რისი ნახვა შეგიძლია გურჯაანში?
გურჯაანი მდებარეობს გომბორის ქედის ჩრდილო–აღმოსავლეთ მთისწინეთის და ალაზნის ველის მიჯნაზე, ბაკურციხე-თელავის საავტომობილო გზაზე. ზღვის დონიდან 400 მ სიმაღლეზე, თბილისიდან დაშორებულია 111 კმ-ით. მოსახლეობა 8,000 კაცს უტოლდება. გთავაზობთ რამდენიმე ადგილს, რომელიც აუცილებლად უნდა ნახოთ:
კარდენახის საბაწმინდის ტაძარი
საბაწმინდის ეკლესია განეკუთვნება XIII საუკუნის პირველ ნახევარს. ეკლესია გეგმით ჩახაზული ჯვრის ტიპისაა, რამდენადმე წაგრძელებული აღმოსავლეთ და დასავლეთ მკლავებით. ნაგებია ძირითადად აგურით, გარედან მთლიანად შირიმის ქვითაა მოპირკეთებული. მკლავების გადაკვეთაზე აღმართულია გუმბათი, რომელიც ეყრდნობა საკურთხევლის შვერილებსა და დასავლეთის ორ თავისუფლად მდგომ სწორკუთხა ბოძს. გუმბათის ყელის საფუძველი ხაზგასმულია შვერილი ზოლურით, რომელიც გამოყვანილია ნახევარწრიული ფორმის ლეკალური აგურის ორი რიგით.
ეკლესიის შიდა სივრცეს საკურთხევლის სამი და გუმბათის ყელში გაჭრილი თორმეტი მაღალი სარკმლის გარდა, კიდევ სამი თაღოვანი სარკმელი აშუქებს, რომლებიც გაჭრილია სამხრეთის, დასავლეთისა და ჩრდილოეთის კედლების ღერძზე. XX საუკუნის 80-იან წლებში ჩაუტარდა სარესტავრაციო სამუშაოები, რომლის დროსაც აღადგინეს გუმბათის ყელი და ლავგარდანი.
ჭერემის საეპისკოპოსო ტაძრის კომპლექსი და ნაქალაქარი
ჭერემის ნაქალაქარი, მდებარეობს გომბორის ქედის ცენტრალურ ნაწილში, სოფელ ჭერემის ტერიტორიასა და მის დასავლეთით მდებარე კლდოვან ბორცვზე, მდინარე ჭერმისხევის მარცხენა მაღალ ნაპირზე. საისტორიო წყაროებში ქალაქ ჭერმის ლოკალიზაციის, ქრონოლოგიის, საეკლესიო კათედრის დაწესების, სპარსთა ლაშქრობისა და მისი მარშრუტის შესახებ დაცული ცნობები მნიშვნელოვნად შეავსო ნაქალაქარის არქეოლოგიოურმა გამოკლევამ, რომელსაც 1970 წლებიდან ათი წლის განმავლობაში ეწეოდა კახეთის არქეოლოგიური ექსპედიცია.
კომპლექსში შედის: საკათედრო ტაძარი, სასახლე და გალავანი. საკათედრო ტაძარი დგას გალავნით შემოფარალულ ეზოში, სწორ ადგილზე. ტაძარი სამეკლესიიანი ბაზილიკაა, გარშემოსავლელით სამი მხრიდან, რომელიც მთავარ ეკლესიას წყობით არ უკავშირდება. გარშემოსავლელის სამხრეთ და ჩრდილოეთ ფრთები დამოუკიდებელ ეკლესიებს წარმოადგენენ, დასასავლეთისა კი კარიბჭეს. გ. ჩუბინაშვილი, რომელმაც ტაძარი 1920 წელს შეისწავლა, მას X-XI საუკუნეებით ათარიღებს და ფიქრობს, რომ იგი ერთიანი გეგმის მიხედვითაა აგებული, მაგრამ ორი ხერხით.
სასახლე დგას საეპისკოპოსო ტაძრის სამხრეთ - დასავლეთით, ორმოციოდე მეტრზე, მდინარე ჭერმისხევის ხეობის პირას, ფლატის თავზე და განეკუთვნება VIII-IX საუკუნეებს. შენობა ნაგები ყოფილა ნატეხი ქვით.
ვაჩნაძიანის ყველაწმინდა
ვაჩნაძიანის ყველაწმინდა გარდამავალი ხანის ძეგლია, რომელიც კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვაჩნაძიანიდან 8 კმ-ში მდებარეობს. ის VIII-IX საუკუნეებით თარიღდება. ვაჩნაძიანის ყველაწმინდა მხატვრული ღირებულებით თავისი ეპოქის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ძეგლია. ამ ტაძრის კომპოზიციაში, კონსტრუქციასა და დეკორში მკაფიოდ იკვეთება ეპოქის მხატვრული ინტერესები და სწრაფვა სიახლეებისკენ. გარდა თავად ვაჩნაძიანის ყველაწმინდის ტაძრისა(ღვთისმშობლის სახელობის ეკლესია), ვაჩნაძიანის სამონასტრო კომპლექსში შედის წმ. გიორგის სახელობის სამეკლესიიანი ბაზილიკაც.
ვაჩნაძიანის სამონასტრო კომპლექსი მოიცავს ღვთისმშობლის სახელობის ტაძარს (ვაჩნაძიანის ყველაწმინდა), სამეკლესიიან ბაზილიკასა და სამონასტრო ნაგებობათა ნაშთებს. ვაჩნაძიანი ყველაწმინდა გუმბათიან დარბაზს (კუპელჰალე) წარმოადგენს. წაგრძელებული, აფსიდიანი ნავის ცენტრში კედლის შვერილებზე დაყრდნობილი გუმბათია აღმართული. ნავის გარშემო გარშემოსავლელი, ტრიკონქის ფორმის სათავსოები და აფსიდით დასრულებული სადგომები – ეკლესიებია მოწყობილი.
გურჯაანის ყველაწმინდა
გურჯაანის ყველაწმინდა - ერთადერთი ორგუმბათიანი ბაზილიკა საქართველოში, VIII-IX საუკუნეების ქართული ხუროთმოძღვრების უმნიშვნელოვანესი ძეგლი — ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია. მდებარეობს კახეთის მხარეში, ქალაქ გურჯაანიდან 2 კმ-ზე, კახთუბნის ხეობაში.
გურჯაანის ყველაწმინდის ტაძართან და აქ არსებულ მამათა მონასტერთან დაკავშირებულია ლეგენდა ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედ ხატზე, რომელიც წლების განმავლობაში აქ ინახებოდა. მღვდლის, პოლიკარპე კარბელაშვილის ცნობით, ხატის ცენტრალური ნაწილი (ღვთისმშობელი ყრმით) საღებავით ყოფილა დაწერილი, ხოლო გარშემო მოოქროვილი ჭედური ჩარჩო ჰქონია შემოვლებული. ხატის სიგრძე დაახლოებით 30 გოჯი იყო, ხოლო სიგანე - 7. ამ ხატთან დაკავშირებული ყოფილა ასეთი ისტორია: 1615 წლის შემოდგომაზე შაჰ-აბასის კახეთში ლაშქრობის დროს მონასტრის წინამძღვარი ყოფილა მამა იოანე. მან შეკრიბა მონასტრის საძმო და მათთან ერთად გადაწყვიტა, მონასტერი არ მიეტოვებინათ, მაგრამ ტაძრის სიწმინდეები და საეკლესიო ნივთები დროებით ტაძრის ქვემოთ, საიდუმლო ოთახში გადაემალათ.
ეკლესიის გეგმა რთული აგებულებისაა, ცალკეულ ნაწილებში იგი ორსართულიანია. აგებულია შერეული მასალით: კარგად შერჩეული ფორმის რიყის ქვით ამოყვანილია გარეთა კედლები, აფსიდა, გვერდითი ნავები და პატრონიკეები; შირიმი ნახმარია კედლების კუთხეებში (წყობის გასამაგრებლად), ხოლო აგურით ამოყვანილია მთელი შუა ნავი, კედელ-კამარა-გუმბათებიანად.
ლაკბეს (ლაკბის) წყალსაცავი
ლაკბეს (ლაკბის) წყალსაცავი - მდებარეობს კახეთში, გურჯაანის მუნიციპალიტეტში, სოფელ არაშენდას მახლობლად. შექმნილია მდინარე ლაკბეს დაგუბების შედეგად.
სოფელ არაშენდას მახლობლად, ფხოველის ტყის ტერიტორიის უნიკალურობას აქ არსებული ბუნებრივად მომდინარე მჟავე წყლები და მინერალებით მდიდარი ტალახის არსებობა განსაზღვრავს, რომელიც სამკურნალო თვისებებით გამოირჩევა. ტერიტორია გომბორის მთიანეთის ნაწილია.
წყალსაცავის მშენებლობა დაიწყო გასული საუკუნის 80–იან წლებში სამელიორაციო მიზნით, კერძოდ წყალსაცავს სარწყავი წყლით უნდა მოემარაგებინა შირაქის ველი, მაგრამ წყალსაცავის მშენებლობა ვერ დასრულდა და ამჟამად ის ფაქოტბრივად წარმოდგენილია როგორც ბუნებრივი ტბა. მისი მაქსიმალური სიღრმეა 22 მეტრი. ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციით, ტბაში გაშვებული იყო კობრი და სქელშუბლა, მდინარიდან ბუნებრივად მოხვედრილია ქაშაპი. წყალსაცავი საჭიროებს შემდგომ შესწავლას არსებული იქტიოფაუნის თვალსაზრისით.
