როგორ შეიცვლება საგზაო მოძრაობა, ვაკის რაიონში ორი ქუჩის რეაბილიტაციის დასრულების შემდეგ
თბილისის მერიამ ვაკის რაიონში ქაქუცა ჩოლოყაშვილისა და გიორგი წერეთლის ქუჩების რეაბილიტაცია დაახლოებით 1 კვირის წინ დაიწყო.
თბილისის მერი კახა კალაძე ადგილზე მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო და პროექტის შესახებ დღეს, საკუთარ „ფეისბუქ ლაივშიც“ ისაუბრა.
როგორც ამ ვიდეოში მერიის ტრანსპორტისა და ურბანული განვითარების სამსახურის ხელმძღვანელმა ნინი ბაღაშვილმა ისაუბრა, ვაკის რაიონში რეაბილიტაციის შემდეგ გარკვეული სატრანსპორტო ცვლილებები იგეგმება.
„კუს ტბის კვანძიდან შესაძლებელი იქნება წყნეთისკენ და ბაგებისკენ წასვლა. ასევე წყნეთიდან მომავალებისთვის რესტორან „წისქვილთან“ მარცხნივ მოხვევა იქნება შესაძლებელი. სიახლეა ასევე ისიც, რომ აუზის მიმდებარე ტერიტორიაზე, მარცხნივ ხაბეიშვილის ქუჩისკენ მოხვევა იქნება შესაძლებელი, რომელიც შუქნიშნით დარეგულირდება. ამ გზით მოხვევა ადგილზევე შესაძლებელი იქნება და თამარაშვილის ქუჩაზე გასვლა აღარ იქნება საჭირო,“ - განაცხადა ნინი ბაღაშვილმა.
მერიის ცნობით, პროექტი მოიცავს 13 000 კვ.მ-ზე მიწისქვეშა საკომუნიკაციო სისტემების სრულ განახლებას. კერძოდ, შეიცვლება წყალმომარაგების, გაზმომარაგების, სანიაღვრე და წყალარინების ქსელები; მოეწყობა უსაფრთხოების კუნძულები და ზებრა გადასასვლელები; დაიგება ასფალტის საფარი; განახლდება გარე განათების სისტემა და დამონტაჟდება ენერგოეფექტური LED ლამპიონები; ინფრასტრუქტურა სრულად ადაპტირდება შშმ პირებისთვის.
ამასთან, დედაქალაქის მერიის ინფორმაციით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, გზის იმ მონაკვეთის გაფართოება, რომელიც ვაკის სასაფლაოს მიმდებარე ტერიტორიიდან იწყება და წყნეთის გზატკეცილის N6-მდე გრძელდება. გზის სავალ ნაწილს კიდევ ერთი სამოძრაო ზოლი დაემატება, რაც ხელს შეუწყობს ტრანსპორტის ნაკადების გამტარუნარიანობის ზრდას, შეამცირებს საცობებს და მნიშვნელოვნად გააუმჯობესებს გადაადგილების კომფორტს.
შეგახსენებთ, რომ ჩოლოყაშვილისა და წერეთლის გზების რეაბილიტაციის ჯამური ღირებულება 18 მლნ ლარია.