„მანქანა აჩრდილი“ - Pontiac - ის ავტომობილი გამჭვირვალე კორპუსით (ფოტო)
1939 წლის Pontiac Deluxe Six Ghost Car - ი, რომელიც უფრო ცნობილია სახელწოდებით „მანქანა აჩრდილი“(Ghost Car) განსაკუთრებული ავტომობილია. სხვა მანქანებისგან განსხვავებით, რომლებსაც ჩვეულებრივი, ლითონის კორპუსი ჰქონდა, Pontiac-მა გადაწყვიტა განსხვავებული გზა აერჩია. Pontiac - ი ქიმიურ კომპანია Rohm & Haas-თან თანამშრომლობდა, რომელმაც ორგანული მინა - პლექსიგლასი გამოიგონა. ორმა კომპანიამ გადაწყვიტა, რომ პლექსიგლასისგან ავტომობილის გამჭვირვალე ძარა შეექმნათ.
„პონტიაკმა“ ახალი მოდელი საზოგადოებას 1939 წელს, ნიუ-იორკის მსოფლიო გამოფენაზე, General Motors-ის პავილიონში "Highways and Horizons" წარუდგინა. ბუნებრივია, ავტომობილმა უდიდესი ინტერესი გამოიწვია და გამოფენის ნამდვილი ვარსკვლავი გახდა. იმ პერიოდში ბევრ ადამიანს პლექსიგლასი (ორგანული მინა) ჯერ არც კი ენახა. „მანქანა აჩრდილი“ სხვა მანქანებთან შედარებით ძალიან ეფექტურად გამოიყურებოდა - ორგანული მინის ქვეშ სპილენძით დაფარული მეტალის ნაწილები ჩანდა, ძრავი 85 ცხენის ძალით, 6 ცილინდრით და 3.73 ლიტრი მოცულობით არის აღჭურვილი. ინტერიერი გაფორმებულია ქრომირებული ფოლადით და თეთრი რეზინით, რომელიც დღემდეა შემონახული. თითქმის იდეალურ მდგომარეობაშია გამჭვირვალე კორპუსიც.
რა თქმა უნდა, ასეთი ავტომობილი მასობრივი წარმოებისთვის არ იყო განკუთვნილი - მისი დამზადება იმ დროისთვის კოლოსალური თანხა- 25 000 $ დაჯდა, როცა ჩვეულებრივი Pontiac-ის ფასი მხოლოდ დაახლოებით 700 დოლარი იყო.
ავტომობილმა რამდენიმე მფლობელი გამოიცვალა - 1973 წელს ვინმე დონ ბარლულომ იყიდა ნიუ -კამბერლენდიდან, 1979 წელს კოლექციონერმა ლეო გეფერტონმა შეიძინა, 1980 წელს უცნობმა კოლექციონერმა და ბოლოს 2011 წელს მანქანა RM Auctions-ის აუქციონზე 308,000 დოლარად გაიყიდა. ის დღესაც სრულიად გამართულია დამოუკიდებლად შეუძლია გადაადგილება.