რა ვნახოთ მცხეთაში?
მცხეთა - ქალაქი საქართველოში, მცხეთის მუნიციპალიტეტისა და მცხეთა-მთიანეთის მხარის ადმინისტრაციული ცენტრი. მცხეთის ისტორიული ძეგლები იუნესკოს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ნუსხაშია შეტანილი. რამდენიმე ადგილი, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ მცხეთაში:
მუხრანის ციხე
მდებარეობს, ისტორიულ შიოსუბანში, სოფელ მუხრანში. ძეგლი XVIII საუკუნით თარიღდება. აქ იყო მუხრანბატონთა რეზიდენცია უკანასკნელ პერიოდებში. ციტადელის ჭიშკრის თავზე შემორჩენილია წარწერა, რომლის თანახმადაც, ციხე-გალავანი XVIII საუკუნის 30-იან წლებში მამუკა მუხრანბატონს აუგია, ლევან მუხრანბატონის დახმარებით. დაზიანებული ციხე, 1756 წელს, მეფის სახლთუხუცესს – კონსტანტინე მუხრანბატონს განუახლებია. წარწერის მიხედვით ამ დროს სიმაგრე მტრისგან აოხრებული ყოფილა. შემოსევებისას არა მხოლოდ სოფელი მუხრანი, არამედ ახლომახლო სოფლებიც, თავიანთი ქონებით, მუხრანის გალავანს აფარებდა თავს. ციხე-გალავნის უკანასკნელი მფლობელი ივანე მუხრან-ბატონი იყო, რომლის გარდაცვალების შემდეგ, მისმა მემკვიდრემ - კონსტანტინე მუხრანბატონმა სასახლე გაყიდა. ციხეს სხვადასხვა პერიოდში სხვადასხვა დანიშნულებით იყენებდნენ.
მუხრანის ციხე ციტადელისა და გალავნისაგან შედგება. დიდი გალავანი ციტადელს ჩრდილოეთიდან და აღმოსავლეთიდან ებმის. ციტადელი გეგმით კვადრატს უახლოვდება. ჭიშკარი ნაგებობის აღმოსავლეთის კედელშია გაჭრილი. შესასვლელის ნახევარწრიული თაღი პროფილირებულკაპიტელებიან პილასტრებს ეყრდნობა. თაღის არე მთლიანად მაღალ ოთხკუთხედშია ჩასმული. კედლები შიგნიდან ორიარუსიანია. ქვედა იარუსი განიერია, ზედა კი - ვიწრო, რის შედეგადაც საბრძოლო ბილიკი იქმნება.
ჯვრის მონასტერი, ჯაჭვის საყდარი - VI საუკუნის ტაძარი და მონასტერი, მდებარეობს მცხეთის აღმოსავლეთით, მდინარეების მტკვრისა და არაგვის შესართავთან, კლდოვანი მთის წვერზე. მცხეთის ჯვარი იუნესკოს მსოფლიო ხელოვნების საგანძურთა ნუსხაში შედის.
ქრისტიანობის მიღებისთანავე ამ ადგილას მეფე მირიანმა ხის მაღალი ჯვარი აღმართა, რომელსაც თაყვანს სცემდნენ კავკასიის სხვა ქრისტიანი ერებიც. ქართლის ერისმთავარმა გუარამმა ჯვრის გვერდით პატარა ეკლესია ააშენა, რომელსაც დღეს "მცირე ჯვარს" უწოდებენ. VI ს-ის ბოლოს და VII ს-ის დასაწყისში გუარამის ძემ – ერისმთავარმა სტეფამოზ I-მა მცირე ტაძრის გვერდით ააგო დიდი ტაძარი დღევანდელი ჯვარი, რომელიც ზედ გადაეხურა ხის ჯვარს.
სამთავროს მონასტერი
სამთავროს მონასტერი მცხეთა-მთიანეთის მხარეში, ქალაქ მცხეთაში მდებარეობს. ის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კულტურული ძეგლია. აქ უცხოვრია წმინდა ნინოს, აქ არიან დაკრძალული მირიან მეფე და ნანა დედოფალი. სამთავროს მონასტერშია დაკრძალული ასევე ერთ-ერთი ასურელ მამათაგანი აბიბოს ნეკრესელი. კომპლექსი რამდენიმე ნაგებობას მოიცავს: მთავარი ტაძარი, წმ. ნინოს ეკლესია, სამრეკლო და გალავანი კოშკით. მთავარი ტაძარი XI საუკუნით თარიღდება, თუმცა მისი აგების ისტორია ცნობილი არ არის. მცირე ზომის წმ. ნინოს ტაძარიც XI საუკუნისაა, მაგრამ ცნობილია, რომ აქ პირველად ეკლესია მირიან მეფეს აუგია IV საუკუნეში. ეს ეკლესია იხსენიება წმინდა ნინოს ცხოვრებაშიც.
სამთავროს სამონასტრო კომპლექსი რამდენიმე ძეგლისგან შედგება: მთავარი ტაძარი, წმ. ნინოს ეკლესია, სამრეკლო და გალავანი კოშკით. მთავარი ტაძარი XI საუკუნის ჯვარ-გუმბათოვანი ნაგებობაა. ნაგებია მოყვითალო-მოყავისფრო კარგად გათლილი კვადრებით. გუმბათი ორ თავისუფლად მდგომ ბურჯსა და საკურთხევლის კედლების შვერილებს ეყრდნობა.
სვეტიცხოველის საკათედრო ტაძარი
საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მთავარი საპატრიარქო საკათედრო ტაძარი, საქართველოს დედა-ტაძარი, საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქთა ინთრონიზაციის (აღსაყდრების) ადგილი, შუა საუკუნეების საქართველოს მრავალი მეფის, მათი ოჯახის წევრების და პატრიარქთა საკრძალავი, XI საუკუნის ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ერთ-ერთი ოთხ დიდ კათედრალთაგან (ოშკი, ბაგრატის ტაძარი, ალავერდი).სვეტიცხოველი მდებარეობს ქალაქ მცხეთაში, თბილისიდან 20 კილომეტრის დაშორებით. სვეტიცხოველი ყველაზე დიდი ისტორიული საეკლესიო ნაგებობაა საქართველოში დღემდე გადარჩენილთა შორის. იგი საუკუნეთა მანძილზე ქრისტიანული საქართველოს სარწმუნოებრივ ცენტრს წარმოადგენდა. ჯერ კიდევ IV საუკუნეში გაქრისტიანებულ მირიან მეფეს წმინდა ნინოს რჩევით აქ პირველი ეკლესია აუშენებია, რომელსაც ჩვენამდე არ მოუღწევია. 1970-1971 წლებში სარემონტო-სარესტავრაციო სამუშაოთა ჩატარების დროს (ხელმძღვანელი არქიტექტორი ვ. ცინცაძე) მიკვლეულ იქნა მისი საძირკვლის კვალი.
შიომღვიმე
ადრეფეოდალური ხანის საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე თვალსაჩინო მონასტერი. მდებარეობს ქართლში, მცხეთის მუნიციპალიტეტში, თბილისიდან 40 კმ-ზე, მდინარე მტკვრის მარცხენა ნაპირზე.
დააარსა VI საუკუნის II ნახევრის დამდეგს ერთ-ერთმა ასურელმა მამამ შიომ. როგორც წყაროები გადმოგვცემენ, შიოს თავისი სიცოცხლის უკანასკნელი წლები ბნელ და ღრმა მღვიმეში გაუტარებია, გარდაცვალების შემდეგ, თანახმად ანდერძისა, იქვე დაუსაფლავებიათ (აქედან სახელწოდება „შიოს მღვიმე“, „შიომღვიმე“). მისი საფლავი შიომღვიმეში წმინდა ადგილად მიაჩნდათ.
შიომღვიმე ძველი ქართული კულტურულ-მწიგნობრული კერაც იყო. აქ მოღვაწეობდნენ შიო მღვიმელი, ბასილ კარიჭის ძე (XI ს.), არსენ იყალთოელი, არსენ ბერი, გიორგი ხუცესმონაზონი (XIII-XIV სს.), თეოდოსი (1878-1881) და სხვა.