როდემდე შენარჩუნდება ევროპაში ექსტრემალური სიცხე? - ივლისის პროგნოზი
ივლისის ამინდის პროგნოზი აჩვენებს, რომ ევროპაში სიცხის ტალღა მცირე შესვენებას იღებს, თუმცა თვის შუა რიცხვებში ამინდის მორიგი სუბტროპიკული მოვლენაა მოსალოდნელი - ამის შესახებ Severe Weather Europe-ს ანალიზშია საუბარი.
10-დღიანი სიცხის ტალღის შემდეგ, რომელიც 2 ივლისს დასრულდა და, ბრიტანული კვლევის თანახმად, 2300 ადამიანის გარდაცვალება გამოიწვია, თვის განმავლობაში ამინდის პირობების დასტაბილურებაა მოსალოდნელი. კერძოდ, თვის პირველ კვირაში ჩრიდლოეთიდან მომავალი ცივი ჰაერის ნაკადის გამო ჩრდილოეთ ევროპის, მათ შორის გაერთიანებული სამეფოს ტერიტორიაზე ტემპერატურაც შემცირდა.
ამავე დროს, ამავე პერიოდში ნორმაზე თბილი ამინდი დაფიქსირდა ევროპის ცენტრალურ, სამხრეთ და დასავლეთ ნაწილებში. პროგნოზის თანახმად, თვის განმავლობაში წვიმიანობა ჩრდილოეთ ბრიტანეთისა და სკანდინავიის, ასევე ალპების ტერიტორიაზეა მოსალოდნელი, ნალექის სერიოზული დეფიციტი კი ბალკანეთის ქვეყნებში შეინიშნება.
გაგრილების ტენდენცია, სავარაუდოდ, მომდევნო კვირაშიც შენარჩუნდება. მოსალოდნელია, რომ ჩრდილოეთ და ცენტრალურ ევროპაში ტემპერატურა ხშირად საშუალოზე დაბალ მაჩვენელბამდეც დაიწევს.
ზუსტი ცნობები, როგორი იქნება ამინდის მდგომარეობა თვის ბოლომდე, ამ პერიოდამდე რამდენიმე დღით ადრე გახდება ცნობილი, რადგან თბური ტალღების პროგნოზირება რთულია, ამინდის პირობები კი - არასტაბილური და, ზოგ ქვეყანაში, სეზონისთვის შეუსაბამო. მიუხედავად ამისა, არსებული მონაცემებით, შეიძლება ითქვას, რომ ევროპამ ივლისის თვის პირველი სიცხის ტალღა უკვე დაძლია.