"ხალხი არ არის, 3-4 კაცი გვყავს, მინივენი და მიკროავტობუსი ვერ ივსება და ავტობუსი როგორ იმუშავებს?!" - რას ამბობენ დიდუბის ავტოსადგურში
შორ მანძილზე მხოლოდ ავტობუსებით მგზავრთა გადაყვანის რეფორმა 1-ელ ივნისს უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა 2026 წლის 1-ელ იანვრამდე გადაიდო.
აღნიშნული გადაწყვეტილება მიზნად ისახავს გადამზიდველთათვის დამატებითი დროის მიცემას ავტოპარკის განახლებისა და შესაბამისი კლასის ახალი სატრანსპორტო საშუალებების შეძენისათვის. თუმცა, როგორც მძღოლები ამბობენ, რეფორმისთვის მომზადებას ბევრად დიდი დრო სჭირდება.
ამასთან, მათივე პროგნოზით, რეფორმის ამოქმედება 6 თვის შემდეგაც გადავადდება.
„მანქანები არის ცარიელი, ხალხი არ არის და ავტობუსი რათ გინდა?! 20 წელია მიდის მაგაზე საუბარი, ვფიქრობ 6 თვის შემდეგაც გადავადდება ამ წესის ამოქმედება. „მარშრუტკები“ „იხიშტებიან“ და ავტობუსი როგორ იმუშავებს?! გამორიცხულია. 3-4 კაცი გვყავს, მინივენი და მიკროავტობუსი ვერ ივსება და ავტობუსი როგორ იმუშავებს?!,“ - აცხადებენ სამარშრუტო ტაქსების მძღოლები Palitravide.ge-სთან საუბრისას.
შეგახსენებთ, საქალაქთაშორისო გადაყვანებთან დაკავშირებით რამდენიმე ახალი რეგლამენტი 2024 წლის განმავლობაში დამტკიცდა. რეგულაციებს შორის იყო ცვლილება, რომლის მიხედვითაც 2025 წლის 1-ლი ივნისიდან საქალაქთაშორისო გადაყვანა შორ მანძილზე მიკროავტობუსებით ვეღარ განხორციელდებოდა.
საქალაქთაშორისო ტრანსპორტის ახალი წესის ერთ-ერთი ეტაპი 2025 წლის 1-ლი მარტიდან ამოქმედდა. ამ ცვლილების შედეგად, რეისში ვერ გავა ვერც ერთი მძღოლი, რომელსაც სულ მცირე წელიწადში ერთხელ არ აქვს გავლილი სამედიცინო შემოწმება და საავტომობილო სამგზავრო გადაყვანის ლიცენზია.