თეგებით ძიება

„ევროპელების ნაწილისთვის ერთ-ერთი ალტერნატივა საქართველო გახდა“ - როგორ ისახება ირან-ისრაელის დაპირისპირება ტურიზმზე

„იმის გამო საომარი ვითარებაა და იგივე ემირატებისკენ, კატარისკენ, ისრაელისკენ ვეღარ მიდიან ევროპელები, მათი გარკვეული ნაწილისთვის, რომელსაც იქით ჰქონდა დაგეგმილი მოგზაურობაა, ერთ-ერთი ალტერნატივა საქართველო გახდა“, - ამის შესახებ „გამყვანი ტურიზმის ასოციაციის“ დამფუძნებელმა და კომპანია „კლარკ რობინსის“ აღმასრულებელმა დირექტორმა, მამუკა კელაურიძემ განაცხადა.

როგორც ის „ბიზნესპრესნიუსთან“ საუბრისას აღნიშნავს, ირან-ისრაელის კონფლიქტის ტურიზმზე ცალსახად ნეგატიურ გავლენას ახდენს. თუმცა, მისი თქმით, სანამ გარკვეული მიმართულებით, ფრენები არ აღდგება და ვითარება არ დასტაბილურება, ევროპელების ნაწილისთვის, საქართველო გახდა ალტერნატივა.

„ჩვენ ისიც კი არ ვიცით, ეს საომარი მოქმედებები როდის დასრულდება, მაგრამ როდესაც რაღაცაზე მოილაპარაკებენ, ამის შემდეგ მინიმუმ 2 თვე მაინც დასჭირდება ფრენების აღდგენას. რაც მთავარია, ხალხი უნდა დაუბრუნდეს საწყის ფსიქოლოგიურ მდგომარეობას, რასაც კიდევ უფრო მეტი დრო დასჭირდება. ჩათვალეთ, კოვიდის დროს რა პერიოდიც გახდა საჭირო ძალების აღსადგენად, იგივე დრო დასჭირდება.

ჩვენთან, ვინც მხოლოდ ამ 2 ბაზარზე იყო ორიენტირებული, იმ კომპანიებისთვის სერიოზული დარტყმაა. პრაქტიკულად, გაუნულდებათ გაყიდვები. ისე, კი, ჩვენი ტურისტული სააგენტოები ირანიდან ნაკლებად იღებდნენ ტურისტებს, რადგან ირანული კომპანიები თავად არიან ჩვენთან ინტეგრირებულნი და თავისი ქვეყნის მოქალაქეებს ყველა სერვისით უზრუნველყოფდნენ. ამიტომ, ამ მიმართულებით კლება ექნებათ მხოლოდ სასტუმროებს. შესაბამისად, ვერ ვიტყვი, რომ ირანის შემთხვევაში ჩვენთვის ხელშესახები ფინანსური კლება იქნება. რაც შეეხება ისრაელს, აქ თავისთავად ყველა ზარალს მიიღებს“,- ამბობს მამუკა კელაურიძე.

კითხვაზე, საომარმა მოქმედებები სხვა ქვეყნებიდან ჩამომსვლელ ტურისტებზეც ხომ არ მოახდინა გავლენა, მამუკა კელაურიძე ამბობს, რომ კი, რადგან ამ მხრივ, ტურიზმი ყველაზე მოწყვლადია.

„ზოგადად, ბოლო 5 წელია ძალიან სერიოზული გამოწვევის წინაშე დგას ტურიზმის სექტორი. დავიწყოთ კოვიდით, შემდეგ რუსეთ-უკრაინის ომი, ახლა უკვე ირან- ისრაელის ამბავი დაემატა. ყველას ასეთი პროცესი პირველ რიგში ტურიზმზე მოქმედებს და განსაკუთრებით, ჩვენზე. სტატისტიკურად ისედაც ვიცით, რომ შემცირებულია ევროპელი ტურისტების რაოდენობა და ის ყველაფერი, რაც მსოფლიოს მასშტაბით კომპლექსურად მიმდინარეობს, გვაძლევს ამ შედეგს. ზრდა გვქონდა აღმოსავლეთიდან, თუმცა გარკვეული ცვლილებები იქიდანაც იქნება. როგორც იცით, თბილისიდან დაფრინავს: დოჰა, დუბაი, შარჯა, აბუ-დაბი ქუთაისიდან, ყველა მათგანი იქვეა. მე დარწმუნებული ვარ, არც ირანი ესვრის სხვა ქვეყნებს და არც ისრაელი და ამერიკა, მაგრამ ძალიან ახლოს არიან. ამ ეტაპზე, იგივე ემირატების და კატარის ავიახაზები შემოვლით გზით დაფრინავს, რაც ფრენის ხანგრძლივობას ზრდის , თუმცა უსაფრთხოებაა უპირველეს ყოვლისა.

ეს ასევე მოქმედებს ქართველ ტურისტებზეც, ვინც საქართველოდან გადის და ინდოეთის ოკეანის მიმართულებით მიფრინავს, მალდივები იქნება ეს, ტანზანია, სეიშელი თუ სხვა. ჯერჯერობით, რეისები სავსეა, მაგრამ შეიძლება ფასებზე და რაოდენობაზე იმოქმედოს, ეს გარკვეული დროის შემდეგ კიდევ უფრო გამოჩნდება.

თუმცა, ერთი რამ უნდა აღვნიშნოთ, იმის გამო საომარი ვითარებაა და იგივე ემირატებისკენ, კატარისკენ, ისრაელისკენ ვეღარ მიდიან ევროპელები, მათი გარკვეული ნაწილისთვის, რომელსაც იქით ჰქონდა დაგეგმილი მოგზაურობაა, ერთ-ერთი ალტერნატივა საქართველო გახდა. იმიტომ რომ ხედავენ ჩვენთან სიწყნარეა და ჩვენ ომში არ ვარ ჩაბმული“,- ამბობს მამუკა კელაურიძე.

შეგახსენებთ, რომ ის­რა­ელ­მა 13 ივნისს გამ­თე­ნი­ი­სას ირან­ზე უპ­რე­ცე­დენ­ტო თავ­დას­ხმა გა­ნა­ხორ­ცი­ე­ლა, რომ­ლის სა­მიზ­ნეც ქვეყ­ნის ბირ­თვუ­ლი პროგ­რა­მის ლო­კა­ცი­ე­ბი იყო. თავის მხრივ, ისრაელზე სარაკეტო შეტევა განახორციელა ირანმაც, ისრაელის საჰაერო თავდაცვამ ირანის მიერ გაშვებული რაკეტები მოიგერია. სარაკეტო თავდასხმებიდან რამდენიმე დღის შემდეგ კი, როგორც აშშ-ს პრეზიდენტმა დონალდ ტრამპმა განაცხადა, მხარეები ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა