რა შეგიძლია ნახო დედოფლისწყაროში?
დედოფლისწყარო (1926-1991 წლებში — წითელწყარო,მანამდე ცარსკიე კოლოდცი) - ქალაქი (1963 წლიდან) აღმოსავლეთ საქართველოში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციული ცენტრი. მდებარეობს შირაქის ვაკეზე, ზღვის დონიდან 800 მ სიმაღლეზე, თბილისი-დედოფლისწყაროს სარკინიგზო ხაზის საბოლოო პუნქტი. თბილისიდან რკინიგზით 144 კმილომეტრითაა დაშორებული. რა შეგიძლიათ ნახოთ მუნიციპალიტეტში:
ელიას მონასტერი
ელიას მონასტერი მდებარეობს კახეთში, დედოფლისწყაროს სამხრეთ ნაწილში, ორმწვერვალიან კირქვის მთაზე.ელიას მთაზე წმიდა ილია თეზბიტელის სახელობის ტაძარი მეექვსე საუკუნიდან არსებობს. ყოველ 2 აგვისტოს წმინდა დიდებული წინასწარმეტყველის ილია თეზბიტელის ხსენების დღეს უამრავი ხალხი იკრიბება აქ, ღამეს ათევენ უნაგირაზე და ლოცვას აღავლენენ ელიას კლდის ძირას.
წმინდა ელია თეზბიტელის სახელობის ტაძრის არსებობას, ჯერ კიდევ VI საუკუნეში, არქეოლოგიური გათხრები ადასტურებს, თუმცა მისი აგების ზუსტი თარიღი უცნობია. მისი აღდგენა 2006 წელს მოხერხდა.
ვაშლოვანის ეროვნული პარკი
ვაშლოვანის ეროვნული პარკი საქართველოს უკიდურეს აღმოსავლეთ ნაწილში, კახეთში, შირაქის ზეგანზე, მდინარე იორსა და ალაზანს შორის, ზღვის დონიდან 100-900 მ-ის სიმაღლეზე, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში მდებარეობს.
ვაშლოვანის ეროვნული პარკის შემადგენლობაშია ვაშლოვანის სახელმწიფო ნაკრძალი, ვაშლოვანის ეროვნული პარკი და რამდენიმე ბუნების ძეგლი. დაარსდა 2003 წელს, მისი ფართობი 25114 ჰექტარია. ჰავა მშრალი და ზომიერია. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე შეხვდებით გაშლილ ველებს, უდაბნოს, ხევებს და ალესილებს. ვაშლოვანის სახელი, გადმოცემის თანახმად, დაკავშირებულია აქ გავრცელებული საკმლის ხის ნათელი ტყის ვაშლის ბაღებთან მსგავსებასთან.
ვაშლოვანის ეროვნული პარკის უნიკალური ბუნებრივი მრავალფეროვნების მონახულება ნებისმიერ მსურველს შეუძლია. აქ კარგადაა განვითარებული ტურისტული ინფრასტრუქტურა.ეროვნული პარკის ადმინისტრაციული და ვიზიტორთა ცენტრი ქალაქ დედოფლისწყაროში მდებარეობს.
ნაკრძალის ნათელი ტყის ძირითადი კომპონენტია საკმლის ხე და ღვია. აქვე გვხვდება აკაკი, ბერყენა, ბროწეული, ბალღოჯი, გრაკლა, შავჯაგა, ძეძვი, ჭალაფშატა და სხვა, ბალახოვანი საფრიდან — უროიანი, ავშნიანი და მლაშობურიანი დაჯგუფებები. გარდა ქვეწარმავლებისა (გიურზა, სხვადასხვა სახეობის ხვლიკები), რომლებიც აქ ძალიან ბევრია. გვხვდება მრავალი სახის ფრინველი (კაკაბი, კოდალა, ორბი, სვავი, მიმინო, უფეხურა, მოლაღური, კვირიონი, ჩხართვი და სხვა) და ძუძუმწოვარი (გარეული ღორი, კურდღელი, ტყისა და ველის მელა, კავკასიურიმგელი, დათვი, ზოლებიანი აფთარი, მაჩვი და მრავალი სხვა).
ხორნაბუჯის ციხე-სიმაგრე
ხორნაბუჯი - შუა საუკუნეების ციხე-ქალაქი მდებარეობს აღმოსავლეთ საქართველოში, კახეთში, დედოფლისწყაროს რაიონული ცენტრის მახლობლად, ზღვის დონიდან 800 მეტრზე. ხორნაბუჯის ციხეს, XVIII საუკუნის წყაროებით ჭოეთი, ხშირად უწოდებენ „თამარის ციხეს“.
მიეწერება მეფე ბაკურს, IV ს-ში მოღვაწე მეფეს (მეფე ვარაზ-ბაქარსაც ასახელებენ). წყაროებში პირველად იხსენიება V საუკუნეში, როდესაც აქ მეფე ვახტანგ I გორგასალმა საეპისკოპოსო კათედრალი დააარსა. მანვე ხორნაბუჯი (ჭერემსა და ნეკრესთან ერთად) საუფლისწულოდ მისცა თავის ძეს, დაჩი I უჯარმელს. VI საუკუნის I ნახევარში, ქართლში მეფობის გაუქმების შემდეგ, ხორნაბუჯი სპარსელი მოხელის რეზიდენცია იყო. VI საუკუნის II ნახევარში ქალაქი გაათავისუფლეს. ამიერიდან მას ქართლის ერისმთავრების უმცროსი შტო ფლობდა. VIII საუკუნიდან, ჰერეთის სამთავროს (შემდგომში ჰერეთის სამეფო) წარმოქმნის შემდეგ, ხორნაბუჯი მისი ერთ-ერთი საერისთავოს ცენტრი გახდა (XI საუკუნის 30-იან წლებში იხსენიება ვაჩე ხორნაბუჯის ერისთავი). XI საუკუნის 60-იან წლებში ხორნაბუჯის განძის ამირა ფადლონი დაეუფლა. 1068 კახეთ-ჰერეთის მეფემ აღსართან I-მა დაიბრუნა. საქართველოს ერთიანი ფეოდალური მონარქიის წარმოქმნის (XI საუკუნის დასაწყისი) შემდეგ ხორნაბუჯი ქვეყნის სანაპირო (განაპირა მხარის) საერისთავოს ცენტრად გადაიქცა. აქ იყო ფეოდალური საგვარეულოს მახატლისძეთა რეზიდენცია. XIII საუკუნის 60-იან წლებში დაარბია მონღოლთა ლაშქარმა ბერქა-ყაენის სარდლობით. XVII საუკუნის I მეოთხედში ხორნაბუჯში რეზიდენცია ჰქონდა ირანის შაჰის აბას I-ის მიერ კახეთის ერთი ნაწილის გამგებლად დანიშნულ ფეიქარ-ხანს.
ოზაანის ამაღლების ტაძარი
ოზაანის ამაღლების ტაძარი კახეთში, დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის სოფელ ოზაანში მდებარეობს. იგი IX-X საუკუნეებით თარიღდება, მალევეა მიშენებული დასავლეთისა და სამხრეთის მინაშენები. ეკლესია ჯვარ-გუმბათოვან ნაგებობას წარმოადგენს. იგი გეგმით ჩახაზული ჯვრის ტიპისაა, რომელიც აღმოსავლეთით სამი შვერილი აფსიდით (საკურთხევლის, სადიაკვნესი და სამკვეთლოსი) სრულდება. ტაძარს დასავლეთითა და სამხრეთით, ფასადების მთელ სიგრძეზე, კამარაჩამოქცეული მინაშენები ეკვრის, რომლებიც, როგორც ჩანს, ნაწილ-ნაწილ შენდებოდა. საკურთხეველი ნახევარწრიული აფსიდისა და ბემისაგან შედგება. გუმბათი საკურთხევლის კედლების მძლავრ შვერილებსა და მასიურ, კვადრატული გეგმის მქონე, ორ თავისუფლად მდგომ ბურჯს ეყრდნობა. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა ტრომპების ორი მწკრივით ხორციელდება. გუმბათქვეშა თაღებს ოდნავ ნალისებრი ფორმა აქვს, მსგავსი ფორმისაა კონქის თაღიც და ჯვრის მკლავების კამარებიც. საკურთხეველში სამი დიდი ზომის სარკმელია გაჭრილი. მათი თაღები, შიგნიდან ოდნავ ნალისებრია, გარედან კი - ნახევარწრიული. სარკმლების ქვემოთ, კედელში, ამოშენებული ნიშების კვალი იკითხება. თითო დიდი სარკმელია ჯვრის მკლავების ღერძებზეც, რომლებშიც მმრგვალი ღიობების მქონე თაბაშირის ჩარჩოები იყო ჩასმული. ბემის წინ თაბაშირის მოჩუქურთმებული კანკელის ნაშთებია შემორჩენილი. აფსიდისა და ბემის იატაკი რვაწახნაგოვანი შორენკეცებით იყო მოგებული, კუთხეების შესასვსებად გამოყენებულია რომბისებრი და სამკუთხა ფორმის შორენკეცები. ფასადები სადაა, საფასადე სიბრტყე აგურის რეგულარული წყობითაა განსაზღვრული.
შესასვლელი სამია - დასავლეთიდან, სამხრეთიდან და ჩრდილოეთიდან. სამივე მათგანი, როგორც ჩანს, ერთნაირად იყო დეკორირებული. სამხრეთ და დასავლეთ შესასვლელებს აგურით ნაწყობი, ჰორიზონტალურგადანაკეცებიანი არქივოლტი ამკობს. ნაგებობის კორპუსს გუმბათის მრგვალი, ოდნავ დაბალი, რვა თაღოვანი სარკმლის მქონე ყელი აგვირგვინებს. იგი ნახევარკოლონებზე დაყრდნობილი თაღედითაა მორთული. სარკმლები კედლის სწორკუთხა შეღრმავებულ არეებშია ჩასმული და ლეკალური აგურითაა გამოყვანილი. გუმბათის ყელის საფუძველი ხერხულა წყობით გამოყვანილი სარტყელით არის ხაზგასმული. ინტერიერში შემორჩენილია XI-XIII საუკუნეების მოხატულობის ფრაგმენტები. ოზაანის ფრესკები შესრულებითა და მხატვრული გადაწყვეტით იმავე პერიოდის წამყვან ძეგლებს უტოლდება და ქართული მონუმენტური მხატვრობის მნიშვნელოვან ნიმუშს წარმოადგენს. ეკლესია ნაგებია ქართული აგურით, გუმბათის სახურავი და ფლიგელები ქართული კრამიტით არის გადახურული.
შირაქის სამხედრო აეროდრომი მდებარეობს დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში, სოფელ დიდ შირაქთან ახლოს.
დიდ შირაქში აეროდრომის აშენების ინიციატივა გენერალ-ლეიტენანტ ვლადიმერ ნანეიშვილს ეკუთვნის. ის 1950 წელს ამიერკავკასიის სამხედრო ოლქის 34-ე საჰაერო არმიის სარდალი გახლდათ. თელავის აეროდრომიდან აფრენის შემდეგ ნანეიშვილის "ბოსტონს" ტექნიკური პრობლემები შეექმნა და გენერალმა ორმოტორიანი თვითმფრინავი ავარიულად მდინარე ალაზნის ახლოს მინდორზე დასვა. ნანეიშვილს ისე მოსწონებია ეს ადგილი, ყველა ღონე უხმარია, რომ მოსკოვში მიეღოთ გადაწყვეტილება, შირაქის ველზე, სოფლების - ზემო ქედისა და არხილოსკალოს ახლოს სამხედრო აეროდრომის აეშენებინა. თავდაპირველად აეროდრომს არ ჰქონდა ბეტონირებული ასაფრენ-დასაფრენი ბილიკი, რაც შიგაწვისძრავიანი თვითმფრინავების ბაზირებისთვის დიდი პრობლემა არ იყო. მოგვიანებით, როდესაც საბჭოთა ავიაციაში მასობრივად გამოჩნდა რეაქტიულძრავიანი საბრძოლო თვითმფრინავები, დიდ შირაქში ასაფრენ-დასაფრენ ზოლზე ბეტონის ფილები დააგეს.
დიდი შირაქის აეროდრომზე განთავსებული იყო ალექსანდრე ნეველის სახელობის წითელდროშოვანი 168-ე გვარდიული გამანადგურებელ-ბომბდამშენთა საავიაციო პოლკი, რომლის შეიარაღებაში 1977 წლამდე Су-7Б ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენთა სამი ესკადრილია შედიოდა. 70-იანი წლების ბოლოსთვის უკვე მოძველებული Су-7Б-ები იმ დროისთვის თანამედროვე Су-17 ტიპის გამანადგურებელ-ბომბდამშენებმა შეცვალა.
1992 წლის 10 ივნისისთვის 30-ვე Су -24 ტიპის ბომბდამშენი დიდი შირაქიდან ჩრდილოეთ კავკასიაში, მარინოვკის აეროდრომზე გადააფრინეს.
