თეგებით ძიება

რა შეგიძლია ნახო თელავში?

თელავი კახეთის ადმინისტრაციული ცენტრია, რომლის მოსახლეობაც 20,000-ს აღწევს. თელავს ხანგრძლივი ისტორია აქვს, რომლის წყალობითაც აქ არაერთი ძეგლის ნახვა შეგიძლიათ. კახეთი ტურიზმის კუთხით დიდ ინტერესს იწვევს, ამიტომ გთავაზობთ 5 გამორჩეულ ადგილს თელავის მუნიციპალიტეტში:

ვარდისუბნის სვეტიცხოველი და ღვთისმშობლის ეკლესია

ვარდისუბნის სვეტიცხოველი და ღვთისმშობლის ეკლესია მდებარეობს თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ ვარდისუბანში. კომპლექსი შედგება ერთმანეთის გვერდით მდგარი ორი, სხვადასხვა ზომის ეკლესიისაგან. მათგან ჩრდ-ით მდებარე, სამჯერ უფრო მცირე, ღვთისმშობლის სახელობისაა, მეორე კი სვეტიცხოვლის სახელზეა აგებული. სვეტიცხოვლის ეკლ. განეკუთვნება მე-19 ს. ძირითადად ნაგებია აგურით. კედლის წყობაში ალაგ-ალაგ, რიყის ქვის თარაზული შრეების ჩართვით. ეკლ. აღმ-ით დასრულებულია შვერილი. დას-იდან ეკლესიას ერტყმის თანადროული სამრეკლო, რომელიც მთლიანად დანგრეულია. შესასვლელი ეკლესია დას-იდან და სამხრ-იდან (ამოშენებულია) აქვს. 1930-1970-იან წლებში განიცადა მნიშვნ. გადაკეთებები, დაანგრიეს სამრეკლოც. ტაძარს კი საწყობად იყენებდნენ.

იყალთოს მონასტერი

მონასტერი VI საუკუნეში დააარსა ერთ-ერთმა ასურელმა მამათაგანმა ზენონმა, რომლის წმინდა ნაწილებიც ამავე მონასტერში განისვენებს. გადმოცემის თანახმად, არსენ იყალთოელს (XI-XII საუკუნეები) აქ აკადემია დაუარსებია. ჩვენამდე მოღწეულია აქაური ხელნაწერები, რომლებიც შედარებით გვიანდელი ხანისაა და იყალთოს აკადემიის შესახებ ცნობებს არ შეიცავს.

სამონასტრო კომპლექსის ტერიტორიაზე შემოჩერნილია 3 ეკლესია და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობათა, აკადემიისა და სატრაპეზოს ნანგრევები. ეკლესიათაგან მთავარია VIII-IX საუკუნეების ფერისცვალების ეკლესია "ღვთაება" (აგებულია იმ ძველი აკლესიის ადგილას, რომელშიც დაკრძალული იყო ზენონი).

იყალთოს აკადემია XI-XII საუკუნეებში საქართველოში უმაღლესი სასწავლებელი იყო. ამას ადასტურებს მონასტრის ეზოში შემორჩენილი შენობის ნანგრევები, რომლებიც საერო დანიშნულების ნაგებობას უფრო ჰგავს, ვიდრე სამონასტროსი. შენობა მონუმენტური უნდა ყოფილიყო, გელათის აკადემიის შენობის მსგავსი, იმ განსხვავებით, რომ იყალთოს აკადემიის შენობა ორსართულიანია

თელავის სამუზეუმო კომპლექსი

ერეკლე მეორეს სახლ–მუზეუმი (ერეკლეს სასახლე) - დაარსდა 1927 წელს, როგორც მხარეთმცოდნეობის მუზეუმი. „ბატონის ციხის“ არქიტექტურული კომპლექსი დღემდე შემორჩენილი ერთადერთი სამეფო სასახლეა საქართველოში. კომპლექსი, თავისი არქიტექტურულ-ისტორიული მახასიათებლებით კულტურული მემკვიდრეობის ღირსშესანიშნავ ძეგლს წარმოადგენს.

