თეგებით ძიება

"თუ ირანი დაიშალა 7 ან 9 ახალ სახელმწიფოს მივიღებთ...“ - რა საფრთხეს შეიცავს ეს საქართველოსთვის?!

"ირანი სულ უფრო უახლოვდება დეზი­ნტეგრაციას და საქართველოსთვის კატეგორიულად მიუღებელი თურანის საფრთხეც მატულობს როგორც არასდროს თემურ-ლენგის ხანიდან, რომლის ოფიციალური ტიტულიც თურანის ამირა იყო!" - განაცხადა პოლიტიკის ანალიტიკოსმა მირიან­ მირიანაშვილმა მას შემდეგ, რაც ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესები უმძიმეს სამხედრო კონფლიქტში გადაიზარდა...

- ტრამპმა განაცხადა, რომ ირან-ისრაელის­ კონფლიქტში ამერიკის შესაძლო ჩართულობაზე საბოლოო გადაწყვეტილებას მომდევნო ორი კვირის განმავლობაში მიიღებს, რომ ირანს ჯერ კიდევ აქვს შანსი, აირიდოს ამერიკის სამხედრო პასუხი. როგორ წარმოგიდგენიათ, როგორი იქნება ირანის პოლიტიკური ხელმძღვანელობის საბოლოო გადაწყვეტილება?

- ირანი უზარმაზარი ისტორიის მქონე­ ქვეყანაა, მაგრამ ვისაც მისი სამხედრო და პოლიტიკური ისტორია აქვს შესწავლილი­, იცის, რომ სამჯერ მეტი ომი აქვს წაგე­ბული, ვიდრე მოგებული. ბოლო 400 წლის განმავლობაში, ფაქტობრივად, ომი არ მოუგია. რამდენჯერმე მოხდა ირანის დეზინტეგრაციაც. მდგომარეობა, რომელშიც ახლა იმყოფება, მისთვის უჩვეულო არ არის. საქმე ის არის, ისრაელს შეუძლია ირანის დასუსტება, მაგრამ მის სამხედრო-პოლიტიკურ ძლევამოსილებას წერტილს ვერ დაუსვამს. არც მას და არც სხვა რომელიმე ქვეყანას, აშშ-ის გარდა, ამის რესურსი არ გააჩნია. თუმცა ტრამპის ადმინისტრაციასაც სჭირდება შიდაპოლიტიკური და ელექტორალური მხარდაჭერა. რაც შეეხება ტრამპს, ის პირველ რიგში რეიტინგზე ოპერირებს. მართალია, საკმაოდ ალარმისტული გეგმები ჰქონდა, მაგრამ ბოლო პერიოდში მისი რეიტინგი საგრძნობლად დაეცა. 37-38%-იანი რეიტინგით რთულია ავანტიურისტული ნაბიჯების გადადგმა. თუ დაინახა, რომ სამხედრო-პოლიტიკური ინტერვენცია რეიტინგს აუწევს,­ შანსს ხელიდან არ გაუშვებს, მაგრამ თუ მიხვდა, რომ ეს ნაბიჯი რეიტინგულ დივიდენდებს არ მოუტანს, თავს შეიკავებს. ამ ორი კვირის განმავლობაში ის ყურადღებით დააკვირდება ირანის დაუძლურების ხარისხს და გადაწყვეტილების მიღებისას ამასაც გაითვალისწინებს. ელექტრორალური მხარდაჭერის შემთხვევაში, ერთკვირიანი სპეცოპერაციაც კი საკმარისი იქნება ირანის დასამარცხებლად. შეიძლება ითქვას, ამერიკა ახლა ისრაელს შავ საქმეს აკეთებინებს, თვითონ კი გადამწყვეტი ეპიზოდისთვის ემზადება.

- როგორ შეიძლება ესახებოდეთ დასავლელ ლიდერებს ირანის მომავალი?

- დასავლეთში კარგად იციან, რა საფრთხეები შეიძლება გამოიწვიოს ირანის დეზინტეგრაციამ. სიტუაციას განსაკუთრებულად ართულებს ამ ქვეყანაში მყოფი ანტაგონისტური ეთნიკური ჯგუფები.

