მცხეთაში, მდინარე მტკვარზე ახალი ხიდის მშენებლობა 6.6 მილიონი ლარი დაჯდება - როდის დასრულდება სამუშაოები?
მცხეთაში, მდინარე მტკვარზე არსებული ხიდის გვერდით ახალი ხიდი შენდება - მშენებლობის პროექტს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ახორციელებს.
მცხეთა-მთიანეთის მხარის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, სამუშაოები 6.6 მილიონი ლარი დაჯდება.
„ნარეკვავი-მცხეთა-რკინიგზის სადგურის საავტომობილო გზის მე-6 კმ-ზე, მდინარე მტკვარზე ამჟამად არსებული ხიდი 1926 წელსაა აშენებული. ძველი ხიდის ტექნიკური მდგომარეობა ვეღარ აკმაყოფილებდა თანამედროვე დატვირთვებს.
ხიდი თბილისის მხრიდან ქალაქ მცხეთასთან დაკავშირების ერთადერთი საშუალებაა. გარდა ამისა, მისი მეშვეობით მცხეთა რკინიგზის სადგურსა და ზაჰესი-მცხეთა-კავთისხევი-გორი-ქარელი-ოსიაურის საავტომობილო გზას უკავშირდება.
ახალი ხიდი სრულად შეესაბამება მცხეთის არქიტექტურულ, ესთეტიკურ და ისტორიულ მოთხოვნებს და უზრუნველყოფს თავისუფალ სატრანსპორტო მოძრაობას.
ხიდის მშენებლობა სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება, პროექტის ღირებულება დაახლოებით 6.6 მილიონ ლარს შეადგენს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.
ცნობისთვის, სამუშაოები წელს დასრულდება.