სიახლე მეტროში, რომელიც მგზავრებისთვის ხვალიდან ამოქმედდება
ხვალიდან მეტროსადგური ვარკეთილი თვენახევრით დაიკეტება. ამის შესახებ განცხადება თბილისის მერმა კახა კალაძემ გუშინ გააკეთა.
კერძოდ, მერის თქმით, მეტროსადგური „ვარკეთილი“ სარეაბილიტაციო სამუშაოების მოცულობისა და ტექნოლოგიური სპეციფიკის გათვალისწინებით, მგზავრთა უსაფრთხოების უზრუნველყოფისა და სამუშაოების ვადების შემცირების მიზნით, 12 ივლისიდან 45 დღით წყვეტს მომსახურებას.
„რეაბილიტაციის პერიოდში, სადგური გარკვეული ვადით დაიკეტება და აღნიშნული ტერიტორიიდან, კერძოდ, ჯავახეთისა და ლიზა ნაკაშიძე-ბოლქვაძის ქუჩების გადაკვეთიდან დაწესდება ავტობუსის დროებითი მარშრუტი N174, რომელიც მგზავრებს უახლოეს მეტროსადგურამდე გადაიყვანს.
ავტობუსი იმოძრავებს წრიულად, მეტროსადგურ „სამგორის“ ზედა გასასვლელიდან მეტროსადგურ „ვარკეთილის“ მიმდებარე ტერიტორიამდე და პირიქით.
ბოდიშს გიხდით, შექმნილი დისკომფორტის გამო, რადგან სხვანაირად მსგავსი ტიპის სამუშაოების წარმოება ვერ მოხერხდება,“ - განაცხადა კახა კალაძემ.