"სტატისტიკის შეგროვებას აზრი ეკარგება“ - რა უნდა გაკეთდეს ავარიების შესამცირებლად?
მიმდინარე წლის პირველ კვარტალში საქართველოში 1360 ავარია მოხდა, რომლის შედეგად დაიღუპა 112, მათ შორის 50 ქვეითი, ხოლო დაზიანდა 1760 ადამიანი. როგორც საქართველოს ალიანსი უსაფრთხო გზებისთვის” გამგეობის თავმჯდომარემ, ეკა ლალიაშვილმა „კვირის“ პრესკლუბში განაცხადა, მსგავსი შემაშფოთებელი სტატისტიკის თავიდან ასაცილებლად აუცილებელია, გარკვეული ცვლილებების შემუშავება.
„აუცილებელია ქულათა სისტემის უკეთესი ადმინისტრირება და ქულების აღსრულება კამერების მეშვეობით, განსაკუთრებით იმ დარღვევებზე, რომელიც იწვევს მსხვერპლს და პირველია სიჩქარის გადაჭარბება.
ასევე აუცილებელია, საბავშვო სავარძლები იყოს კანონით მოთხოვნილი. მნიშვნელოვანია სკოლის ზონების შექმნა, რათა მოხდეს სიჩქარის კონტროლი ასეთ ადგილებში, ასევე სიჩქარის ლიმიტების დადგენა ქვეითებით დატვირთულ ზონებში, მჭიდრო დასახლებულ პუნქტებში. ასევე მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული უსაფრთხოება, რომელიც ქვეითებზე იქნება მიმართული.
აუცილებელია ისიც, რომ სხვა ქალაქებიც ჩაერთონ ინფრასტრუქტურის განვითარებაში, რომელიც საგზაო მოძრაობის მონაწილეთათვის იქნება ხელმისაწვდომი“, - განაცხადა ეკა ლალიაშვილმა.
მისი თქმით, ქვეითები და ველომომხმარებლები არიან მაღალი რისკის საგზაო მოძრაობის ჯგუფი და მათ განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციონ
„მათი გადასასვლელი და სამოძრაო არეალი იყოს უსაფრთხო, განათებული და ყველა პარამეტრი დაცული, რომ შემცირდეს ავარიები“ - აღნიშნა მან.
როგორც ეკა ლალიაშვილმა განმარტა, სახელმწიფომ, რომელსაც შეუძლია ადამიანების უსაფრთხოებაზე გავლენა მოახდინოს, უნდა განახორციელოს ქმედებები, სხვა შემთხვევაში, მისი თქმით, „სტატისტიკების შეგროვებას აზრი ეკარგება“.