თეგებით ძიება

რა იცით მარტვილის სამონასტრო კომპლექსზე?

მარტვილის სამონასტრო კომპლექსი - ადრეული შუა საუკუნეების ქრისტიანული ტაძარი და სამონასტრო კომპლექსი მარტვილში, სამეგრელო.

სამონასტრო კომპლექსი მდებარეობს ქალაქ მარტვილის ცენტრის მახლობლად, მაღალ ბორცვზე მოხერხებულ გეოგრაფიულ და სტრატეგიულ ადგილზე. მთის ძირში ფართოდ გადაშლილია მდინარე ცხენისწყლისა და მდინარე აბაშის ველები. მონასტრიდან თითქმის მთელი იმერეთი და სამეგრელო მოჩანს. იგი გალავნითაა შემოსაზღვრული. მთავარი ტაძარი ღვთისმშობლის მიძინების სახელობისაა. ხოლო მეგრული სახელწოდება ჭყონდიდი წარმოიშვა „დიდი ჭყონის“ - დიდი მუხისაგან. წარსულში, ჭვენიას მაღალი ბორცვი, რომელზედაც ახლა მონასტერია აღმართული, დამშვენებული იყო „ჭყონის“ (მუხის) ათასწლოვანი ხეებით.

მარტვილის სამონასტრო კომპლექსში შემავალი ნაგებობებია: გალავანი, ოთკუთხა სათავსი, მთავარი ტაძარი, ჩიქვანების ეკლესია, სამრეკლო, ეგვტერი.

შუა საუკუნეებში მარტვილი დიდი კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრი იყო, სადაც არაერთი ცნობილი მწიგნობარი მოღვაწეობდა და მრავალი უნიკალური ხელნაწერი ინახებოდა. ცენტრალური ტაძარი ჯვარგუმბათოვანია. ტაძრის ფასადები მოჩუქურთმებულია. ფიგურები და მცენარეული ორნამენტი ერთიან ნახატს ქმნის და ძველი აღთქმისა და სახარების სცენებს ასახავს. ტაძარში შემორჩენილია XIV-XVI და XVII საუკუნის მოხატულობა. მთავარი ტაძრის გვერდით X საუკუნის ორსართულიანი ეკლესია მდებარეობს.

დასავლეთით მთავარ ტაძართან ახლოს დგას მაღალი სვეტი, რომელზეც მესვეტის ეკლესია-ოთახია. აქ უკანასკნელი მესვეტე ბერი მე-20 საუკუნის დასაწყისში მოღვაწეობდა.

მარტვილის მონასტერი გასაბჭოებამდე მოქმედი იყო. აქ მამათა ლავრა მოქმედებდა, შემდგომ წლებში იძულებითი უმოქმედობა სუფევდა მონასტერში, 1998 წლიდან საქართველოს პატრიარქის ილია მეორეს ლოცვა-კურთხევით მარტვილი ისევ სამონასტრო კომპლექსად იქცა. ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე აშენდა საპატრიარქო რეზიდენცია, დაარსდა წმინდა ანდრია პირველწოდებულის მამათა მონასტერი, წმინდა ნინოს სახელობის დედათა მონასტერი. განახლდა ბერ-მონაზონთა ცხოვრება.

მარტვილის მონასტრის ერთ-ერთ გამორჩეულ ადგილას - სამეფო ოთახში, რომელიც გვიან შუა საუკუნეებში განძთსაცავს წარმოადგენდა, ამჟამად მეუფე პეტრეს ლოცვა-კურთხევით გახსნილია სამლოცველო საცავი - მუზეუმი, სადაც ინახება სხვადასხვა დროის სიწმინდეები.

VII საუკუნეში აშენდა მარტვილ - ჭყონდიდის ტაძარი ქართული ხუროთმოძღვრების მშვენება. გადმოცემით, აქ წარმართები თავიანთ კერპს - ჭყონდიდს (დიდი მუხა) დედისერთა ჩვილ-ბავშვებს სწირავდნენ მსხვერპლად. მარტვილის ტრაპეზი სწორედ ამ მუხის ძირზეა დადგმული, რომელიც დასავლეთ საქართველოს მოქცევისას ანდრია პირველწოდებულმა სასწაულებრივად მოკვეთა. დიუბუა დე მონპერეს აზრით, დღევანდელი ტაძრის კედლებში ჩატანებულია მანამდე აქ მდგარი საკერპო სალოცავის ზოგიერთი ნაშთი. VI-VII სს-ში, როდესაც აქ მოწამეთა (მარტვილთა) ეკლესია ააგეს და მონასტერი გაშენდა, მას მარტვილი ეწოდა. საეპისკოპოსო კათედრას ჭყონდიდის სახელი შერჩა. 

მარტვილი ბერძნული სიტყვაა და წამებულს ნიშნავს, ხოლო მეგრული სახელწოდება ჭყონდიდი წარმოიშვა „დიდი ჭყონის“ - დიდი მუხისაგან. წარსულში, ჭვენიას მაღალი ბორცვი, რომელზედაც ახლა მონასტერია აღმართული, დამშვენებული იყო „ჭყონის“ (მუხის) ათასწლოვანი ხეებით.

X საუკუნეში ეს ტაძარი ქართული ეკლესიის ერთ-ერთ ბურჯად აქცია აფხაზთა მეფე გიორგი მეორემ, როდესაც იგი საეპისკოპოსო კათედრად გამოაცხადა. ტაძარი ძლიერი საგანმანათებლო კერა იყო. ბაგრატ მეოთხემ ჭყონდიდი სამოღვაწეო კათედრად მიუჩინა გიორგი მთაწმინდელს. ,,ქართლის ცხოვრების” ცნობით ბაგრატ მეოთხე მარტვილის მონასტერშია დაკრძალული.

მარტვილის მონასტერში იყო კრისპერია - გადამწერ ბერთა სამყოფო. ითარგმნებოდა წიგნები, იქმნებოდა ნაწარმოებები. მარტვილში სხვადასხვა დროს მოღვაწეობდნენ სტეფანე სისანოს ძე ჭყონდიდელი მე-10 საუკუნეში, გიორგი ჭყონდიდელი მე-11 საუკუნეში, იოანე ჭყონდიდელი მე-11 საუკუნეში, სვიმონ ჭყონდიდელი მე-12 საუკუნეში, ანტონ ჭყონდიდელი თამარის თანამედროვე, მანვე თარგმნა წიგნი სააქიმიო, არსენ ჭყონდიდელი XIII საუკუნეში, ანტონ ცაგარელ-ჭყონდიდელი - ფილოსოფოსი, რომანოზ მესვეტე მე-19 საუკუნეში და მათ შორის ყველაზე გამორჩეული და შთამბეჭდავე გიორგი ჭყონდიდელი, დავით აღმაშენებლის აღმზრდელი და ,,თანაგამკაფელი ყოველთა გზათა” იყო. ჭყონდიდლად იწოდებოდა თამარის დროის ცნობილი მოღვაწე ანტონ გლონისთავისძეც.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა