სად გაივლის სტეფანწმინდის შემოვლითი გზა - პროექტთან დაკავშირებით გზშ-ს პროცედურები მიმდინარეობს
სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მშენებლობასთან დაკავშირებით გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) პროცედურა მიმდინარეობს.
საავტომობილო გზების დეპარტამენტმა გარემოს ეროვნულ სააგენტოს გზშ-ს დოკუმენტი უკვე წარუდგინა. ცნობისთვის, იქამდე, მიმდინარე წლის მარტში გარემოს ეროვნულმა სააგენტომ აღნიშნული გზის მონაკვეთის მშენებლობასა და ექსპლუატაციაზე სკოპინგის დასკვნა გასცა.
სად გაივლის სტეფანწმინდის შემოვლითი გზა
როგორც ცნობილია, მცხეთა-სტეფანწმინდა-ლარსის საავტომობილო გზა იწყება მცხეთიდან, თბილისი-სენაკი-ლესელიძის E60 ავტომაგისტრალიდან და მთავრდება ლარსის სასაზღვრო პუნქტთან. კონკრეტულად სტეფანწმინდის შემოვლითი გზა დაიწყება სოფელ ფანშეტიდან, შემდეგ უხვევს მარცხნივ გადის ახალი მიმართულებით, კვეთს მდინარე თერგს და შემდეგ მიყვება თერგის მარცხენა სანაპიროს.
პროექტის მიხედვით, პკ 40-დან პკ 44-მდე გადის ბუჩქნარით დაფარულ ტერიტორიაზე. პკ 44-დან პკ 62-მდე გადის დაუსახლებელ ტერიტორიაზე (საძოვრები), ხოლო პკ 62-დან პკ 69-ის მონაკვეთში გადის მდ. თერგის კალაპოტში და პკ 69-დან ტრასის ბოლომდე გადის სოფელ გერგეტში, მის მარჯვენა მხარეს.
„აღნიშნული მონაკვეთი გადის რთულ რელიეფში, მდინარე თერგის ვიწრო ხეობაში, რომელიც ორივე მხრიდან შემოსაზღვრულია მთებით“, - აღნიშნულია გზშ-ს ანგარიშში.
პროექტის თანახმად, სტეფანწმინდის შემოვლითი გზის მშენებლობა განპირობებულია იმით, რომ არსებული გზა ვერ აკმაყოფილებს ტექნიკურ სტანდარტებს.
„პროექტის განხორციელების საჭიროება განაპირობა არსებული გზის ტექნიკურმა მდგომარეობამ, კერძოდ, დასახლებულ პუნქტებში გამავალი ავტომანქანები იწვევს მუდმივ ხმაურს, ჰაერის დაბინძურებას, ხშირია საგზაო შემთხვევები, არ არის დაცული ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოება, გზის არსებული პარამეტრები არ აკმაყოფილებს გაზრდილ სატრანსპორტო მოთხოვნებს. გზის განთავსების დერეფნის კლიმატური პირობების გამო, ზამთარში გზაზე გადაადგილება კიდევ უფრო რთულდება“, - აღნიშნულია დოკუმენტებში.
პროექტის მიხედვით, ადგილზე დაგეგმილია ორზოლიანი საავტომობილო გზის მშენებლობა. ამასთანავე, დოკუმენტი ითვალისწინებს 3 ხიდის მშენებლობას. აქედან ერთი ხიდი სამზოლიანი, ხოლო ორი - ორზოლიანი იქნება. ტრასის ჯამური სიგრძე 4.13 კმ, ხოლო საანგარიშო სიჩქარეა 60 კმ/სთ.
ცნობისთვის, პროექტის საჯარო განხილვა ყაზბეგში 2025 წლის 14 აგვისტოს იგეგმება.