„წელიწადში მილიარდ ლარზე მეტს ვკარგავთ საცობის გამო - ეს თანხა საკმარისი იქნებოდა 2 ახალი მეტროსადგურის მშენებლობისთვის“
„თბილისის ავტოპარკი ყოველწლიურად 18-20 ათასი ავტომობილით იზრდება. საბჭოთა პერიოდთან შედარებით, ყოველ ას ოჯახზე ავტომობილების რაოდენობა 6-ჯერ არის გაზრდილი“ - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსს“ სტატისტიკოსმა სოსო არჩვაძემ განუცხადა.
მანვე აღნიშნა, რომ ქალაქში ავტომობილების მზარდი რაოდენობის ფონზე, პრაქტიკულად, უცვლელია გზების რაოდენობა, რაც კიდევ უფრო აქტუალურს ხდის საცობების პრობლემას.
„თბილისის ავტოპარკი ყოველწლიურად 18-20 ათასი ავტომობილით იზრდება. საბჭოთა პერიოდთან შედარებით, ყოველ ას ოჯახზე ავტომობილების რაოდენობა გაზრდილია. მაგალითად, 1990 წელს ყოველ ას შინამეურნეობაზე იყო 32 ავტომობილი, ახლა 180-ს გადასცდა ეს მაჩვენებელი, თითქმის 6-ჯერ არის ავტომობილების რაოდენობა გაზრდილი“, - ამბობს არჩვაძე.
სტატისტიკოსის თქმით, დედაქალაქში არსებული საცობები აჩვენებს, რომ აუცილებელია ალტერნატიული გზებისა და ტრანსპორტის განვითარება. მათ შორის, ის ყურადღებას ამახვილებს მიწისქვეშა მეტროს განვითარებაზე.
„გზების რაოდენობა ნამდვილად არ გაზრდილა. ჩვენ ვართ სერიოზული გამოწვევის წინაშე, გვჭირდება ალტერნატიული დამატებითი გზები, ალტერნატიული ტრანსპორტი და ვფიქრობ, საზოგადოებამ კატეგორიული მოთხოვნა უნდა დააყენოს მიწისქვეშა ტრანსპორტის განვითარებაზე, ასევე, ხიდებისა და ესტაკადების მშენებლობაზე, რომლის გარეშეც ჩვენი დროითი დანაკარგები საცობში და დახარჯული დროის ალტერნატიული ღირებულება გეომეტრიული პროგრესიით მზარდი იქნება“, - დასძინა მან.
ეკონომისტის ანალიზით, დედაქალაქში საცობები წელიწადში ერთი მილიარდი ლარი გვიჯდება. მისი თქმით, ეს თანხა საკმარისი იქნებოდა ორი ახალი მიწისქვეშა მეტროს ხაზის მშენებლობისთვის.
„წელიწადში მილიარდ ლარზე მეტს ვკარგავთ საცობების გამო, მილიარდი ლარი არის დაახლოებით 400 მილიონ დოლარამდე, ერთი მეტროსადგურის მშენებლობა კი თავისი გადასარბენი მონაკვეთით ჯდება დაახლოებით ამ თანხაზე ორჯერ ნაკლები. ის თანხა, რასაც ვხარჯავთ საცობებში, ასევე დანახარჯები მოიცავს დროს, ჯანმრთელობას, ენერგიასა და ფსიქიკას - ეს ყველაფერი თანხაში რომ გადავიყვანოთ, საკმარისი იქნებოდა წელიწადში ორი მეტროსადგურისა და შესაბამისი გადასარბენი ხაზის მშენებლობისთვის".