„საგრძნობლად შემცირდება მგზავრობის დრო“ - რა ეტაპზეა ზემო და ქვემო სვანეთის გზის რეაბილიტაცია
"ზემო და ქვემო სვანეთის დამაკავშირებელი (ზუგდიდი-ჯვარი-მესტია-ლასდილის) საავტომობილო გზის რეაბილიტაცია გრძელდება, - ამის შესახებ ინფორმაციას ინფრასტრუქტურის სამინისტრო ავრცელებს.
მათი ცნობით, პროექტის ფარგლებში, საავტომობილო გზების დეპარტამენტი მესტიის მუნიციპალიტეტში, 16 კმ-მდე გზის რეაბილიტაციას ახორციელებს. სამუშაოები ორ მონაკვეთზე მიმდინარეობს და დასრულება წელს იგეგმება.
„გათვალისწინებულია ცემენტ-ბეტონის საფარის, წყალგამტარი მილების, მიერთების, ავტობუსის გასაჩერებელი და მოსაცდელი პავილიონის მოწყობა.
პროექტის განხორციელების შედეგად, საგრძნობლად შემცირდება რეგიონებს შორის მგზავრობის დრო; გაუმჯობესდება საგზაო გადაადგილების უსაფრთხოების ხარისხი; გაიზრდება მთის რეგიონების ტურისტული და საკურორტო პოტენციალი.
ცალკე პროექტის ფარგლებში, უშგულისკენ მიმავალ გზაზე, ე.წ. დევის ნაშენთან, ეწყობა ქვათაცვენისა და ზვავისგან დამცავი საინჟინრო ნაგებობა - სამანქანო გალერეა“, - აღნიშნულია სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.