რისი ნახვა შეგვიძლია სენაკში?
სენაკი (მეგრ. სანაკი) - ქალაქი დასავლეთ საქართველოში, სენაკის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს კოლხეთის დაბლობზე, მდინარე ტეხურის მარჯვენა ნაპირას, ზღვის დონიდან 28 მეტრზე, თბილისიდან დაშორებულია 288 კმ-ით. მოსახლეობა 20,000-ს შეადგენს. მუნიციპალიტეტში არაერთი საინტერესო ადგილია, რომელიც უნდა მოინახულოთ:
სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი
სენაკის აკაკი ხორავას სახელობის სახელმწიფო დრამატული თეატრი - ქალაქ სენაკში, სამეგრელო. თეატრის შენობის არქიტექტორია ვახტანგ გოგოლაძე. ნაგებობა აგებულია სენაკის ცენტრალურ მოედანზე, გეგმით სწორკუთხედს წარმოადგენს. შენობა სამსართულიანია, მაყურებელთა დარბაზს ცენტრალური არე უჭირავს. ის წაგრძელებული სწორკუთხედის ფორმისაა და 500 მაყურებელს იტევს. მოხატულია ვესტიბიულის და საკონცერტო დარბაზის ჭერი 1980 წელს დიმიტრი ბარქაიას მიერ.
შხეფის ციხე
შხეფის ციხე სამეგრელოში, სენაკის მახლობლად მდებარეობს. ძეგლზე ოთხი სამშენებლო ფენა გამოიყოფა, ყველაზე ადრეული IV საუკუნის დასაწყისით თარიღდება, ყველაზე გვიანდელი კი - XVI-XVII საუკუნეებით. იგი მნიშვნელოვანი ციხე-სიმაგრე იყო IV-XIX საუკუნეებში, ასევე გარკვეული დროის განმავლობაში დადიანთა საგვარეულო დინასტიის საცხოვრებელ რეზიდენციასაც წარმოადგენდა. შხეფის ციხის ისტორია ეგრისის სამეფოს დაარსების დროიდან იწყება და ის სამეფოს დაცვის საერთო ჯაჭვის ერთ-ერთი რგოლი იყო.
ნოქალაქევი
ნოქალაქევი (ციხეგოჯი, არქეოპოლისი) სამეგრელოში, სენაკის მუნიციპალიტეტში, სოფელ ჯიხასთან ახლოს მდებარეობს. იგი მრავალფენიანი ძეგლია, უძველესი ფენა ძვ. წ. VIII-VII საუკუნეებით თარიღდება, თუმცა ამ ტერიტორიაზე ცხოვრების კვალი ძვ. წ. I ათასწლეულის დასაწყისიდან იწყება. ნოქალაქევი უმნიშვნელოვანეს ქართულ ქალაქს წარმოადგენდა. რომაელი და ბიზანტიელი ისტორიკოსები ქალაქს არქეოპოლისის სახელით იხსენიებენ, თუმცა უფრო ადრინდელ ქართულ ქრონიკებში მას ციხეგოჯს (ქუჯის ციხეს) უწოდებენ. XI ს-ის ქართველი ისტორიკოსის ლეონტი მროველის მიხედვით ძვ. წ. III საუკუნეში ქართლის მეფე ფარნავაზს ვინმე ქუჯისთვის მიუცია ეგრისის და სვანეთის ერისთავობა, ქუჯის კი აქ აუშენებია ციხე-გოჯი. ციხეგოჯი IV-VIII საუკუნეებში ეგრისის სამეფოს დედაქალაქი იყო. აქ მოხდა არქეოპოლისის ბრძოლა. სპარსელებმა ციხეგოჯზე სამჯერ მიიტანეს იერიში და მხოლოდ მესამედ მოახერხეს მისი აღება, თუმცა ქალაქი მალევე ისევ ბიზანტიურ-ლაზურ ძალებს ჩაუვარდა. 737-738 წლებში ქალაქი მურვან ყრუმ გაანადგურა. ამის შმდეგ ციხეგოჯი დაკნინდა და მცირე სოფლად გადაიქცა. სოფელმა XVI საუკუნეში გაძლიერდა, როდესაც აქ სამეგრელოს მთავარმა სასახლე ააშენა. XVI-XVIII საუკუნეებში აქ ოდიშის მმართველთა - დადიანთა რეზიდენცია იყო. ქალაქის ტერიტორია 19 ჰა ფართობს მოიცავდა და 3 კმ-ის სიგრძის გალავანი ერტყა გარს. იგი სამი ნაწილისგან შედგებოდა: ქვედა ქალაქი, შუა ციხე და ციტადელი. ნაქალაქარის ტერიტორიაზე გამოვლენილია სასახლეები, ქრისტიანული ტაძრები, აბანოები, წყალსაცავი, გვირაბი და სხვა სახის სამეურნეო თუ საფორტიფიკაციო ნაგებობები.
ძველი სენაკის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესია
ძველი სენაკის მაცხოვრის შობის სახელობის ეკლესია სამეგრელოში, სენაკის მუნიციპალიტეტის სოფელ ძველ სენაკში მდებარეობს. იგი XIX საუკუნით თარიღდება. ტაძარი თავიდან დიდი ზომის ბაზილიკა ყოფილა, შემდეგ კი გუმბათიან ნაგებობად გადაუკეთებიათ. ეკლესიას ოთხივე მხრიდან ოთხ-ოთხი თაღოვანი სარკმელი აქვს. ფასადებზე გვხვდება სიბრტყის შეწევით მიღებული გოლგოთის ჯვრები. გუმბათი რვაწახნაგაა და რვა სარკმელი აქვს, რომლებიც თაღებშია მოქცეული. ტაძარს სამი შესასვლელი აქვს - დასავლეთით, სამხრეთითა და ჩრდილოეთით, სამივე შესასვლელი სწორკუთხაა. ეკლესია ნაგებია აგურით.
ნოქალაქევის გოგირდოვანი წყლები
ნოქალაქევის გოგირდოვანი წყლები სამეგრელოში, სენაკის მუნიციპალიტეტში მდებარეობს, ნოქალაქევის მუზეუმ-ნაკრძალის სიახლოვეს. აქ სამკურნალო თვისებების მქონე გოგირდოვანი ცხელი წყალი მოედინება და ულამაზეს ტრავერტინებს და ოხშივარადენილ ჩანჩქერსაც ქმნის. ამ ადგილს დედამოკას (ორსულ დედას) ეძახიან. ლეგანდის თანახმად აქ ლაშქარს გამოქცეული ორსული ქალი გადამხტარა წყალში, ვერ გაუღწევია და ქვად ქცეულა. დედამოკას შემოგარენი ბუნების მშვენიერებითაც გამოირჩევა. ნოქალაქევის გოგირდოვან წყლებზე შეგიძლიათ ულამაზეს ბუნებაში ცხელი, გამაჯანსაღებელი აბაზანებით დატკბეთ და განიტვირთოთ.