„სავარაუდოდ, პროცესები მაგ სოფლებთან სარკინიგზო გვირაბების მშენებლობამ გააქტიურა“ - სეისმოლოგი ხარაგაულის მეწყერზე
უკვე თვეზე მეტია, რაც ხარაგაულის ორ სოფელში მეწყრული პროცესები გააქტიურებულია, მოსახლეობის ბედი კი გაურკვეველი. მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, ამ ეტაპზე, გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, სოფლებიდან ხემაღალი და ღვერკი, საცხოვრებელი ფართიდან 21 ოჯახია გაყვანილი.
არსებული ინფორმაციით, პროცესის შედეგად დაზიანებულია სახლები, სახნავ-სათესი სავარგულები და საავტომობილო გზები.
ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიის ინფორმაციით, მეწყრული კერების გეოლოგიური შესწავლა კვლავ მიმდინარეობს, პირველადი დასკვნით კი, მეწყრის მიზეზი ბუნებრივი ტექტონიკური მოძრაობები გახდა.
„რადიო თავისუფლების“ ინფორმაციით, ამ ეტაპზე მონიტორინგის ქვეშ 14 ოჯახია, იმ შემთხვევაში კი, თუ დადგინდა, რომ ხარაგაულის ეს ორი სოფელი საცხოვრებლად აღარ გამოდგება, ჯამში, დაახლოებით 50-მა ოჯახმა უნდა დატოვოს სახლი.
სეისმოლოგი ზურა ჯავახიშვილი „ბიზნესპრესნისუთან“ მეწყრის მაპროვოცირებელ სავარაუდო მიზეზებზე საუბრობს. მისი თქმით, ეს შესაძლოა, უკავშირდებოდეს სარკინიგზო გვირაბების მშენებლობას, რომელიც რამდენიმე წლის წინ დასრულდა.
„გამიჭირდება პროგნოზის გაკეთება, რადგან ჩვენ ადგილზე არ ვყოფილვართ და როგორც ვიცი, იქ კვლევა ჯერ კიდევ მიმდინარეობს. თუმცა, ზოგადად, მეწყრული პროცესები მაგ სოფლებში ისედაც აქტიური იყო. ჩემი აზრით, სავარაუდოდ, მეწყრული პროცესები ზუსტად მაგ სოფლებთან სარკინიგზო გვირაბების მშენებლობამ გააქტიურა. როგორც მახსოვს, 2-3 წლის წინ დასრულდა მაგ ხაზის მოდერნიზაცია, კერძოდ, მოლითიდან ძირულამდე რამდენიმე გვირაბი გაკეთდა. რა თქმა უნდა, ამას მტკიცებით ფორმაში ვერ ვიტყვი, რადგან შესაბამისი კვლევებია საჭირო. თუმცა, სასურველი კი არა, ძალიან აუცილებელია, ასეთი მასშტაბური ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელებამდე, ფერდობების ჩამოჭრამდე, წინასწარ კარგად მოხდეს შესწავლა და შეთავსება.
მე როგორც ვიცი, გარემოს ეროვნული სააგენტოს თანამშრომლები შესაბამის სამუშაოებს ატარებდნენ, იყვნენ ჩასულები და მათ უნდა გაგვცენ კითხვებზე პასუხი, ან კვლევის შედეგები დადონ“,- ამბობს ზურა ჯავახიშვილი.