სამუზეუმო კომპლექსში შედის: კახთა მეფის სასახლე XVII-XVIII ს.ს., მეფის კარის ეკლესიები X-XVIII ს.ს., ერეკლეს მიერ დაარსებული ფილოსოფიურ-საღვთისმეტყველო სკოლის ნაშთები, მეფის აბანო – XVII ს., სასახლის ტერიტორიაზე გაყვანილი გვირაბი - XVIII ს., აღმოსავლეთისა და დასავლეთის მხარის უნიკალური კარიბჭეები. მუზეუმში ასევე დაცულია: ნუმიზმატიკური მასალა, ადრეფეოდალური ხანის სარკოფაგი, გვიანი შუა საუკუნეების აბჯარი, მე-17-19 საუკუნეების სპილენძის საოჯახო ნივთების, საბრძოლო იარაღისა, ხევსურული სამოსელის კოლექციები, ფარდაგების მდიდარი კოლექციები, ხელნაწერები, მეფე ერეკლეს სტამბაში დაბეჭდილი წიგნები, სახვითი ხელოვნების საინტერესო ნიმუშები.

"ბატონის ციხედ" ცნობილი სასახლე კახეთის მეფეთა რეზიდენცია იყო. სასახლის კარის ეკლესია, აღმოსავლეთის კარი და აბანო არჩილ მეფის დროსაა აგებული. XVIII საუკუნის მეორე ნახევარში კი ერეკლე მეორემ სასახლეს დიდი გალავანი შემოავლო, რომლის სიმაღლე ხუთ მეტრს აღწევს.

წინანდლის ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი

წინანდლის სამუზეუმო კომპლექსი - ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმი, წინანდლის ულამაზესი ბაღი და მე-19 საუკუნის უნიკალური ღვინის მარანი,  ეკუთვნოდა გარსევან ჭავჭავაძეს – მეფე ერეკლე II-ის დროს საქართველოს სრულუფლებიან ელჩს რუსეთში. სასახლე მემკვიდრეობით მის ერთადერთ ვაჟს – ალექსანდრე ჭავჭავაძეს გადაეცა, ქართული რომანტიზმის ფუძემდებელს, პოეტს და საზოგადო მოღვაწეს. 

წინანდლის ჭავჭავაძეების სასახლის დღემდე შემონახული შენობა 1886 წელს აშენდა და ამჟამად ალექსანდრე ჭავჭავაძის სახლ-მუზეუმს წარმოადგენს. იქ დაცულია ჭავჭავაძეების ოჯახის წევრების პირადი ნივთები. წინანდლის დეკორატიული ბაღი საქართველოში პირველი ევროპული ტიპის სარეკრეაციო ზონაა, პარკი 18 ჰექტარს იკავებს. ალექსანდრე ჭავჭავაძემ მის გასაშენებლად ევროპელი ლანდშაფტის არქიტექტორები ჩამოიყვანა.

ახალი შუამთის ხახულის ღვთისმშობლის დედათა მონასტერი

გვიანი შუა საუკუნეების ქართული მართლმადიდებლური დედათა მონასტერი კახეთში, ახლანდელ თელავის მუნიციპალიტეტში. მდებარეობს ქალაქ თელავთან ახლოს, ცივგომბორის მთის კალთაზე.

მონასტერი დაფუნძნდა XVI საუკუნის 50-იან წლებში, მას შემდეგ, რაც ძველი შუამთის მონასტერი დაცარიელდა. ახალი მონასტერი კახეთის მეფის ლევანის მეუღლის, თინათინის მიერ დაარსდა, რომელიც მონაზვნად აღიკვეცა და ახალი შუამთის მონასტერშია დაკრძალული.

ახალი შუამთის ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძარმა სახელწოდება ადგილმდებარეობიდან მიიღო - მას სამი მხრიდან მთები აკრავს, თავად კი მთათაშუა მდებარე ვაკეზეა აგებული. საბჭოთა ხელისუფლების დროს მონასტერი დაიხურა და ბავშვთა სახლად გადაკეთდა. ახალ შუამთაში სამონასტრო ცხოვრება 1990 წელს აღდგა.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა