ჩემი და ღმერთი ჩემი, ყოვლად ძლიერი, კაცთმოყუარე და მაცხოვარი.

დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა, როცა მოძღვრის კურთხევით მორწმუნეთაგან ზოგი მთელი დღის განმავლობაში არაფერს ჭამს, ზოგი კი პურისა და წყლის გარდა არაფერს იღებს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა