"ვია დოლოროსა" - გზა, რომელიც ქრისტემ ჯვარცმამდე გაიარა
წითელი პარასკევი - ვნების კვირეულში მართმადიდებლებისთვის ყველაზე მძიმე დღე. 600 მეტრის სიგრძის გზა, რომელიც ჯვარცმად მიმავალმა უფალმა გოლგოთამდე განვლო, "ვია დოლოროსას" სახელწოდებითაცაა ცნობილი. ამ გზაზე გვხვდება მაცხოვრის თოთხმეტი გაჩერება.
ამ გზის ათვლა პილატეს სასახლიდან იწყება. ეს არის მაცხოვრის პირველი გაჩერება.
გამთენიისას, იესო, მღვდელმთავრებმა და მათგან მოსყიდულმა ხალხმა, პრეტორიუმში წაიყვანეს. პილატე იუდეველებთან შესახვედრად გამოვიდა. სწორედ აქ გაიმართა საუბარი მასა და იუდეველებს შორის. ეს არის მაცხოვრის მეორე გაჩერება. როგორც ვიცით, აქ გამოუტანეს ჯვარზე გაკვრის განაჩენი მაცხოვარს...
შემდეგ პილატემ რომაელ ჯარისკაცებს გააშოლტვინა მაცხოვარი. გაშოლტვა ძალზე მძიმე და სასტიკი სასჯელი იყო, ადამიანს მთელ ძალებს ართმევდა, შემდეგ მეწამული მოსასხამი მოასხეს _ სამეფო შესამოსელი (რომელიც რომაელ ჯარისკაცებს ეცვათ), თავზე ეკლის გვირგვინი დაადგეს და შესძახოდნენ: "გიხაროდეს, იუდეველთა მეფევ!"
ამ დროისათვის უკვე დამზადებული ჰქონდათ ჯვარი, რომელიც მაცხოვარს გოლგოთამდე უნდა ეზიდა.
იმ ორი ავაზაკის ჯვარი, რომლებიც მაცხოვართან ერთად უნდა ეცვათ ჯვარს, უკვე კარგა ხნის დამზადებული ჰქონდათ, ხოლო რადგან იესოს ჯვარცმა ბოლო მომენტში გადაწყდა, ამიტომ, რაც "უცბათ ხელში მოხვდათ", ის ხე გამოიყენეს: ეს იყო სოლომონის ტაძრის ხიდად გადებული ძელი _ იმ ხისგან გამოთლილი, რომელიც ძველი აღთქმის მამამათავარ აბრაამის დისწულის, ლოტის მიერ დანერგილი 3 ხმელი ტოტის განედლების შემდეგ შეეზარდა ერთმანეთს და ერთ დიდ ხედ აღმოცენდა; იერუსალიმის ტაძრის აგებისას ეს ხე მოჭრეს და სამშენებლოდ გამოყენებას აპირებდნენ, მაგრამ გაურკვეველი მიზეზის გამო, აღარ გამოუყენებიათ და ტაძრის კედელთან დაუგდიათ. გამოხდა ხანი და მისგან ხიდი დაუგიათ ტაძრის მახლობლად ჩამავალ ნაკადულზე გადასასვლელად. ხიდზე ათწლეულების მანძილზე მიმოდიოდნენ ადამიანები და ხე მტვრითა და ტალახით დაიფარა. სწორედ ამ ხისგან გააკეთეს ჯვარი, რათა უკიდურესად დაემცირებინათ მხსნელი კაცობრიობისა. გოლგოთისკენ მიმავალმა უფალმა კი ამგვარი ჯვრის ზიდვით კაცობრიობის ცოდვები, ადამიანთა დანაშაულთა სიბინძურე ზიდა...
პრეტორიუმიდან სამიოდ კილომეტრის გავლის შემდეგ მაცხოვარი წაიქცა. ეს იყო ამ გზაზე მესამე გაჩერება.
ჯვარცმად მიმავალი უფალი წამოაყენეს, ისევ აჰკიდეს ჯვარი და აიძულეს, გზა გაეგრძელებინა. ამ გზაზე მეოთხე გაჩერება ის ადგილია, სადაც ყოვლადწმინდა ღვთისმშობელი ელოდა მაცხოვარს მენელსაცხებლე დედებთან და მართალ ადამიანებთან ერთად. იუდეველთა მღვდელმთავრებმა და სინედრიონის სხვა წევრებმა ღვთისმშობელი და იესოს მომხრენი პრეტორიუმის ტერიტორიაზე არ შეუშვეს, თავიანთი მოსყიდულები მიიყვანეს, რათა პილატესთვის ეჩვენებინათ, რომ მთელ ერს სურდა მისი ჯვარცმა.
ამიტომაც ღვთისმშობელი ამ ადგილიდან მოშორებით დახვდა მაცხოვარს.
რამდენიმე მეტრში გზა უხვევს, საიდანაც ძველი იერუსალიმიდან გავდივართ. ამ ადგილას მაცხოვარი მეორედ დაეცა. ეს იყო მეხუთე გაჩერება. ამ დროს გზად მინდვრიდან მომავალმა იუდეველმა - სვიმონ კვირინელმა გამოიარა. მაცხოვრის ჯვარი მას აჰკიდეს და მსვლელობა გააგრძელეს. როგორც ჩანს, სვიმონ კვირინელი საზოგადოების ყველაზე დაბალი ფენის წარმომადგენელი იყო, რადგან ასე მოექცნენ. შემდგომში ის უფლის მოციქული გახდა. მაცხოვრის სამოცდაათ მოციქულთა შორისაა მოხსენიებული.
მეექვსე გაჩერება გოლგოთის გზაზე არის ის ადგილი, სადაც მაცხოვარს მართალი ვერონიკა მიეგება. წმინდა ქალწული ბინიდან უცქერდა საშინელ პროცესიას. მაცხოვრის დასახიჩრებული სახის ხილვისას გარეთ გამოვარდა და ტილოთი შეუმშრალა დასისხლიანებული სახე. ტილოზე მაცხოვრის ხელთუქმნელი ხატება აისახა. ეს არის უფლის ერთ-ერთი ხელთუქმნელი ხატი.