სამწუხაროდ, ქართულ პოლიტიკურ ელიტას ნაკლებად ესმის ირანის შიდაპოლიტიკური მექანიზმები. XVI საუკუნიდან, მას შემდეგ, რაც სუნიტური ირანი შიიტური სახელმწიფო გახდა, პატარა ინტერვალების გამოკლებით ამ ქვეყანას აზერბაიჯანელი სამხედრო-პოლიტიკური ელიტა მართავდა. სპარსელები მეორე პლანზე დარჩნენ - ძირითადად, პოლიტიკური ადმინისტრაციის, კულტურული სეგმენტისა და ვეზირების ნაწილს წარმოადგენენ, მაშინ როცა სამხედრო-პოლიტიკური დომინაცია აზერბაიჯანელებზე­ იყო გადანაწილებული. ეს კომბინაცია ბევრი დამორჩილებული ეთნიკური ჯგუფისთვის დღემდე მიუღებელია. გილანელები­, მაზანდარელები, ლორები, ხორასნელები - ყველა მათგანი ორიათასწლიანი სახელმწიფოებრივი ისტორიის მქონეა და წარსულში დამოუკიდებელ სახელმწიფოებადაც არსებობდნენ. სწორედ ამიტომ ირანის დეზინტეგრაციის შემთხვევაში შესაძლებელია 7-დან 9-მდე ახალი სახელმწიფო გაჩნდეს. ჩრდილოეთ ირანში­ ცხოვრობს დაახლოებით 30 მილიონი აზერბაიჯანელი. თუ ირანი დეზინტეგრაციას დაექვემდებარა, მაშინ ჩრდილოეთ და სამხრეთ აზერბაიჯანის ერთ სახელმწიფოში გაერთიანება, პრაქტიკულად, გარდაუვალი გახდება. ასეთ შემთხვევაში ჩვენ ორ თურქეთს შორის აღმოვჩნდებით - დასავლეთით და აღმოსავლეთით. ეს იმგვარი პროცესია, რომელიც დიდ თურანიზმის იდეას ახალ სიცოცხლეს სძენს. ეს კი ამერიკისთვის პრინციპულად მიუღებელია.

- ბრიტანული გამოცემა "გარდიანი" წერს, რომ ირანში აფეთქება შიგნიდანაც არის მოსა­ლოდნელი. მათ შორის, თეოკრატიული მთავრობის დამხობას ელოდება რეზა ფეჰლევი - გარდაცვლილი შაჰის, რეზა ფეჰლევის ვაჟი.

- ირანში დიდხანს ვცხოვრობდი და ამ საზოგადოებას კარგად ვიცნობ. ის იმდენად ფრაგმენტირებულია ეთნიკური ნიშნით, რომ მათი კონსოლიდაცია უკიდურესად რთულია. მათ არა აქვთ იმის უნარი, ირანის სასულიერო ხელმძღვანელობას, თუნდაც ძალიან დასუსტებულს, საკუთარი ნება მოახვიონ თავს.

ირანი რომ თურქეთივით ეთნიკურად ერთიანი სახელმწიფო იყოს, მაშინ ასეთი ვარაუდი უფრო გამართლებული იქნებოდა, მაგრამ მულტინაციონალისტურ სახელმწიფოში ეს თითქმის შეუძლებელია. სხვათა შორის, ამ ეთნიკურ მრავალფეროვნებას ირანის სასულიერო ისტებლიშმენტი ყოველთვის იყენებდა საკუთარი მიზნებისთვის. რაც შეეხება რეზა ფეჰლევის, ის არ არის ლეგიტიმური შაჰების მემკვიდრე. XX საუკუნის დამდეგს ინგლისელებმა ერთი ჩვეულებრივი აზერბაიჯანელი, გვარად დადაში, რომელსაც არანაირი კავშირი არ ჰქონდა არც ირანელ არისტოკრატიასა და მით უფრო, არც შაჰების ნამდვილ გენეალოგიურ ხაზთან, შაჰად გამოაცხადეს, მისცეს ირანული არისტოკრატიული გვარი - ფეჰლევი და შექმნეს ფსევდოდინასტია. ფეჰლევების დინასტია 1920-იანი წლებიდან იწყება. მოჰამედ რეზა ფეჰლევის დამარცხების ერთ-ერთი მიზეზი ისიც იყო, რომ თვითმარქვია შაჰების შთამომავალი იყო. საზოგადოებრივი­ მხარდაჭერის რესურსი მათ დღესაც ძალიან მცირე აქვთ. ევროპისა და ამერიკის პოლიტოლოგიურ წრეებში ტრიალებს ვერსია, რომ ირანი რესპუბლიკად უნდა გადაიქცეს. თუმცა საბოლოო სიტყვა მაინც ამერიკის ადმინისტრაციაზეა დამოკიდებული, ამერიკა კი საკუთარ პოზიციას მხოლოდ მაშინ დააფიქსირებს, თუ სამხედრო-პოლიტიკურ კონფლიქტში თავად ჩაერთვება. არის ერთი მნიშვნელოვანი დეტალი - ირანული სხვადასხვა ეთნიკური ელიტის ემიგრირებული წარმომადგენლები ვაშინგტონში სერიოზული კომუნიკაციის არხებით არიან დაკავშირებული პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ ელიტასთან. ისინი მაშინვე ამოქმედდებიან, როგორც კი აშშ ჩაერთვება კონფლიქტში. სხვა შემთხვევაში არც ერთი ეთნიკური ელიტა არ გარისკავს ღია კონფრონტაციას დღევანდელ რეჟიმთან. სხვათა შორის, არ გეგონოთ, ირანის სასულიერო ხელმძღვანელებს კომუნიკაცია არა აქვთ დასავლეთის პოლიტიკური გადაწყვეტილებების მიმღებ პირებთან. უბრალოდ, ჩინეთისა და რუსეთისგან შეგულიანებულები ამბიციებს აჰყვნენ და შეცდომა დაუშვეს. ახლა ყველაფერი კარგად გააანალიზეს და როგორც მე ვიცი, კულუარულად ძალიან აქტიურობენ და მაქსიმალურად ცდილობენ თავი აარიდონ ამერიკელების პირდაპირ ჩართულობას კონფლიქტში. მზად არიან ჩაეხსნან ჩინეთსა და რუსეთს, პროქსიძალებზე თქვან უარი და ა.შ. ერთადერთი, რაზეც ჯერ კიდევ მოლაპარაკებაა, არის ამერიკელების მოთხოვნა, რომ ირანმა თავად გაანადგუროს ბალისტიკური პროექტის ფარგლებში არსებული სამრეწველო სიმძლავრეები.

