თეგებით ძიება

საუდის არაბეთი ალკოჰოლზე 73-წლიან აკრძალვას ხსნის

საუდის არაბეთი 2026 წლიდან ალკოჰოლის შეზღუდულ გაყიდვასა და მოხმარებას დაუშვებს. ეს 73 წლის განმავლობაში პირველი ასეთი ცვლილებაა მას შემდეგ, რაც 1952 წელს სრული აკრძალვა დაწესდა.

ინფორმაციას The Economic Times ავრცელებს.

გაყიდვები ქვეყნის მასშტაბით, დაახლოებით, 600 ლოკაციაზე იქნება დაშვებული, როგორიც არის მდიდრული სასტუმროები, კურორტები და სპეციალურად შექმნილი ტურისტული ზონები, კერძოდ, მეგაპროექტები, Neom, სინდალას კუნძული და Red Sea Project.

დაშვებულ ადგილებზე ლუდი, ღვინო და სიდრი გაიყიდება, ხოლო ძლიერი ალკოჰოლური სასმელი, ანუ არაყი, ვისკი და ლიქიორები კვლავ აკრძალული დარჩება. ამასთან, ალკოჰოლი მაღაზიებში, საცხოვრებელ შენობებში ან ქუჩებში არ გაიყიდება. აკრძალული რჩება ალკოჰოლის სახლში წარმოებაც.

ალკოჰოლის გაყიდვას მხოლოდ ლიცენზირებული დაწესებულებები შეძლებენ, რომლებსაც კვალიფიციური პერსონალი ჰყავთ. ასევე, გაყიდვები სასმლის ბოროტად გამოყენების თავიდან ასაცილებლად და საზოგადოებრივი წესრიგის შესანარჩუნებლად მკაფიო წესებს დაექვემდებარება. ყველაფერი ადგილობრივი წეს-ჩვეულებებისა და ნორმების შესაბამისად მოხდება. ახალი წესების დაცვა მკაცრად გაკონტროლდება.

ცვლილებები საუდის არაბეთის ეროვნული ეკონომიკური ზრდის გეგმის, სტრატეგია - Vision 2030-ის ნაწილია. მის ფარგლებში ხელისუფლება ტურიზმის, გასართობი ინდუსტრიისა და სასტუმრო ბიზნესის განვითარებას ცდილობს. მოელიან, რომ ალკოჰოლის რეგულაციების ლიბერალიზაცია ახალ სამუშაო ადგილებს შექმნის და უცხოურ ინვესტიციებს მიიზიდავს, ხოლო ალკოჰოლთან დაკავშირებული პოლიტიკა ქვეყანას საერთაშორისო ღონისძიებების გლობალურ ჰაბად გადაქცევაში დაეხმარება.

საერთაშორისო სასტუმრო ქსელები თავიანთ გეგმებს ახალ პირობებთან უკვე ადაპტირებენ და ტურისტული ნაკადის ზრდისთვის ემზადებიან.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა