თეგებით ძიება
17. 07. 2025 სახლი

„თბილისში ლიფტების 90 პროცენტით სარგებლობა არ შეიძლება, სჯობს ამას მიხედონ“ - არქიტექტორი

14 ივლისს, საღამოს, თბილისში, თევდორე მღვდლის ქუჩაზე საცხოვრებელი კორპუსის სახურავის ნაწილი ჩამოინგრა, შემთხვევას 2 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, ხოლო ერთი ქალბატონი სამედიცინო დაწესებულებაშია მოთავსებული. კორპუსის მცხოვრებთა გასახლება დაიწყო, რომლებიც ალტერნატიულ საცხოვრებლებში გადაიყვანეს. თბილისის მერის - კახა კალაძის თქმით, აღნიშნულ კორპუსთან დაკავშირებით არა ერთი შეხვედრა გაიმართა გამგეობის მხრიდან.

დედაქალაქში რომ მძიმე ვითარებაა, კორპუსების ავარიულობის თვალსაზრისით, ამაზე მუდმივად საუბრობენ სპეციალისტები. არქიტექტორი ირაკლი როსტომაშვილი პირდაპირ ამბობს, რომ დიდია საფრთხე და მოუწოდებს ადამიანებს, რომ სწორად შეაფასონ ვითარება.

- მოსახლეობა და ხელისუფლება ერთნაირად დამნაშავეა მომხდარში. ამას ვლაპარაკობ, დაახლოებით, 30 წელია, რომ თბილისში შენობების დიდი ნაწილი ავარიულია, ამას სჭირდება მართვა, როგორც დაავადებას. ზოგი შენობა დაუყოვნებლივ დასანგრევია. პირველ რიგში, შენობებს სჭირდება შესწავლა და დადგენა, რის გამო არის ავარიული. ამის შემდეგ ინიშნება უკვე "მკურნალობა"... ზოგ შენობას აქვს პრობლემა, მეზობლების მიერ თვითნებურად გამოჭრილი კედლების გამო, მიშენების გამო. ზოგი ისეთ პერიოდშია აშენებული, რომ დღევანდელ სტანდარტებს აღარ შეესაბამება.

შემდეგი ეტაპი უნდა იყოს შენობების კლასიფიცირება. ვთქვათ, პირობითად, ნაძალადევის რაიონში ან ლოტკინის მთაზე რაღაც შენობები რომ არის კერძო, ერთსართულიანი და ავარიულია, იმას სხვა მიდგომა სჭირდება და ვთქვათ დადიანზე ან ლეონიძეზე და მსგავს ისტორიულ უბანში მდებარე ქუჩებს სხვა დამოკიდებულება სჭირდება. ერთგან შეიძლება პირდაპირ ბულდორეზით დავანგრიოთ შენობები და ახალი ავაშენოთ, ხოლო ისტორიულ უბნებში კი არქიტექტორები უნდა მივიდნენ და ფუნჯებით, სკალპერებით, ასე თითო-თითოდ, პატარ-პატარა მონაკვეთებით უნდა გაასუფთავონ შენობები. ოღონდ ეს უნდა გააკეთონ პროფესიონალებმა. სანამ ეს სფერო არ ჩაბარდება პროფესიონალებს, ამას არაფერი ეშველება.

ვინმეს რატომ წარმოუდგენია, რომ შეძახილებით და ატირებული სახეებით გადაცემებში მისვლით, ექსპერტების შეფასებებით ამ კატასტროფას რამე ეშველება?! ამბობთ, რამდენიმე წელია, მოსახლეობა ითხოვს დახმარებასო. ჰოდა, რას ითხოვს, ვის სთხოვს, მითხარით? რატომ სთხოვს მოსახლეობა თბილისის მერიას ამას, გამაგებინეთ? მათი საკუთრება ხომ არის ეს ქონება?! წარმოიდგინეთ, მე რომ მანქანა გამიფუჭდეს და მერიას ვთხოვო მისი გარემონტება.

- თქვენ ამბობთ, რომ მერია არ არის პასუხისმგებელი ამ დანგრეულ და ამორტიზებულ შენობებზე?

- ამ შემთხვევაში მერიას პასუხისმგებლობა არის ის, რომ მან უნდა შემოღობოს ავარიული შენობები და თქვას, ამ შენობაში ცხოვრება არ შეიძლება. მერია პასუხისმგებელია იმაზე, რომ თბილისში, ვთქვათ, პირობითად 1500 ლიფტიდან 1200 ლიფტი დღესვე დასალუქია. უნდა მივიდეს იქ და დალუქოს, რადგან არ შეესაბამება იმ სტანდარტს, რაც საჭიროა. ლიფტი გაფუჭებულია, საშიშია, უნდა აიჭედოს და აიკრძალოს იქ შესვლა. მაგრამ ეს რომ თქვას და გააკეთოს, მერე მოსახლეობა დაიწყებს - აბა, რა ვქნათ, მოხუცია სახლში, ფეხით ვერ ივლის და ა.შ. მე უნდა გავუკეთო ეს ლიფტი? მე ვალდებული ვარ, როცა ვმუშაობ, გადავიხადო ბიუჯეტში თანხები, მაგრამ მე რომ ბიუჯეტში ფულს ვიხდი - ჩემი, ირაკლი როსტომაშვილის პოზიციაა - ჩემი ფული მოხმარდეს მაგალითად, ცენტრალური ავტომაგისტრალის მშენებლობას, ახალი აეროპორტის მშენებლობას, ქართული ჯარის გაძლიერებას და ასე შემდეგ და არა თევდორე მღვდლის ქუჩაზე მდებარე კორპუსის რემონტს. ამოვიღოთ ეს კომუნისტური იდეოლოგია თავიდან.

მერიას მივმართეთ, მერია არ გვიკეთებსო, ეს არ არის სწორი - მერიამ უნდა გითხრათ, ეს სახლი ავარიულია და უნდა გახვიდეთ, თუ საშუალება არა გაქვთ, დროებით თავშესაფარს მოგცემთ. შემდეგ უკვე თქვენ იზრუნეთ ამ ბინის შეკეთებაზე ან გაყიდეთ, ან ნახეთ ინვესტორი ან რაღაც სხვა ქენით. აი, ეს არის მერიის ვალდებულება, მაგრამ ჩვენი ამჟამინდელი მერია და ყველა მერია ამას აკეთებს პოპულისტური მიზნებით, რომ მოსახლეობა ნაწყენი არ დარჩეს და არჩევნებზე ხმა მისცეს მის პარტიას.

თუ გიყვარს შენი ქალაქი და რაღაცის გაკეთება გინდა, უნდა მიაყენო ბულდოზერები და დაანგრიო მიშენებები, რადგან ძალიან საშიშია. მართლა ვამბობ - თბილისის მერია მათ, ვისაც მიშენებული აქვს "ლოჯიები", დღესვე უნდა ასახლებდეს. თბილისში ლიფტების 90 პროცენტით სარგებლობა არ შეიძლება. სჯობს ამას მიხედონ. განსაკუთრებით ავარიულია ძველი თბილისი, ისტორიული ზონა. ნაძალადევში, ლოტკინზე, ოქროსუბანსა და მსგავს ადგილებში სახლების 80% თვითნებურად შენდება, რაც ძალზე საშიშია. იმდენად ტრაგიკული მდგომარეობაა დედაქალაქში, რომ უნდა გადადგან არაპოპულარული ნაბიჯებიც. ავარიულ სახლში ადამიანის ცხოვრება არ შეიძლება. აბა, რა ქნან, სად წავიდნენ, ზოგს ბავშვი ჰყავს, ზოგს მოხუცი - ეს არ არის პასუხი. საშინელი სიტუაციაა და ამ პრობლემას მიხედვა სჭირდება. ცალსახად ვამბობ, საშიში სახლებიდან ხალხი უნდა გაიყვანონ. მაგრამ ჩვენთან რომ ჩამოინგრევა სახლი და ტრაგედია მოხდება, შემდეგ დაიწყება გადაცემები ამაზე და არ შველის პრობლემას შეწუხებული სახეებით საუბარი.

შევაძულე ყველას თავი, ამას ვლაპარაკობ სულ. თბილისი ავარიული ქალაქია, ამიტომ ამას სჭირდება სტრატეგიული გეგმა. არ არის ისე, რომ ერთი სახლი გაამაგრო იმიტომ, რომ იქ ვიღაც ნაცნობი ცხოვრობს და არჩევნებზე დაგეხმარა. ეგრე არ კეთდება ასეთი საქმეები. გასაკეთებელია სახელმწიფო პროგრამა, რომელიც მთავრობის დამტკიცებული იქნება და ნაბიჯ-ნაბიჯ მოაგვარებს ამ პრობლემას და არა ისე, რომ ძველი მერის დაწყებული საქმეები რომ გააჩერეს და ახალი რომ დაიწყეს, ახლა სხვა მერი რომ მოვა, ამას გააჩერებს - არ შეიძლება ასე. თანმიმდევრულობა უნდა იყოს ქვეყანაში. ამას არ აკეთებდა არც წინა ხელისუფლება, არც ამ ხელისუფლებას გაუკეთებია, არც ერთი არ აკეთებს რადგან არჩევნებისთვის, ხალხის გულის მოგებისთვის სჭირდებათ დაპირების მიცემა.

თბილისი არის საშიში ქალაქი. თბილისის მოსახლეობა, უდიდესი ნაწილი ცხოვრობს ავარიულ სახლებში. მე არ ვამბობ, რომ ყველა შეიძლება ერთ დღეს დაინგრეს, მაგრამ პრობლემა მწვავეა და მიხედვა სჭირდება. ნებისმიერ ქვეყანაში, როცა სახლი ავარიულია, სახელმწიფოს იქიდან გამოჰყავს ადამიანები და ქუჩაში რომ არ დარჩენ, ზოგჯერ კარვებშიც ასახლებს. შემდეგ ეუბნება - მიხედე შენ თავს, ინვესტორი იპოვე ან თუ თბილისში ვერ ყიდულობ ისევ ბინას, სამტრედიაში იყიდე. მე რომ მანქანა დამიძველდება, ფული უნდა დავამატო და ახალი ვიყიდო ან ისევ ძველი უნდა შევიძინო.

ავარიული სახლებიდან მოსახლეობა უნდა გამოვიდეს, ავარიული ლიფტები უნდა დაიკეტოს, მაგრამ იმავე თევდორე მღვდლის ქუჩაზე რომ მისულიყო მერია და დაეწყო შემოღობვა, შენობიდან ხალხის გაყვანა და ეთქვა, რომ არ შეიძლება აქ ცხოვრება და მიმდებარედ ვაჭრობაო, ატყდებოდა დიდი ამბავი, დაიბარებდნენ ჟურნალისტებს და მიუძღვნიდნენ სიუჟეტებს...

წყარო


თეგები


მსგავსი სიახლეები

რეკომენდირებულია თქვენთვის

ყველა

აღმოაჩინეთ მეტი Tia-დან

ყველა