- ის ფაქტი, რომ ირანი აღარ იქნება რუსეთის მხარდამჭერი და პარტნიორი უკრაინასთან ომში, რა გავლენას იქონიებს რუსეთ-უკრაინის ომის სურათზე?

- რუსეთმა უკვე ძალიან დიდი მარცხი განიცადა - მოსკოვს დარჩა მთელი საბჭოთა კავშირის შეიარაღების 90%. ის წლების განმავლობაში ემზადებოდა უკრაინის დასაპყრობად, მისი სამხედრო ბიუჯეტი 65 მილიარდი დოლარი იყო, უკრაინის კი 2 მილიარდი, მაგრამ ომის პირველი 6 თვის განმავლობაში ყველაზე კომფორტულ პირობებშიც კი ვერ გატეხა უკრაინული არმიის წინააღმდეგობა. წარმოუდგენელია მიზანს მიაღწიოს, ახლა, როცა სამხედრო ბალანსი მკვეთრადაა შეცვლილი რუსეთის საზიანოდ.

ახლა მსოფლიოში და განსაკუთრებით რეგიონში ისეთი ვითარებაა, წესით, ჩვენ ამერიკელების პოლიტიკური მოკავშირეები უნდა ვიყოთ, მაგრამ მაინცდამაინც ახლა გავემიჯნეთ გადაწყვეტილებების მიმღებ პოლიტიკურ ცენტრებს.

- ობიექტურად რომ ვთქვათ, რისი გაკეთება შეეძლო საქართველოს?

- ამერიკელებს წინა აზიასა და კავკასიაში ისეთი კონფიგურაციის ჩამოყალიბება სურთ, რომელიც არ იქნება მათთვის მიუღებელი პოლიტიკური ცენტრების, რუსეთისა­ და ჩინეთის პარტნიორი. ასევე არ წყობით თურქეთის დომინირება რეგიონში. შესაბამისად, ამერიკა დაიწყებს პატარა სახელმწიფოების მოძლიერებას, რათა ისინი ბარიერი იყოს რეგიონში დომინანტებისთვის. რეგიონში მხოლოდ ჩვენ და სომხები ვარღვევთ თურქული მასის ერთიანობასა და იდენტობას. დიდი თურანის იდეა ამერიკელებისთვის ყოველთვის­ მიუღებელი იყო, ქართული ჯარი კი 500 წელი იბრძოდა ორი გეოპოლიტიკური პროექტის წინააღმდეგ, პირველი იყო სპარსელების სურვილი შავი ზღვის მეშვეობით ევროპასთან ფანჯარა გაეჭრათ და მეორე იყო დიდი თურანის იდეა. ქართულმა ჯარმა ხუთსაუკუნოვანი ბრძოლის შედეგად ჩაშალა ორივე პროექტი. დღეს, როდესაც ბონუსები­ უნდა მიგვეღო, სწორედ ახლა ამოვვარდით მსოფლიო პოლიტიკიდან. ეს არის ყველაზე დიდი აბსურდი, რაც შეიძლება დაგვმართოდა.

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა