ის რაც ყველა ქართველმა უნდა ნახოს ახალციხეში!
ახალციხე (ძველად ლომსია) სამცხე-ჯავახეთის ადმინისტრაციული ცენტრია, რომელიც მდებარეობს სამხრეთ საქართველოში, ახალციხის ქვაბულში, მდინარე ფოცხოვისწყლის ორივე ნაპირზე, ზღვის დონიდან 1000 მ სიმაღლეზე. თბილისიდან დაახლოებით 200 კმ.-ში. გთავაზობთ ადგილებს, რომლებიც არ უნდა გამოგრჩეთ:
რაბათის ციხე
„რაბათის“ ისტორიულ უბანი მდებარეობს მდინარე ფოცხოვის ნაპირზე. ციხე-კომპლექსი დღესდღეისობით რეაბილიტირებულია, იგი შუა საუკუნეების სხვადასხვა პერიოდის ნაგებობისგან შედგება. ციხე-კომპლექსი რეგიონის უმნიშვნელოვანესი თავდაცვითი ნაგებობა იყო, მის კედლებს არაერთი მძიმე ბრძოლა ახსოვთ. საუკუნეების მანძილზე აქ ახალციხის მფლობელთა რეზიდენცია იყო. ციხე-სიმაგრეს შემოვლებული ჰქონდა სამი გალავანი და შემოგარენს მიწისქვეშა გვირაბით უკავშირდებოდა.
ციხის ისტორია IX საუკუნიდან იწყება. XII–XIII საუკუნეებში ციხე ჯაყელების რეზიდენციად იქცა, იგი აღადგინეს და გააფართოვეს. სწორედ ამ დროიდან ჩნდება ტოპონიმი „ახალციხე“. 2011-2012 წლებში მიმდინარე რესტავრაციის შედეგად ციხე-კომპლექსის ტერიტორიაზე განახლდა გალავანი, ციტადელი, IX-X სს-ის მართლმადიდებლური ტაძარი, ჰაჯი ახმედ-ფაშა ჯაყელის სახელობის მეჩეთი, მედრესე, მინარეთი და ჯაყელების სასახლე, სადაც განთავსდა სამცხე-ჯავახეთის ისტორიის მუზეუმის საგამოფენო დარბაზი.
საფარის მონასტერი
სამონასტრო კომპლექსი X-XIV საუკუნეების რამდენიმე ნაგებობას მოიცავს, ესენია: წმ. საბა განწმენდილის მთავარი ტაძარი, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, მცირე სამლოცველოები, სამრეკლო, ჯაყელთა სასახლე და ციხე-გალავანი, რუსი ბერების დროინდელი სენაკები და ნაგებობები. საფარა ადრე სამცხის ათაბაგების, ჯაყელების, ერთ-ერთი რეზიდენცია იყო, X საუკუნეში კი აქ უკვე მონასტერი იყო. მონასტრის ნაგებობების აშენების შესახებ ისტორიულ წყაროებში ფაქტობრივად არაფერია ცნობილი, თუმცა წმ. საბას ტაძრის წარწერები საინტერესო ცნობებს გვაწვდიან მისი დათარიღებისთვის და ასევე ქტიტორთა შესახებ. სახელი „საფარა“ წერილობით წყაროებში პირველად X საუკუნეში ჩნდება.
საფარის მონასტერი საკმაოდ მასშტაბური კომპლექსია და სხვადასხვა პერიოდის ნაგებობებს მოიცავს, ესენია: წმ. საბა განწმენდილის მთავარი ტაძარი, ღვთისმშობლის მიძინების ეკლესია, მცირე სამლოცველოები, სამრეკლო, ჯაყელთა სასახლე და ციხე-გალავანი, რუსი ბერების დროინდელი სენაკები და ნაგებობები და სხვადასხვა დანიშნულების ნაგებობები.
აწყურის ციხე
იგი ისტორიულ წყაროებში პირველად XI საუკუნის შუა წლებში იხსენიება. აწყურის ციხის მშენებლებმა ძალიან მოხერხებულად გამოიყენეს მაღალი და ძნელად მისადგომი კლდოვანი რელიეფი და სამშენებლო თვალსაზრისით რთული და საინტერესო ნაგებობა შექმნეს. ციხეში შესვლა შესაძლებელია კლდეში გამოკვეთილი ვიწრო გვირაბით. აწყურის ციხე სამხრეთიდან იცავდა ბორჯომის ხეობას. XVI საუკუნის II ნახევარში სიმაგრე ოსმალებმა დაიკავეს. 1770 წელს აწყურის ციხის აღება რუსებისა და ქართველების გაერთიანებულმა ლაშქარმა სცადა, თუმცა ეს ვერ შეძლო. 1829 წელს ადრიანოპოლის საზავო ხელშეკრულების თანახმად, აწყურის ციხე გათავისუფლდა ოსმალთა ბატონობისაგან. ციხე-სიმაგრე სრული სახით არ არის შემორჩენილი, შეინიშნება სხვადასხვა დროის სამშენებლო ფენები. ციხე დღესდღეობით მძიმე მდგომარეობაშია, 2009 წელს ის ჩამოინგრა, 2013 წელს ჩატარდა დამაგრებითი სამუშაოები, თუმცა დღეს კვლავ არსებობს დანგრევის საფრთხე.
