როგორ გამოიყურება მზე ახლოდან - ისტორიაში პირველად, გამოქვეყნდა ფოტოები, რომელზეც მზის სამხრეთ პოლუსია ასახული
ევროპის კოსმოსური სააგენტოს (ESA) აპარატმა Solar Orbiter დედამიწაზე პირველ ისტორიაში მიღებული ფოტოსურათები და ვიდეოკადრები გამოაქვეყნა, სადაც მზის სამხრეთი პოლუსია ასახული.
ეს გამოსახულებები მეცნიერებს დაეხმარება მზის ციკლების უკეთ გაგებაში. ამ ციკლების დროს მზის ზედაპირზე მძვინვარე მაგნიტური ქარიშხლები პერიოდულად იცვლება ხანგრძლივი სიმშვიდის პერიოდებით.
რატომ არის მნიშვნელოვანი მზის შესწავლა?
მზის აქტივობის გაგება აუცილებელია, რადგან გაზრდილმა აქტივობამ შეიძლება დაარღვიოს სატელიტური კავშირის ჯაჭვი და მწყობრიდან გამოიყვანოს დედამიწაზე განლაგებული ენერგოსისტემები.
ახალ სურათებზე ჩანს კაშკაშა, მოციმციმე ატმოსფერო, რომლის ტემპერატურა ზოგან მილიონ გრადუს ცელსიუსს აღწევს. მას ენაცვლება მუქი გაზის ღრუბლები, რომლებიც, მართალია, მნიშვნელოვნად ცივია, მაგრამ მაინც ასი ათასი გრადუსის ტემპერატურას ინარჩუნებენ.
ESA-ს სამეცნიერო დირექტორის, პროფესორ კეროლ მანდელის თქმით, ეს კადრები არის ყველაზე ახლო და დეტალური ფოტოები, რაც კი ოდესმე გადაღებულა ვარსკვლავზე, რომელიც სიცოცხლეს უნარჩუნებს ჩვენს პლანეტას.
„მზე ჩვენი უახლოესი ვარსკვლავია, სიცოცხლის წყარო და თანამედროვე კოსმოსური და სახმელეთო ენერგეტიკული სისტემების პოტენციური დამანგრეველი, ამიტომ ჩვენთვის უკიდურესად მნიშვნელოვანია გავიგოთ, როგორ მუშაობს ის და ვისწავლოთ მისი ქცევის პროგნოზირება.“
როგორ გამოიყურება მზე ახლოდან?
დედამიწიდან მზე იმდენად კაშკაშა ჩანს, რომ ერთგვაროვან დისკოდ მოჩანს. თუმცა, სპეციალური ფილტრების გამოყენებით, მეცნიერებს შეუძლიათ ვარსკვლავი მისი ნამდვილი სახით დაინახონ. ისინი ხედავენ თხევად, დინამიკურ ბურთს მაგნიტური ველებით, რომლებიც მბრუნავ ანარეკლს ქმნის, მის ატმოსფეროში იწვევს აფეთქებებს და აირის მარყუჟებს წარმოქმნის მის ზედაპირზე.
სწორედ ეს მაგნიტური ველები განსაზღვრავს, როდის დაიწყებს მზე შტორმებს და როდის გაუშვებს ნაწილაკებს დედამიწის მიმართულებით.
მეცნიერებმა იციან, რომ მზეს აქვს მშვიდი პერიოდი, როდესაც მაგნიტური ველები მოწესრიგებულია და ჩვენს ვარსკვლავს აქვს ფიქსირებული მაგნიტური ჩრდილოეთი და სამხრეთი პოლუსები. ამ ფაზაში მზეს არ შეუძლია ძლიერი აფეთქებების წარმოქმნა, მაგრამ ველები დროთა განმავლობაში უფრო რთული და ქაოტური ხდება, რადგან ისინი გადაადგილდებიან, ხოლო ჩრდილოეთი და სამხრეთი პოლუსები ადგილს იცვლიან დაახლოებით ყოველ 11 წელიწადში.
როდესაც მზე ქაოსურ ფაზაში შედის, თითქოს ძველ კანს იცვლის — ამ დროს დედამიწამდე ძლიერ მზის ქარებს აგზავნის.
მზის ამ აფეთქებებმა შეიძლება წარმოქმნას პოლარული ციალები, მაგრამ იმავდროულად სერიოზულად დააზიანოს სატელიტები და ელექტროსისტემები.
ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორ ლუსი გრინის თქმით, მზის მაგნიტური ველების პოლუსებისკენ გადაადგილების შესახებ მონაცემები აქამდე ზუსტად არ არსებობდა, ამიტომ კომპიუტერული მოდელებით მსგავსი აქტივობის პროგნოზირება რთული იყო. მაგრამ ახლა ეს შეიცვალა:
მომავლის პროგნოზი
რებალონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის პროფესორის, ლუსი გრინის თქმით, მსგავსი აქტივობის პროგნოზირება კომპიუტერული მოდელების დახმარებით ბოლო დრომდე რთული იყო, რადგან არ არსებობდა ზუსტი მონაცემები მზის მაგნიტური ველების პოლუსებისკენ მიგრაციის შესახებ. მაგრამ ახლა ყველაფერი შეიცვალა.
საბოლოო მიზანია შეიქმნას მზის კომპიუტერული მოდელები, რომლებსაც შეეძლებათ ე.წ. კოსმოსური ამინდის პროგნოზირება. ზუსტი პროგნოზები საშუალებას მისცემს სატელიტების ოპერატორებს, ელექტროქსელებს, ასევე პოლარული ნათების დამკვირვებლებს უკეთ დაგეგმონ თავიანთი მოქმედებები ძლიერი მზის ქარიშხლების შემთხვევაში.
„ეს არის მზის ფიზიკის წმინდა გრაალი,“ – ამბობს პროფესორი კრისტოფერ ოუენი, რომელიც სპეციალიზებულია მზის ქარის შესწავლაში, კოსმოსური აპარატის მიერ მიღებული მონაცემების გამოყენებით.
"Solar Orbiter საშუალებას მოგვცემს ჩავწვდეთ ზოგიერთი ფუნდამენტური სამეცნიერო კითხვის არსს, რომლებიც კოსმოსურ ამინდს ეხება. მაგრამ სანამ მზეზე სანდო სიგნალების იდენტიფიცირებას შევძლებთ, ჯერ კიდევ ბევრი სამუშაოა გასაწევი,“ — დასძენს ის.
ქიმიური ელემენტები მზეზე
Solar Orbiter-მა ასევე დააფიქსირა მზის სხვადასხვა ფენაში ქიმიური ელემენტების ახალი გამოსახულებები და მათი მოძრაობა. სურათები გადაღებულია SPICE-ის აპარატის დახმარებით, რომელიც ზომავს სინათლის გარკვეულ სიხშირეს (ე.წ. სპექტრულ ხაზებს), რომელსაც გამოყოფენ კონკრეტული ელემენტები — წყალბადი, ნახშირბადი, ჟანგბადი, ნეონი და მაგნიუმი — ცნობილ ტემპერატურაზე.
SPICE-ის გუნდმა პირველად მიაკვლია სპექტრულ ხაზებს მზის ნივთიერების გროვების მოძრაობის სიჩქარის გასაზომად. ეს გაზომვები დაგვეხმარება იმის გაგებაში, თუ როგორ იფრქვევა ნაწილაკები მზიდან მზის ქარის სახით.