შვედეთში ახალი ქალაქი მთლიანად ხის მასალით ააშენეს
სტოკჰოლმის ხის ქალაქი შვედეთის ამბიციური პროექტია, რომელიც მდგრადი ურბანული განვითარების საერთაშორისო მოდელად განიხილება.
მდგრადი განვითარება ხის მშენებლობით
სამშენებლო ინდუსტრიას ნახშირორჟანგის გამონაბოლქვში მნიშვნელოვანი წვლილი შეაქვს, რაც ძირითადად ბეტონისა და ფოლადის გამოყენებას უკავშირდება. 2020 წელს ფინეთის გარემოს ინსტიტუტისა და აალტოს უნივერსიტეტის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, თუ ევროპაში ახალი შენობების 80% ხისგან ააშენებენ, სამშენებლო სექტორის მიერ ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის გამოყოფა განახევრდება.
Stockholm Wood City-ს მშენებლობაში ძირითადად, მრავალფენიანი წებოვანი პანელების მშენებლობის ტექნოლოგია (CLT) გამოიყენეს. CLT არის ხის პანელი, რომელიც ერთმანეთთან შეკრული მყარი ხის ფენებისგან არის დამზადებული. პანელები როგორც წესი, წიწვოვანი, გამხმარი ხის ჯიშებისგან მზადდება. ისინი მრავალშრიანი ხის დაფებისგან შედგება. წვეტიანი შენაერთები და სტრუქტურული წებო მათ ერთ ხისტ სტრუქტურაში აერთიანებს, რომელსაც შესანიშნავი ფიზიკურ-მექანიკური და თბოსაიზოლაციო თვისებები აქვს. რომელიც ერთმანეთზე გადაჯვარედინებულ ფენებად შეკრული ხისგან შედგება. ის ისეთივე სიმტკიცესა და გამძლეობას უზრუნველყოფს, როგორიც ბეტონსა და ფოლადს აქვს, თუმცა მათზე ბევრად მსუბუქია. ხის მშენებლობაზე გადასვლა შემდეგ უპირატესობებს იძლევა:
ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის შემცირება – ხის მასალით მშენებლობას ნახშირორჟანგის გამონაბოლქვის განახევრება შეუძლია.
სწრაფი მშენებლობა – მზა ხის ნაწილების გამოყენება ამცირებს მშენებლობის დროს და მუშახელს.
გადამუშავება – თუ ხის შენობა მოძველდა, მისი დაშლა და გადამუშავება გაცილებით ადვილია.
ხის მასალით მშენებლობაში შვედეთს სხვებთან შედარებით გარკვეული უპირატესობა გააჩნია.
შვედეთი ხის მასალებით მშენებლობის მდიდარი ტრადიციით გამოირჩევა – ქვეყნის ტერიტორიის დაახლოებით 70% ტყით არის დაფარული. 1903 წლიდან მოქმედი კანონი ტყის განახლებას სავალდებულოს ხდის, რის შედეგადაც დღეს შვედეთში უფრო მეტი ხეა, ვიდრე საუკუნის წინ. ტყის სიმრავლე Stockholm Wood City-ის მსგავს პროექტებს საშუალებას აძლევს, რომ ბუნებრივი რესურსების ამოწურვის გარეშე განვითარდნენ.
საკანონმდებლო ბაზა და უსაფრთხოება
შვედეთის მკაცრი სამშენებლო ნორმები ხის შენობების სახანძრო უსაფრთხოებასა და სტრუქტურულ სიძლიერეს უზრუნველყოფს. გაუმჯობესებული ხანძარსაწინააღმდეგო ტექნოლოგიები ამცირებს რისკებს, რომლებიც ხის მშენებლობასთან ასოცირდება. ეს ტექნოლოგიები ურბანულ გარემოში ხის არქიტექტურის მიმართ ნდობას ზრდის.
ხარჯთა პროგნოზი
მიუხედავად იმისა, რომ ხის მასალის ღირებულება ბეტონთან შედარებით დაახლოებით 10%-ით მაღალია, მშენებლობის დროისა და შრომითი რესურსების ეკონომია ამ დანახარჯს ანაზღაურებს. რაც უფრო მალე სრულდება პროექტი, მით უფრო ადრე იწყება შემოსავლის მიღება.
რკინა-ბეტონის მასალებით მუშაობისას როგორც წესი, ხმაურიან ტექნიკას იყენებენ, ხოლო ხის პროექტები ნაკლებ ხმაურს იწვევენ და კომფორტულ სამუშაო გარემოს ქმნიან.
Stockholm Wood City ცდილობს ეკოლოგიური პასუხისმგებლობა და მობინადრეთა კეთილდღეობა გააერთიანოს. სულ უფრო მეტი კვლევა ადასტურებს კავშირს ხის გარემოსა და სტრესის შემცირებას შორის. ხის შენობები ბუნებასთან სიახლოვის შეგრძნებას ქმნიან, რაც ქალაქის სტრესს ამცირებს.
ბიომრავალფეროვნება და ეკოლოგიური გამოწვევები
ხის მშენებლობის უპირატესობების მიუხედავად, არსებობს ბიომრავალფეროვნების დაკარგვასთან დაკავშირებული საფრთხე, რაც ტყის ინტენსიურ ჭრას თან ახლავს. ეკოლოგები აბობენ, რომ აუცილებელია ტყის მართვის ისეთი ხერხების დანერგვა, რომელიც ეკოსისტემებს არ დააზიანებს და ამავდროულად, ხეზე მზარდ მოთხოვნას დააკმაყოფილებს.
მსოფლიოში ხის მასალით მშენებლობის ტენდენცია სულ უფრო პოპულარული ხდება. ასეთი პროექტები განხორციელდა სინგაპურში, სიეტლსა და სიდნეიში, რაც ხის არქიტექტურის შესაძლებლობებს ხაზს უსვამს, თუმცა, გარკვეულ რეგიონებში ამ ტენდენციის გავრცელება შესაძლოა შენელდეს – იქ, სადაც ნაკლებია ადგილობრივი რესურსები, სპეციალიზებული ტექნოლოგიები ან ხის მასალებით მშენებლობის ცოდნა.
ხის ქალაქების მომავალი
დღეს შვედეთში ახალი მრავალსართულიანი შენობების დაახლოებით 16% ხისგან შენდება, რაც ათი წლის წინანდელ 9%-ს მნიშვნელოვნად აღემატება. მომავალში ამ მაჩვენებლის კიდევ უფრო გაზრდას ელიან.