თეგებით ძიება

100-სართულიან ცათამბჯენზე მაღლა - ჩინეთში მსოფლიოს უმაღლესი ხიდი ზაფხულში გაიხსნება

სამხრეთ-დასავლეთ ჩინეთში მდებარე მთიან პროვინცია გუიჩჟოუში მსოფლიოს ყველაზე მაღალი ხიდის მშენებლობა ივნისში დასრულდება. მისი ღირებულება 280 მლნ დოლარად არის შეფასებული.

ინფორმაციას CNN ავრცელებს.

ხიდის სიმაღლე 625 მეტრია, რაც 100-სართულიანი ცათამბჯენის სიმაღლეს აღემატება.

ახალი საინჟინრო რეკორდის დამყარების გარდა, ხიდზე ტრანსპორტის სწრაფად გადაადგილებით ლოგისტიკაც გაუმჯობესდება. კერძოდ, კანიონში მგზავრობის დრო, სავარაუდოდ, ორი საათიდან ერთ წუთამდე შემცირდება.

ხიდი ფოლადის ფერმებისგან დამზადებული დაკიდებული კონსტრუქციებისგან შედგება. ეს სტრუქტურული ელემენტებია, რომლებიც რამდენიმე ნაწილის შეერთებით წარმოიქმნება და, როგორც წესი, რკინის კოჭებს, სვეტებსა და საყრდენებს მოიცავს. ეს ფერმები, დაახლოებით, 22 000 ტონას იწონის, რაც სამი ეიფელის კოშკის წონაა.

მოელიან, რომ ხიდი ტურისტულ ღირსშესანიშნაობადაც გადაიქცევა. ამ მიზნით პროვინციის მთავრობა მინის ლიფტს ააშენებს, რომელიც სტუმრებს სამხრეთ კოშკის თავზე აიყვანს, სადაც 180 მეტრ სიმაღლეზე ბარი და კაფე გაიხსნება.

ასევე, ხიდის ქვეშ 80 მეტრ სიგრძის საფეხმავლო ბილიკი აშენდება. ის მინის იატაკიან ოთახებზე გაივლის. ხიდის ტერიტორიაზე ტურისტული ცენტრი გაიხსნება, სადაც ვიზიტორები ხიდისა და კანიონის ისტორიას გაეცნობიან. მათთვის, ვინც ადგილზე დიდხანს დარჩენას მოისურვებს, კერძო ბუნგალოები ახალ ხიდზე ხედით აშენდება, რაც ტურისტებს, მათ შორის, 1898 წელს აშენებული ძველი ხიდის ხედით დატკბობის საშუალებას მისცემს.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა