თეგებით ძიება

ბაღდათში 2024 წლის 7 თებერვლის სტიქიით დაზარალებული 5 ოჯახი კომპენსაციის სახით 676 427 ლარს მიიღებს

ბაღდათის მუნიციპალიტეტის, სოფელ ნერგეეთში, სტიქიით დაზარალებული ოჯახების რაოდენობა და კომპენსაციის სახით გასაცემი თანხის მოცულობა გაიზარდა.

3 ივლისის 1067-ე განკარგულებიდან ირკვევა, რომ მთავრობამ სარეზერვო ფონდიდან გამოსაყოფი თანხის მოცულობა 230 500-ით, 676 427 ლარამდე გაიზარდა, ხოლო კომპენსაციას 3 ოჯახის ნაცვლად 5 მიიღებს.

დოკუმენტის მიხედვით, ცვლილება შევიდა 2025 წლის 21 თებერვლის განკარგულებაში, სადაც მთავრობის სარეზერვო ფონდიდან გამოსაყოფი თანხის მოცულობა 445 927 ლარი 3 ოჯახზე იყო გათვალისწინებული.

განკარგულებაში აღნიშნულია, რომ კომპენსაციას ბაღდათის მუნიციპალიტეტის სოფელ ნერგეეთში 2024 წლის 7 თებერვალს განვითარებული სტიქიური მოვლენების შედეგად დაზარალებული ოჯახები მიიღებენ. საკომპენსაციო თანხის მიღების შემდეგ კი ეს ოჯახები სახელმწიფოსგან, მუნიციპალიტეტისგან ან სხვა პირისგან რაიმე სახის კომპენსაციას ვეღარ მოითხოვენ.

უნდა აღინიშნოს, რომ გასული წლის 20 ნოემბრის განკარგულების მიხედვით, 2024 წელს ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში, მიმდინარე წლის 7 თებერვალს მომხდარი სტიქიური უბედურების შედეგად დაზარალებულმა 9 ოჯახმა კომპენსაციის სახით, ჯამში 990 256 ლარი მიიღო.

ცნობისთვის, 2024 წლის 7 თებერვალს, ბაღდათის რაიონის სოფელ ნერგეეთში მეწყერმა ოთხი სახლი მოიყოლა. სტიქიას 9 ადამიანი ემსხვერპლა.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოს ეროვნული სააგენტოს გეოლოგიის დეპარტამენტის შეფასებით, სოფელ ნერგეეთში 7 თებერვალს მეწყრული პროცესის ჩასახვა-გააქტიურება ძირითადად დაკავშირებული იყო უხვი ატმოსფერული ნალექების მოსვლასთან. დოკუმენტის მიხედვით, გააქტიურებული მეწყრული სხეულის გავრცელების არეალის საერთო ფართობი 4.45 ჰექტარია.


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა