“რეალური კრიზისი” დედამიწაზე - გაერო მსოფლიოში შობადობის შემცირების რამდენიმე მიზეზს ასახელებს
გაეროს ბოლო კვლევით, მსოფლიო მასშტაბით შობადობა უპრეცედენტოდ შემცირდა. კერძოდ, პლანეტაზე ყოველ მეხუთე ადამიანს ეკონომიკური და სოციალური პრობლემების გამო სასურველი რაოდენობის შვილის ყოლა არ შეუძლია.
ამის შესახებ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) ახალ ანგარიშში წერია, რომელიც ორგანიზაციის ვებგვერდზე ვრცელდება.
კვლევა, რომელშიც კვლევითი კომპანია YouGov-იც მონაწილეობდა, სხვადასხვა შემოსავლის მქონე 14 ქვეყანაში ჩატარდა, როგორიც, მაგალითად, უნგრეთი და გერმანიაა. გამოიკითხა 14 ათასზე მეტი ადამიანი. ოჯახის შექმნის მთავარ დაბრკოლებად ფინანსური სირთულეები და ცხოვრების მაღალი ღირებულება დასახელდა. ასევე, სხვა ფაქტორებს შორის არის ბავშვზე ზრუნვასთან სამსახურის შეუთავსებლობა, არაეფექტური დემოგრაფიული პოლიტიკა, ჯანმრთელობის პრობლემები და პოლიტიკური არასტაბილურობა.
შობადობის გლობალური დაცემის მთავარი დაბრკოლებები ასეთია:
- ფინანსური შეზღუდვები - რესპონდენტთა 39%
- დაუგეგმავი ორსულობა - 32%
- სასურველზე ნაკლები შვილის ყოლა - 50 წელს გადაცილებული ზრდასრული მოსახლეობის 31%
- სასურველ დროს მშობიარობის შეუძლებლობა - 23%
- სამუშაოს არასტაბილურობა - 21%
- შესაფერისი საცხოვრებლის არარსებობა - 19%
- მომავლის შიში (ომები, პანდემიები, ეკოლოგიური კატასტროფები) – 19%
- პარტნიორი ხელს უშლიდა იმდენი შვილის ყოლაში, რამდენიც სურდათ - 14%
- პარტნიორის სუსტი ჩართულობა აღზრდასა და საოჯახო საქმეებში - 10%
- ბოლო ფაქტორი ქალებმა (13%) უფრო ახსენეს, ვიდრე მამაკაცებმა (8%).
გაეროს პროგნოზით, პარადოქსია, მაგრამ მომდევნო 90 წლის განმავლობაში დედამიწის მოსახლეობა 3.1 მლრდ ადამიანით განვითარებადი ქვეყნების ხარჯზე გაიზრდება, მაშინ, როცა განვითარებულ ევროპასა და იაპონიაში 2050 წლისთვის მოსახლეობა მკვეთრად შემცირდება. ამ დისბალანსს გლობალური მასშტაბით შესაძლოა, სერიოზული დემოგრაფიული და ეკონომიკური შედეგები მოჰყვეს.