თეგებით ძიება

საქართველოში მოდულარული ხიდების ტექნოლოგია ინერგება – ამერიკული Acrow Bridge და ქართული Infra Construction პარტნიორები გახდნენ

საქართველოს ბაზარზე მსოფლიოში ერთ-ერთი მოწინავე ამერიკული კომპანია Acrow Bridge-ი შემოდის, რომელიც სპეციალიზებულია მოდულარული ფოლადის ხიდების წარმოებაში. კომპანია ამჟამად წარმოდგენილია მსოფლიოს 150 ქვეყანაში და სხვადასხვა ბაზრისთვის უკვე ათასობით მაღალხარისხიანი, თანამედროვე ტექნოლოგიებზე დაფუძნებული ხიდი აქვს მიწოდებული.

საქართველოში Acrow-ს ოფიციალური პარტნიორი და ადგილობრივი წარმომადგენელი ქართული კომპანია Infra Construction-ი გახდა. Acrow Bridge-ი და Infra Construction-ი პარტნიორობის ფარგლებში გეგმავენ, ადგილობრივ ბაზარზე ინოვაციური, მოდულარული ხიდების შემოტანას.

ინფორმაციისთვის, ეს არის ფოლადის ხიდები, რომელთა აწყობაც მცირე დროში ხორციელდება, განკუთვნილია დროებითი ან/და მუდმივი გამოყენებისთვის და ეფექტურია როგორც სტანდარტული ინფრასტრუქტურული პროექტებისთვის, ასევე, საგზაო, სამხედრო, საგანგებო სიტუაციებისა და სხვა დაგეგმილი თუ გადაუდებელი საჭიროებებისთვის.

აღნიშნულ თანამშრომლობასტან დაკავშირებით საქართველოში აშშ-ის საელჩოში უკვე გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის წარმომადგენლები. მათ შესაძლებლობა ჰქონდათ დეტალური ინფორმაცია მიეღოთ კომპანიების საქმიანობისა და შეთავაზებული პროდუქტების შესახებ.

მიმდინარე შეხვედრამდე მედიასთან კომენტარი გააკეთა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა და აღნიშნა, რომ ქართულ-ამერიკული კომპანიების პარტნიორობა ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს.

„ქართული Infra Construction-ისა და ამერიკული Acrow Bridge-ის პარტნიორობა მიზნად ისახავს, საქართველოში Acrow-ს მართლაც გამორჩეული ტექნოლოგიური სერვისების დანერგვას. Acrow Bridge აწარმოებს მოდალურ ხიდებს, რომლებიც იდეალურად ერგება საქართველოს რელიეფს. ამ კომპანიას უკვე ათასობით ხიდი აქვს დამონტაჟებული მსოფლიოს 150 ქვეყანაში. 33 წელია, ამერიკულ კომპანიებს ვუწევ პოპულარიზაციას, რადგან ამერიკული კომპანიები ყოველთვის უზრუნველყოფენ მაღალი ხარისხის მომსახურების მიწოდებას. დარწმუნებული ვარ, ეს პარტნიორობა მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს ამერიკის შეერთებულ შტატებსა და საქართველოს შორის ეკონომიკური ურთიერთობების გაღრმავებაში“, - განაცხადა აშშ-ის ელჩმა საქართველოში, რობინ დანიგანმა.

როგორც Acrow Bridge-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელი აზიაში, ნიკოლა ბერტუჩი აღნიშნავს, აქვს მოლოდინი, რომ მოდულარული ხიდების ტექნოლოგიის დანერგვა საქართველოში წარმატებით განხორციელდება.

„ამერიკული კომპანია Acrow Bridge სპეციალიზებულია ასაწყობი ფოლადის ხიდების დიზაინის შემუშავებაში, წარმოებაში, მშენებლობასა და სწრაფ მონტაჟში. უკვე ვაწვდით ასობით ასეთ ხიდს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში და გვჯერა, რომ საქართველოც იმ ქვეყნების რიცხვშია, სადაც აღნიშნული ტექნოლოგია წარმატებით დაინერგება. Acrow Bridge-ის ხიდები მზადდება უმაღლესი ხარისხის ფოლადისგან, გამოირჩევა გამძლეობით და მათი აწყობა შესაძლებელია სულ რამდენიმე დღეში.

ამ ტექნოლოგიის ხიდები განსაკუთრებით საინტერესოა ისეთი ქვეყნებისთვის (მათ შორის საქართველოსთვის), სადაც კლიმატური ცვლილებებისა და ბუნებრივი კატაკლიზმების შედეგად ზიანდება, ან სრულად ჩასანაცვლებელი ხდება ხიდები. მსგავს გადაუდებელ სიტუაციებში მაღალკვალიფიციურ პერსონალთან ერთად შეგვიძლია, მოდალური ფოლადის ხიდების სწრაფი მიწოდების უზრუნველყოფა და საგანგებო სიტუაციის განმუხტვა. ამ მხრივ განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ჩვენი პარტნიორი საქართველოში Infra Construction-ი, რომელიც საქართველოში Acrow-ს ხიდების პოპულარიზაციაში, მიწოდებასა და მონტაჟში დაგვეხმარება“, - განაცხადა ნიკოლა ბერტუჩიმ, Acrow Bridge-ის ბიზნესის განვითარების ხელმძღვანელმა აზიაში.

როგორც Infra Construction-ის დირექტორი, აკაკი ჯიქია აცხადებს, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ Acrow Bridge-ის გამოცდილების მქონე კომპანია საქართველოს ბაზარზეც იქნება წარმოდგენილი. მას აქვს მოლოდინი, რომ ადგილობრივ ბაზარზე მოდულარუ ხიდებზე მოთხოვნა იქნება.

„დღევანდელი დღიდან Acrow Bridge ოფიციალურად არის წარმოდგენილი საქართველოში. სამოცდაათწლიანი გამოცდილების მქონე კომპანია არაერთ ქვეყანას წარმატებით აწვდის მოდულარულ ხიდებს, რომელიც გამოიყენება ინფრასტრუქტურული, საგზაო თუ სამხედრო დანიშნულების პროექტებისთვის როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორის მიერ. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მსგავსი გამოცდილების მქონე კომპანია მისი საპროექტო და საინჟინრო გადაწყვეტებით საქართველოს ბაზარზეც იქნება წარმოდგენილი. საქართველოში Acrow-ს პარტნიორი და ოფიციალური წარმომადგენელი იქნება Infra Construction. აქედან გამომდინარე, ჩვენ განვახორციელებთ ყველა იმ ტექნიკურ და სამშენებლო პროცესს, რასაც Acrow-ის ხიდების მშენებლობა და საქართველოს ბაზარზე დანერგვა მოითხოვს. ველოდებით, რომ საქართველოს ბაზარზე მოდალურ ხიდებზე მოთხოვნა იქნება. როგორც ჩვენ, ასევე ამერიკულმა მხარემ დავინახეთ, რომ ქვეყანაში არსებობს მსგავსი ხიდების საჭიროება და სწორედ ამიტომ დავიწყეთ თანამშრომლობაც“, - განაცხადა Infra Construction-ის დირექტორმა, აკაკი ჯიქიამ.

წყარო


თეგები


რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა