მოსალოდნელია თუ არა ევროპის მსგავსი სიცხეები საქართველოში და როგორი ზაფხული გველოდება - უახლოესი დღეების ამინდის პროგნოზი
როგორი ზაფხული იქნება საქართველოში და მოსალოდნელია თუ არა სიცხეები ევროპიდან ასეთი მასშტაბის ჩვენკენ წამოვიდეს - თემაზე გადაცემაში "ახალი დღე" სინოპტიკოსი თამარ პაპაშვილი საუბრობს:
- ასეთი მასშტაბით სიცხე ჩვენკენ არ წამოვა. განსაკუთრებით ახლა, უახლოეს დღეებში. ევროპაში, ვრცელ ტერიტორიაზე მაღალი წნევის არე დამყარდა. აფრიკის ჩრდილოეთიდან ცხელი და მშრალი ჰაერის მასები წამოვიდა, რამაც ანტიციკლონური მდგომარეობა კიდევ უფრო გაამყარა. ექსტრემალურად მაღალი ტემპერატურები დაფიქსირდა ივნისსა და ივლისის დასაწყისში. რაც შეეხება საქართველოს, პირიქით, დაბალი წნევის არის გავლენის ქვეშ ვიყავით, წვიმდა, ნორმაზე დაბალი ტემპერატურები დაფიქსირდა. ახლა მდგომარეობა დასტაბილურდა. ევროპაშიც წვიმასა და ჰაერის ტემპერატურის კლებას ელოდებიან. სიცხე აღმოსავლეთით გადმოინაცვლებს. თუმცა, გაგვიმართლა. საქართველოში ასეთი მაღალი ტემპერატურები მოსალოდნელი არ არის. დაახლოებით, 1 კვირის მანძილზე ნორმასთან ახლოს და ოდნავ მაღალი ტემპერატურა, +36, +38 გრადუსის ფარგლებში გვექნება როგორც დასავლეთ, ისე აღმოსავლეთ საქართველოში. 14-დან გრილი და ნოტიო ჰაერის მასების გავრცელებას ველოდებით. მთიან და მაღალმთიან ზონებში მცირე, ხანმოკლე წვიმებია მოსალოდნელი.
კლიმატი იცვლება. თუ ევროპისთვის ივლისი იყო აქამდე ყველაზე ცხელი თვე, ვნახეთ, რომ ახლა ივნისისკენ გადმოინაცვლა. ჩვენთან, საქართველოში შესაძლოა, პირიქით, აგვისტოსკენ გადაინაცვლოს და მაღალი, ექსტრემალური ტემპერატურა უფრო გვიან მივიღოთ. რა თქმა უნდა, ყველაფერი, პირველ რიგში, კლიმატის ცვლილებასთანაა კავშირში.
კლიმატის ცვლილება ამასაც გულისხმობს, რომ პროგნოზირება საკმაოდ რთულია. თუმცა, არსებული ინფორმაციით, შეიძლება, ვთქვათ, რომ ივლისისა და აგვისტოს თვეებში საქართველოში ნორმაზე 1-2 გრადუსით მაღალი იქნება, ნალექები კი ნორმაზე ნაკლები. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ ძალიან ხანგრძლივი პერიოდის მანძილზე უმეტესად უნალექო ამინდი გვექნება.
ახლა ზღვაზე წასვლის ძალიან კარგი დროა. მაღალი ტემპერატურაც მოსალოდნელია და ნალექებიც არ იქნება. რაც შეეხება მთიან და მაღალმთიან ზონას, იქ დროგამოშვებით იწვიმებს.
რატომ არ მართლდება ხშირად სინოპტიკოსების პროგნოზი?
- პირველ რიგში, აღსანიშნავია, რომ ძალიან რთული გეოგრაფიული რეგიონია. შემიძლია, ვთქვა, რომ მთელი მსოფლიოს მასშტაბით საქართველო ურთულესი საპროგნოზო რეგიონია იმიტომ, რომ მთები, ზღვა, მაღალი მთები - ასეთი მრავალფეროვანი რელიეფი თავისთავად ძალიან რთულ სინოპტიკურ სიტუაციას ქმნის. ამიტომ, საქართველოსთვის გრძელვადიანი პროგნოზის განსაზღვრა მართლა ძალიან რთულია. თუმცა, ახლა მსოფლიოს საშუალოვადიანი პროგნოზირების წევრები ვართ. ბევრი წვდომა გვაქვს ახალ და მნიშვნელოვან პროდუქტთან და იმედი გვაქვს, რომ მოკლე დროში მაღალგამართვიანობას მივუახლოვდებით.