თეგებით ძიება

ქართული ხუროთმოძღვრების დიდი ძეგლი ვაკის რაიონში

ბეთანია — ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი, ჯვარ-გუმბათოვანი ტაძარი. აგებულია XII-XIII საუკუნეების მიჯნაზე. მონასტერი მდებარეობს ნასოფლარ კვესეთთან, თბილისის დასავლეთ ნაწილში, დიდგორის რაიონში, მდინარე ვერეს ხეობაში, მის მარჯვენა მხარეს. წარმოადგენდა ორბელთა საძვალეს. ბეთანიის ტაძარში შემორჩენილია თამარ მეფის ერთ-ერთი ცნობილი ფრესკა.

მონასტერი ორი ეკლესიისგან შედგება. წმინდა გიორგის სახელობის მცირე ბაზილიკა, რომელიც 1196 წელსაა აშენებული. მთავარი ტაძარი ღვთისმშობლის სახელობისაა და XII-XIII საუკუნეებშია აშენებული.

ბეთანია ტრადიციულად წარმოადგენდა ქართველი ფეოდალების - ორბელების - საგვარეულო სამარხს. ტაძრის ხელახლა აღმოჩენა გრიგოლ ორბელიანს უკავშირდება. ამ უკანასკნელმა ნადირობისას შემთხვევით აღმოაჩინა ბეთანიის მონასტერი, რომელიც საუკუნეების განმავლობაში მივიწყებული იყო. XIX საუკუნის ბოლოს ტაძარს რესტავრაცია ჩაუტარდა. XIX საუკუნე XX საუკუნეში ბეთანიის მონასტერში მოღვაწეობდნენ ცნობილი ქართველი ბერები მამა გიორგი (მხეიძე) და მამა იოანე (მაისურაძე), რომლებიც საქართველოს მართლმადიდებლურმა ეკლესიამ წმინდანებად შერაცხა.

მონასტრის მთავარი ტაძარი გეგმით სწორკუთხედია. გუმბათი ოდნავაა გადანაცვლებული აღმოსავლეთისაკენ და მნიშვნელოვნადაა ზემოთ აზიდული. სამხრეთი შესასვლელის წინ ვარსკვლავისებრი კამარით გადახურული კარიბჭეა. ტაძარი გარედან მოპირკეთებულია თლილი ქვით, ხოლო კედლებისა და გუმბათის ყელის აგურის წყობა გვიანდელი რესტავრაციის დროინდელია. აღმოსავლეთ ფასადზე შემორჩენილი ტრადიციული ნიშები მოჩუქურთმებული თავსართით უკავშირდება შუა სარკმელს. მოჩუქურთმებულია სარკმლის საპირეებიც.

ტაძარში დაცულია კედლის მხატვრობა, რომელიც ქართული მონუმენტური მხატვრობის განვითარების გარკვეული ეტაპის - XII-XIII საუკუნეების მიჯნის შესანიშნავ ნიმუშს წარმოადგენს. მხატვრობა გამოირჩევა შესრულების მაღალი ოსტატობით. საკურთხევლის კონქში მოთავსებული იყო "ვედრების" კომპოზიცია (შემორჩენილია მხოლოდ ტახტზე მჯდომი ქრისტეს ფიგურის ფრაგმენტები). 

რელიგიური შინაარსის სცენების გვერდით მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს ისტორიულ პირთა - გიორგი III-ის, თამარ მეფისა და ლაშა-გიორგის პორტრეტებს. მოხატულობა შესრულებულია თამარის სიცოცხლეში, გიორგი ლაშას თანამოსაყდრედ გამოცხადების ხანაში, დაახლოებით 1207 წელს. ბეთანიის ეკლესიაში არსებული თამარ მეფის ფრესკა ერთ-ერთია საქართველოში არსებული მისი ოთხი ფრესკიდან.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა