თეგებით ძიება

„სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები უფრო ძვირია, ვიდრე თავად ბაღის გაშენება“ - განიხილება თუ არა დაფინანსების გაზრდა?

„სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები ძვირადღირებული სიამოვნებაა, ბადეებით ბაღის დაფარვა უფრო ძვირია, ვიდრე თავად ბაღის გაშენება“, - ამის შესახებ „ბიზნესპრესნიუსთან“ სოფლის მეურნეობის მინისტრის ყოფილი მოადგილე და შპს „აგრო 1959“-ის მმართველი პარტნიორის გელა ხანიშვილი აცხადებს.

უფრო კონკრეტულად, მისი თქმით, თუ ერთ ჰექტარზე ბაღის გაშენება საშუალოდ 17-20 ათას ევროს მოითხოვს, ბადეებით მოსავლის დაფარვა ამავე ფართობზე 20-25 ათასი ევროს ფარგლებში ჯდება.

„სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები საკმაოდ ძვირადღირებული სიამოვნებაა, მაგალითად, სეტყვის საწინააღმდეგო ბადეებით ბაღის დაფარვა უფრო ძვირია, ვიდრე ბაღის გაშენება. დაახლოებით 17-20 ათასი ევროს ფარგლებში ჯდება ბაღის გაშენება, ბადე ჯდება 20-25 ათასი ევროს ფარგლებში. თუმცა, გასათვალისწინებელია, რომ ბადეები არ არის მხოლოდ ნაყოფის დაზიანებისგან გადარჩენის გზა, სეტყვის დროს ზიანდება მცენარე, მის მკურნალობას წლები სჭირდება, სეტყვა არ ანადგურებს მხოლოდ მიმდინარე მოსავალს, 2-3 წელი (გააჩნია სეტყვას, შესაძლოა, 5 წელიც) დასჭირდეს მკურნალობას. გვქონია შემთხვევა, როცა მცენარის ამოყრა ჯობდა იმის დალოდებას, რომ გაჯანსაღებულიყო“, - აღნიშნავს ხანიშვილი.

ამჟამად სეტყვის საწინააღმდეგო ბადეების დანერგვაში სახელმწიფო 10%-იანი დაფინანსებით შედის. კითხვაზე, ხომ არ განიხილება თანადაფინანსების გაზრდა, ხანიშვილი ამბობს, რომ კი, თუმცა იქვე აღნიშნავს, რომ მეტ დეტალს არ ფლობს.

„ბადეების ნაწილში ცალსახად მნიშვნელოვანია სახელმწიფოსა და ფერმერის ურთიერთობა, არსებული პროგრამების სწორი გამოყენება და სახელმწიფოს ზრუნვა იმაზე, რომ უფრო ფართო დაფარვა იყოს ბადეების კუთხით. მე რამდენადაც მაქვს ინფორმაცია, განიხილება თემა, მათ შორის ბადეების დაფინანსება გაიზარდოს, რადგან ძალიან ნათლად გამოიკვეთა რომ სეტყვის საწინააღმდეგო ბადეები არის მრავალწლიანი კულტურების დაცვის უალტერნატივო საშუალება“, - განაცხადა „ბიზნესპრესნიუსთან“ გელა ხანიშვილი.


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა