10-დღიან სიცხის ტალღას ევროპაში 2300 ადამიანი ემსხვერპლა - კვლევა
მწვავე სიცხის ტალღის შემდეგ, რომელიც გასულ კვირას დასრულდა, მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებული გართულებების გამო 12 ევროპულ ქალაქში 2300 ადამიანი დაიღუპა - ამის შესახებ ლონდონის იმპერიული კოლეჯისა და ჰიგიენისა და ტროპიკული მედიცინის სკოლის მეცნიერთა საერთო კვლევაშია საუბარი.
კვლევის ფარგლებში მეცნიერებმა 2 ივლისის ჩათვლით 10-დღიანი პერიოდი შეისწავლეს, რომლის ფარგლებშიც დასავლეთ ევროპის ძირითადი ნაწილი ძლიერ სიცხის ტალღას, 40℃-იან ტემპერატურასა და ტყის ხანძრებს ებრძოდა. კვლევის თანახმად, 2300 ადამიანიდან 1500-ის გარდაცვალება კლიმატის ცვლილებას უკავშირდება, რომლის გამოც თბური ტალღა კიდევ უფრო მწვავე იყო.
"კლიმატის ცვლილების გამო იმაზე მეტად ცხელოდა, ვიდრე ჩვეულებრივ, რის გამოც ჯანმრთელობისთვის უფრო სახიფათოც არის", - განაცხადა ბენ კლარკმა.
კვლევის ფარგლებში განხილულ 12 ქალაქს შორის მოხვდნენ ბარსელონა, მადრიდი, ლონდონი და მილანიც, სადაც, მეცნიერთა მტკიცებით, კლიმატის ცვლილების გამო სიცხის ტალღა 4℃-ით უფრო მაღალი იყო.
მკვლევრებმა გარდაცვლილთა რაოდენობის შესაფასებლად ეპიდემიოლოგიური მოდელები და სიკვდილიანობის ისტორიული მონაცემთა ბაზები გამოიყენეს, რომლებშიც აღრიცხულია სიცხესთან დაკავშირებული გარდაცვალების შემთხვევები, მათ შორის მაღალი ტემპერატურის ზემოქმედება უკვე არსებულ ჯანმრთელობის პრობლემებზე. მეცნიერები მსხვერპლის რაოდენობის დასათვლელად რეცენზირებულ მეთოდებს დაეყრდნენ, რადგან, როგორც წესი, მაღალ ტემპერატურასთან დაკავშირებული გარდაცვალებები არ აღირიცხება.