აუზების ნაწილი გაძვირდა - რა ღირს ვიზიტი?
თბილისსა და შემოგარენში საცურაო აუზების სეზონი გაიხსნა, მათი ნაწილი კი მომხმარებლებს გაძვირებული მომსახურებით ხვდება. საუბარია, თბილისსა და მის შემოგარენში მდებარე, როგორც ეკონომ, ისე პრემიუმ კლასის აუზებზე.
მაგალითად, თუ 2024 წელს ერთი დღის ფასი, აუზის მოცულობის, კვირის დღეებისა და მომსახურების ხარისხის მიხედვით, 30 ლარიდან (2023 წელს 20 ლარიდან) იწყებოდა, წელს, ანალოგიური პრინციპით, 40 ლარიდან იწყება. კერძოდ, შარშანდელ სეზონზე, ორშაბათი-პარასკევის ჩათვლით აუზები საშუალოდ, 30-70 ლარი ღირდა (იმის წინა სეზონზე 35-50 ლარი), წელს 40-90 ლარია.
აუზების ადმინისტრაციებში მომსახურების გაძვირებას ხარჯების ზრდას უკავშირებენ. მათი თქმით, აუზის მოწესრიგებისა და მოვლისთვის საჭირო ყველა პროდუქტის ფასმა კიდევ მოიმატა.
ნახეთ, რამდენიმე აუზის ფასები:
ოლიმპიური აუზი - საშუალოდ, ორშაბათი-პარასკევი 50 ლარია, შაბათ კვირა 55. წინა წელს სამუშაო დღეებში 30 ლარი, ხოლო, უქმეებზე 40 ლარი ღირდა. თუმცა, აუზით დღის გარკვეული მონაკვეთებში სარგებლობას განსხვავებული ფასი აქვს.
აუზი ზედაზენი - წელს, სამუშაო დღეებში 40 ლარი, უქმეებზე კი 50 ლარია. გასულ წელს უქმეებზე 45 ლარი ღირდა.
ჯინო - ფასები არ გაზრდილა. ისევე როგორც შარშან, კვირის დღეებში მომსახურების ფასი 89 ლარს, ხოლო უქმეებზე 99 ლარს შეადგენს.
კრწანისის რეზიდენციის კომპლექსი - წელს, შარშანდლის მსგავსად, ორშაბათი-პარასკევი ერთდღიანი ვიზიტი 70 ლარი, ხოლო უქმეებზე 90 ლარი ღირს. თუმცა, კრწანისი რეზიდენციაში ასევე მოქმედებს კონკრეტული პაკეტები. მაგალითად, სამუშაო დღეებში საოჯახო პაკეტის ღირებულება 140 ლარია, უქმეებზე 180. ასევე 1-თვიანი ულიმიტო ვიზიტების 750 ლარი ღირს.