უნიკალური ადგილები, რომლებიც თბილისიდან 65 კმ.-ში შეგიძლია ნახო - რა არ უნდა გამოგრჩეს ბოლნისში?
ბოლნისი არის ქალაქი საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. ბოლნისი მდებარეობს მდინარე მაშავერას შუა დინებაში, ზღვის დონიდან 550 მეტრის სიმაღლეზე, თბილისიდან 65 კილომეტრში. რკინიგზის სადგური მარნეულ-კაზრეთის ხაზზე. ძირითადად გაშენებულია ვაკეზე, ჩრდილოეთი ნაწილი კი — გორაკ-ბორცვიან მთისწინეთზე. ქალაქის ტერიტორიის ფართობია 463 ჰა. ქალაქი განაშენიანებულია აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ 6 კილომეტრზე. რა შეგიძლიათ ნახოთ მუნიციპალიტეტში:
წმინდა პეტრე - პავლეს ეკლესია და სამონასტრო კომპლექსი
მდებაორებს ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, რომელიც აგებულია კვარცხლბეკივით ამაღლებულ ელიას მთაზე, ზღვის დონიდან 820 მეტრზე. აქ ოდითგანვე ტაძარი იდგა, რომელიც წმინდა პეტრე და პავლე მოციქულების სახელობის ყოფილა. ბოლნისელი ეპისკოპოსის მეუფე ეფრემის (გამრეკელიძე) ლოცვა-კურთევით, ნატაძრალზე აიგო მოციქულების სახელზე ტაძარი და აქვე დაფუძნდა მამათა მონასტერი.
ბერდიკის (ფოლადაურის) ციხე
ისტორიული ციხესიმაგრე ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, მდინარე ბოლნისისწყლის (ფოლადაურის) მარჯვენა მხარეს, ახლანდელი სოფელ ფოლადაურის მახლობლად, მაღალ კლდოვან მთაზე.
სახელი ეწოდა ისტორიული სოფლის ბერდიკის მიხედვით. შემორჩენილია გალავანი და ორი კოშკი, რომელთაგან ერთი ოთხსართულიანია. ციხე შუადეოდალურ ხანაშია აგებული. იგი კონტროლს უწევდა ფოლადაურის ხეობით მიმავალ უმოკლეს გზას, რომელიც „მგლისკარის“ უღელტეხილით ლორეში გადადიოდა.
ქვეშის ციხე
შუა საუკუნეების ციხესიმაგრე აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლში, მდინარე მაშავერის მარცხენა სანაპიროზე (ახლანდელი ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფ. ქვეშის მახლობლად). ციხე აგებულია ველზე ამოზიდულ, თითქმის ყოველი მხრიდან მიუვალ მაღალ კლდეზე. თავისი მდებარეობით იგი სამშვილდიდან ტაშირისა და ზურტაკეთ-ჯავახეთის მიმართულების გზებს აკონტროლებდა.
ქვეშის ციხესიმაგრის არსებობა წინაფეოდალური ხანიდან მოიაზრება. იგი უნდა ყოფილიყო VII ს. „სომხურ გეოგრაფიაში“ მოხსენიებული ქვეშის ხევის ცენტრი, რომელმაც IX ს. დმანისის გაქალაქების შემდეგ დაკარგა ხევის ცენტრის სტატუსი და, შესაბამისად, ქვეშის ხევს დმანისის ხევი ეწოდა. კლდის თხემი, რომელზეც ციხე დგას, მთლიანად შემოზღუდულია მძლავრი გალავნით.ციხე რელიეფის შესაბამისადაა ნაგები ტეხილი ქვისაგან და დუღაბად გამოყენებულია კირხსნარი. ციხის ერთადერთი შესასვლელია კლდეში გაჭრილი გვირაბი.
წუღრუღაშენი
წუღრუღაშენი — XIII საუკუნის ქართული მართლმადიდებლური გუმბათოვანი ტაძარი ქვემო ქართლში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, ბოლნისის სიონიდან ორიოდ კმ-ზე, მდ. ბოლნისისწყლის მარჯვენა ნაპირას, მთის ფერდზე.
ეკლესიის წარწერებში მოხსენებული არიან გიორგი მეფე და ეკლესიის მშენებელი ჰასან არსენის ძე. რენე შმერლინგის აზრით, წარწერებში მოხსენიებული გიორგი მეფე გიორგი ლაშაა, ე. ი. ძეგლი აშენებულია მისი მეფობის დროს 1212-1222 წლებში.
ეკლესიაში სამხრეთ კედელში, კარის გვერდით არის ნიში, ე.წ სამალავი (დაახლოებით იმ სივიწროვე, ხელი რომ შეეტიოს) სადაც არის ქვა ჩადგმული რომლეზედაც გამოსახულია ბოლნური ჯვარი მოჩუქურთმებულ წრეში და ქართული წარწერა.
ქოლაგირის (ცურტავის) ციხე
ქოლაგირის ციხე (ცურტავის ციხე, დედოფლის ციხე-სიმაგრე) ქვემო ქართლის მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ცურტავში მდებარეობს (ყოფილი ქოლაგირი). იგი დარეჯან დედოფლის მიერაა აგებული 1788-1798 წლებში. ქვემო ქართლში ამ დროს ძალიან მძიმე მდგომარეობაა, მოსახლეობის დიდი ნაწილი არაქართველია და ქრისტიანი მოსახლეობა შევიწროებას განიცდის. სწორედ ამ მიზეზმა განაპირობა ქოლაგირის ციხის აგების საჭიროება. ცნობილია, რომ ახალციხის ფაშა არაერთხელ დასხმია თავს ციხეს მისი აგების პერიოდში, რათა მშენებლობა შეეჩერებინა.
ციხე-გალავანი გაშლილ, ყოველმხრივ მარტივად მისადგომ ადგილას მდებარეობს. აღსანიშნავია, რომ იგი თავისი დროის სამხედრო-სტრატეგიულ მოთხოვნებსა და შესაძლებლობებს სრულიად პასუხობს. XIX საუკუნის დასაწყისიდან ქოლაგირის ციხემ, სხვა ციხე-სიმაგრეების მსგავსად, თავისი ფუნქცია დაკარგა. დღესდღეობით ციხის ტერიტორიაზე წმიდა ქეთევან დედოფლის სახელობის დედათა მონასტერი მოქმედებს.
ბოლნისის სიონი
ბოლნისის სიონის ტაძარი - სამნავიანი ბაზილიკა მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, ქვემო ქართლის მხარეში, ბოლნისის მუნიციპალიტეტში, სოფელ ბოლნისში. ბოლნისის ტაძრის ფასადებმა შემოგვინახა საქართელოში არსებული უძველესი ქართული წარწერები. ბოლნისის სიონში, პირველად ქართულ არქიტექტურაში, გვხვდება აგრეთვე რელიეფური სკულპტურული გამოსახულებანი (ხარის თავი, სხვადასხვა ფრინველი და ცხოველი), რომლებიც წინაქრისტიანულ ხანასთანაა დაკავშირებული, მაგრამ შეთვისებულია ქრისტიანული სარწმუნოების მიერ.
ტაძარში ასევე გვხვდება ქრისტიანული სიმბოლოს - ჯვრის სხვადასხვაგვარი გამოსახულებანი. ერთ-ერთი (ბოლოებგაფართოებული ჯვარი წრიულ ჩარჩოში) „ბოლნური ჯვრის“ სახელითაა ცნობილი.ბოლნისის სიონი ერთ-ერთი უდიდესი ბაზილიკათაგანია საქართველოში. განეკუთვნება V საუკუნეს. VIII საუკუნეში ტაძარზე აღმოსავლეთიდან მცირე სამლოცველო მიაშენეს. დროთა განმავლობაში დაინგრა ჩრდილოეთის თაღებიანი სტოა-გალერეა. 1634 წელს სპარსელების შემოსევის შედეგად ტაძარი ძლიერ დაზიანდა, დაზიანება ძირითადად შეეხო კამარებსა და დასავლეთის კედელს, რომელიც XVII საუკუნეში როსტომ მეფისა და მარიამ დედოფლის ბრძანებით აღადგინეს. დღეს წარწერიანი ფილა საქართველოს ხელოვნების მუზეუმშია დაცული (ადგილზე კი ასლია ჩასმული). ბოლო სარესტავრაციო-საკონსერვაციო სამუშაოები ტაძარს 1970-1971 წლებში ჩაუტარდა.