ცვლილება გადავადდა - ახალი ფორმის პასპორტი და პირადობა 1-ელი აგვისტოდან გაიცემა
ცვლილება გადავადდა - მოქალაქეები ახალ პირადობის მოწმობას, პასპორტს და დიპლომატიურ პასპორტს განახლებული დიზაინით ორი თვის შემდეგ 1-ელი აგვისტოდან აიღებენ. ცვლილება შეეხება როგორც მოქალაქის პირადობის ელექტრონულ მოწმობებს, ისე ბინადრობისა და სხვა საიდენტიფიკაციო დოკუმენტებსაც.
საქმე ის არის, რომ ექსმინისტრის ანრი ოხანაშვილის მიერ მარტში გამოცემული ბრძანებით, ახალი ფორმის დოკუმენტები 4 ივნისიდან უნდა გაცემულიყო, თუმცა ბრძანებაში ცვლილება "ქართული ოცნების" მთავრობის ახალმა მინისტრმა პაატა სალიამ შეიტანა და ვადამ 2 თვით გადაიწია.
ბრძანებაში მხოლოდ ვადა არ არის შეცვლილი, შეიცვალა დოკუმენტების ზოგიერთი ტექნიკური დეტალიც. კერძოდ:
ახალი პირადობის მოწმობა უნდა შეიცავდეს „ინტეგრირებულ მე-4 დონის დამცავ ერთ ნიშანს, რომელიც კლასიფიცირდება, როგორც კონფიდენციალური“;
მოწმობაზე დაიტანება დამკვეთისა და დამამზადებლის სახელწოდებები ინიციალებით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (სემგს) რეგისტრაციის ნომერი;
ახალი მოწმობა ასევე უნდა მოიცავდეს სერტიფიკატებს ან/და გასაღებებს, რომლებიც უზრუნველყოფს დოკუმენტის ან მასზე დატანილი მონაცემების ერთიანობის, ავთენტურობისა და კონფიდენციალურობის დაცვას, მათ შორის – მფლობელის თითის ანაბეჭდსაც.
ბრძანებით გათვალისწინებულია, რომ მოწმობის ელექტრონულ მატარებელზე, მფლობელის სურვილით, ჩაიწეროს:
კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერის სერტიფიკატი და შესაბამისი მონაცემები;
ფიზიკური პირის ავთენტიფიკაციის სერტიფიკატი და შესაბამისი მონაცემები;
ასევე დამცავი მონაცემები, რომლებიც ხელს უშლის მონაცემების არასანქცირებულ გამოყენებას.
ინფორმაციისთვის, 2025 წლის 1-ელ აგვისტომდე გაცემული ძველი დიზაინის მოწმობები ძალაში, სტანდარტულად, ვადის გასვლამდე იქნება.
პირადობის მოწმობის საფასურის გადახდისაგან თავისუფლდებიან:
სოციალურად დაუცველი ოჯახის წევრები სრულად, რომელთა სარეიტინგო ქულა არ აღემატება 70 001–ს ;
მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები სრულად;
საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისათვის ბრძოლაში დაინვალიდებული საქართველოს მოქალაქეები სრულად;
პირები, რომელთაც საქართველოს მოქალაქეობა მიენიჭათ საქართველოს პრეზიდენტის ინიციატივით სრულად ;
სტუდენტები, რომლებიც სწავლობენ ავტორიზებულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში და რომელთა სტატუსის გადამოწმება შესაძლებელია სააგენტოს მონაცემთა ბაზის მეშვეობით, პირადობის ელექტრონული მოწმობის აღნიშნული სტატუსით პირველად აღების შემთხვევაში თავისუფლდებიან განსაზღვრული მომსახურების საფასურის გადახდისაგან – 10 ლარით, ხელმეორედ 6 ლარით, ხოლო ფოტოსურათის საფასურის გადახდისაგან სრულად;
სტუდენტები, სტუდენტური მონაცემით პირადობის ელექტრონული მოწმობის განმეორებით მიღების დროს 10% – ით.
პირები, რომლებზეც შესაძლებელია გაიცეს პირადობის მოწმობა მკვეთრად ან მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსით დაწესებული მომსახურების საფასურისგან გათავისუფლდებიან 50%-ით.