განათლების ეპოქა თუ აზროვნების კრიზისი? პარადოქსი 21-ე საუკუნეში
ინფორმაციის ეპოქაში ცხოვრება ბევრის ოცნება იყო: დრო, როდესაც პასუხები ხელმისაწვდომია, განათლება - უფასო და ინტერნეტი - უსაზღვრო. და მართლაც, დღეს ერთი დაკლიკებით შეგიძლია ისწავლო კვანტური ფიზიკა ან ბიუჯეტის დაგეგმვა, ნახო ვიდეო თითქმის ნებისმიერ უნარზე და მოძებნო პასუხი ნებისმიერ კითხვაზე. მაგრამ ამავე დროს, ადამიანებს უჭირთ აზრის ჩამოყალიბება, არგუმენტირებული მსჯელობა და ცოდნის პრაქტიკაში გადატანა.
ეს არის განათლების პარადოქსი - სამყაროში, სადაც ყველაფერი ხელმისაწვდომია, აზროვნების უნარი იკლებს.
ზედაპირული სწავლა - როცა ვიცით ზედაპირი, მაგრამ არა არსი.
TikTok, Instagram Reels, YouTube Shorts - სწავლა გახდა შოუ.
60-წამიან ვიდეოში ვიღებთ პასუხებს:
- როგორ გავაუმჯობესოთ ფოკუსი;
- როგორ ვისწავლოთ ენები;
- როგორ გავხდეთ წარმატებულები.
მაგრამ ეს მხოლოდ ილუზიაა ცოდნისა - როგორც ყინულის წვერო. სწრაფად მიღებული ინფორმაცია იშვიათად ტოვებს გრძელვადიან კვალს, რადგან ის არ ითხოვს გააზრებას. ციფრულმა ერამ შეცვალა არა მხოლოდ ის, როგორ ვსწავლობთ, არამედ ის, როგორ ვფიქრობთ.
რატომ ვერ ეწევა განათლების სისტემა რეალურ ცხოვრებას?
მიუხედავად ციფრული ცვლილებებისა, განათლების სისტემა ხშირად რჩება ისეთივე, როგორიც წინა საუკუნეში იყო.
- შინაარსი არის სტატიკური;
- შეფასება მექანიკური;
- სწავლების ფორმა მონოლოგური.
ამასობაში კი სამყარო გახდა:
- სწრაფი და ცვალებადი;
- ინტერაქტიური და ტექნოლოგიური;
- პრობლემებით სავსე, რომლებიც მოითხოვს კრეატიულ და კრიტიკულ აზროვნებას.
ამ უთანხმოებამ შექმნა სივრცე, სადაც ახალგაზრდები სწავლობენ ფაქტებს, მაგრამ არ ეუფლებიან აზროვნების უნარებს. და ეს არ ეხება მხოლოდ სკოლებს იგივე ხდება უნივერსიტეტებშიც და კარიერულ ტრენინგებშიც.
როცა ცოდნა ნიჭი კი არა, უნარი ხდება
ცოდნა არ არის უბრალოდ მეხსიერების მოცულობა - ის არის უნარი:
- ვაზროვნოთ დამოუკიდებლად;
- ვიკითხოთ კითხვები;
- დავაკავშიროთ ერთი შეხედვით დაუკავშირებელი ფაქტები;
- შევქმნათ ახალი იდეა არსებული ცოდნის საფუძველზე.
ნამდვილი განათლება არ არის ინფორმაციის დაგროვება, ეს არის აზროვნების სტილი. როდესაც ცნობისმოყვარეობას ვკარგავთ, ვკარგავთ განვითარების მთავარ ძრავს.
და ამ ეპოქაში, როცა ყველგან გვაქვს "დახმარება", ყველაზე დიდი გამოწვევა ისევ რჩება - ვიფიქროთ დამოუკიდებლად.
ნამდვილი განათლება არ არის ფაქტების მორჩილად დამახსოვრება, ეს არის წვდომა აზროვნების სიღრმეებთან, კითხვა იქ, სადაც სხვები პასუხით კმაყოფილდებიან, და სიჩუმეში გაგონილი საკუთარი გონების ხმა. ის არ არის დიპლომებში ჩამალული. არ არის ტესტებში მიღებული ქულები და არც Google-ის პირველ გვერდზე ნაპოვნი პასუხები. ნამდვილი განათლება იწყება იქ, სადაც მთავრდება დაზეპირებული ცოდნა. იქ, სადაც ვხვდებით, რომ რაც ვიცით, ის ჯერ არაფერია, და წინ დიდი, უსასრულო კითხვის ნიშნებია. როცა ვკარგავთ ცნობისმოყვარეობას, ვკარგავთ იმას, რაც გვაყალიბებს ადამიანებად. და როცა მას ვიბრუნებთ ვპოულობთ თავისუფლებას, რომელსაც ვერავინ წაგვართმევს.